კოპა ამერიკა 2015-ის ჯგუფების მონაწილეები ცნობილია

AutoSharing Option
2015 წლის ზაფხულს, საფეხბურთო თვალსაზრისით, კოპა ამერიკა გაგვილამაზებს და შეგვივსებს.

ჯგუფური ეტაპის წილისყრას ყველანი დიდი ინტერესით ველოდით და საბოლოოდ, ნაკრებები გადანაწილდნენ კიდეც. ნამდვილად საინტერესო სურათი მივიღეთ.

A ჯგუფში ტურნირის მასპინძელი ჩილე, მიგელ ერერას მექსიკა, ეკვადორი და ბოლივია მოხვდნენ. B ჯგუფის ბინადრები არგენტინა, ურუგვაი, პარაგვაი და იამაიკა არიან; ხოლო C ჯგუფში თავი ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პერუმ და ვენესუელამ მოიყარეს.

შეჯიბრება 11 ივნისს სანტიაგოში, "ესტადიო ნასიონალ დე ჩილეზე" დაიწყება და იქვე 4 ივლისს დასრულდება. როგორც იცით, შემდეგ ეტაპზე თითო ჯგუფიდან ორ-ორი გუნდი და
პლუს ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა. თანაბარქულიანობის შემთხვევაში, პირველი კრიტერიუმი ბურთების საერთო სხვაობა იქნება, მეორე კი უშუალოდ გატანილი გოლების რაოდენობა. ამ ყველაფრის დამთხვევის შემთხვევაში იღბლიან გამარჯვებულს კენჭისყრა გამოავლენს.

"კონმებოლის" 10 ნაკრების გარდა, ტურნირში მონაწილეობისთვის მექსიკა და იაპონია დაპატიჟეს. მექსიკელებმა მოწვევა სიამოვნებით მიიღეს, ხოლო იაპონიამ ამჯერად უარი განაცხადა. სანაცვლოდ, მიწვეულ იქნა ჩინეთი, რომელსაც თამაში კი უნდოდა, მაგრამ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შესარჩევი მატჩები კოპა ამერიკას ემთხვევა და ჩინელების ვარიანტიც გამოირიცხა. საბოლოო ჯამში, მეორე მიწვეული გუნდი იამაიკა გახდა.

შეგახსენებთ, რომ წინა, ანუ 2011 წლის სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატს არგენტინამ უმასპინძლა და იქ ურუგვაიმ იმარჯვა, რომელიც კონტინენტის უძლიერესის სტატუსს ყველაზე მეტჯერ, 15-ჯერ ფლობს, ურუგვაელებმა სწორედ არგენტინას გადაასწრეს. მაშინ მათ ფინალში პარაგვაის სძლიეს, რომელსაც არგენტინელთა ამჟამინდელი თავკაცი ხერარდო მარტინო წვრთნიდა. ურუგვაის, პარაგვაისა და მარტინოს გზები ამჯერადაც გადაიკვეთება. ამ სამეულთან ერთად ჯგუფში სტუმრის სტატუსით მყოფი იამაიკაა.

მეორე დაპატიჟებული ნაკრები მექსიკა, რომელიც დიდ მოწონებას იმსახურებს, ასევე სიმპათიურ ჩილესთან ერთად A ჯგუფის ფავორიტად გვევლინება, მაგრამ ეკვადორი და ბოლივია იქ უქმად ყოფნას არ აპირებენ.

არანაკლებ საინტერესო ბრძოლა იქნება C ჯგუფში, სადაც ბრაზილიისა და კოლუმბიის მუნდიალური დუელის რემატჩს ვიხილავთ. პერუ და ვენესუელა კი ფავორიტებთან გაჯიბრებას შეეცდებიან.

საინტერესოა, რომ ჩილე მეშვიდედ უმასპინძლებს ამ ტურნირს და ამ ნაკრებს ჯერ არც ერთხელ არ მოუგია კოპა ამერიკა, რაც ცოტა არ იყოს, უცნაურია. ბევრის აზრით, ჩილელებს ამჟამად ისტორიაში საუკეთესო გუნდი ჰყავთ და მათზე დიდი ზეწოლა იქნება მოლოდინის, პუბლიკა გამარჯვებას მოითხოვს.

არგენტინას კოპა ამერიკა 20 წელიწადზე მეტია, 1993 წლის მერე არ მოუგია და "ალბისელესტესგანაც" მოგებას ელიან; ხოლო ბრაზილიას, რომელიც მხოლოდ 8-ჯერ არის კოპა ამერიკის გამარჯვებული, მსოფლიოს ჩემპიონატზე გაწბილებული ფანების გახარება მართებს. ხოლო ურუგვაის, სამწუხაროდ, ლუის სუარესი არ ეყოლება, რომელმაც როგორც იცით, ჯორჯო კიელინის კბენისთვის 9-მატჩიანი სანაკრებო დისკვალიფიკაცია მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული