იულიან დრაქსლერი - ჭირვეულის მორჯულება?

AutoSharing Option
ტრანსფერი
საიდან სად: ვოლფსბურგი-პსჟ
სატრანსფერო თანხა: 42 მილიონი ევრო
ხანგრძლივობა: 4 წელიწადი
ხელფასი: თვეში 1 მილიონი ევრო

წვიმს. სრულდება "ვოლფსბურგის" ვარჯიში. მწვრთნელმა წამის წინ მისცა შეგირდებს დასვენების საშუალება. ფეხბურთელები ჯერ ისევ მინდორზე არიან. ამ დროს კი იულიან დრაქსლერი ძალიან სწრაფად გადის მინდვრიდან.

დრაქსლერს გულშემატკივარი ელოდება. მას აქვს ბანერი, რომელსაც "თხემით ტერფამდე ვოლფსბურგელი" აწერია. ბიჭს იმედი აქვს, რომ დრაქსლერი მას ხელს მოუწერს ამ ბანერზე. არადა, იულიანი მას ხელს არ უწერს. ბიჭი მეზობლად მდებარე პატარა ქალაქიდანაა. მან არ იცის, რომ ბოლო დროს
იულიანს მაგრად გაუფუჭდა ხასიათი.

სამი დღის შემდეგ "ვოლფსბურგი" ნადგურდება გასვლაზე მიუნხენის "ბაიერნთან". დრაქსლერი ჯანმრთელადაა და ამის მიუხედავად, ის ვერ ხვდება გუნდის განაცხადში. რატომ მოხდა ასე? დრაქსლერს უკვე გადაწყვეტილი აქვს "მგლების" დატოვება. "პარი სენ-ჟერმენმა" გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 36 მილიონი ევრო გაამზადა.

23 წლის დრაქსლერს საფეხბურთო ტალანტს ვერავინ დაუწუნებს. ცუდი ისაა, რომ ბიჭს მაინცდამაინც კარგი ხასიათი არ აქვს. ის ბოლო დროს მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნითღა თამაშობდა "ვოლფსბურგში". გუნდი სულაც აღარ იყო ისეთი ამბიციური, როგორიც ცოტა ხნის წინათ.

2014-15 წლების სეზონში "ვოლფსბურგი" ძალიან კარგი გუნდი იყო. ზედმეტად კარგიც კი. სწორედ ამ გუნდში ჩამოყალიბდა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავად ბელგიელი კევინ დე ბრუინი.

ამ ფორმაციის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მაგრად ებრძოლა მადრიდის "რეალს" და სულ ბოლოს გატყდა. პროგრესი თითქოს, უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ მოხდა პირიქით. ამ დროისათვის ამბიციური პროექტი, სახელად "ვოლფსბურგი", ჩაყვინთულია.

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ "ვოლფსბურგის" მთავარ სპონსორ "ფოლკსვაგენს" ბოლო დროს ფეხბურთისათვის მაინცდამაინც არ სცხელა. ის შეაზანზარა "დიზელგეიტმა", რის შემდეგაც ავტოკონცერნი იძულებული გახდა, საგრძნობლად შეემცირებინა ხარჯები და დაეთხოვა 23 ათასი თანამშრომელი.

კლაუს ალოფსმაც აურია. გუნდის სპორტულმა დირექტორმა. აურია ისე, როგორც თავის დროზე "ვერდერში". დაიშალა ტრიო. გუნდი დატოვეს დე ბრუინმა და შურლემ. მათ გარდა, წავიდნენ დოსტი, ნალდო, დანტე... ბევრმა იუარა ფინანსურად შეჭირვებულ კლუბში გადასვლა.

გუნდიდან წავიდა მთავარი მწვრთნელი დიტერ ჰეკინგი. კარისაკენ მიუთითეს კლაუს ალოფსს და ეს მოხდა ალოფსის დაბადების დღეზე. მოკლედ რომ ვთქვათ, გუნდში მიმდინარე პროცესებისა და თავისი რთული ხასიათის გამო ახალგაზრდა, ნიჭიერმა ფეხბურთელმა თამაშის სურვილი დაკარგა.

გულშემატკივრებს ვერაფერს გამოაპარებ. ისინი მშვენივრად ერკვევიან საფეხბურთო ნიუანსებში. ქომაგები ძალიან კარგად მიხვდნენ, რომ დრაქსლერს აღარ უნდოდა "მგლების" შემადგენლობაში თამაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის განვლილი ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა ასე არ დაეშვებოდა.

მიმდინარეობს "ვოლფსბურგისა" და "ჰერტას" შეხვედრის 78-ე წუთი. დრაქსლერი შეცვლაზე შედის. გულშემატკივრები სტვენენ. ამ სტვენაში ფეხბურთელის დიდი სიძულვილი იგრძნობა. გულშემატკივარი და მეტადრე გერმანელი გულშემატკივარი არ გაპატიებს, როცა მას ატყუებ.

"ჩემი აზრით, რაც დღეს მოხდა, ეს არ ალამაზებს ფეხბურთს. პირიქით, ეს ძალიან ცუდია, თუმცა მე პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ რაც მოხდა, მე ამას ველოდი", - იტყვის თამაშის დასრულების შემდეგ "ვოლფსბურგის" მთავარი მწვრთნელი ვალერიან ისმაელი.

მოკლედ, დრაქსლერი უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც. მის კარიერაში ახალი ეტაპი იწყება. ფრანგებს ფული არ უჭირთ. საბოლოო ჯამში, "მგლებმა" დრაქსლერი 42 მილიონ ევროდ დათმეს. ამ ფულით ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება. ეგაა, გერმანულ გუნდს დრაქსლერს ვერავინ დაუბრუნებს.

რაში სჭირდება "სენ-ჟერმენს" გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი? ისე ჩანს, რომ მაღალი მიზნებისათვის მებრძოლ გუნდს უნდოდა, რაღაც სიახლე შეეტანა თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პარიზულ კლუბში არაერთი ვარსკვლავია და მათ ძალიან სჭირდებათ გამოცოცხლება. სჭირდებათ მეტი კონკურენცია. შეტევაში კონკურენცია აუცლებლად გაიზრდება. დრაქსლერს ხასიათი არ უვარგა, თორემ ერთი ვაგონი ამბიცია აქვს.

"პარი სენ-ჟერმენს" სტაბილური დრაქსლერი სჭირდება. ისეთი, რომელიც, ვთქვათ, ხუთიდან ორ თამაშს კი არ ითამაშებს, არამედ ხუთიდან ხუთს. ასეთ შემთხვევაში ფრანგული გრანდი მიიღებს სერიოზულ სარგებელს და თუნდაც ევროასპარეზზე მისი წაქცევა ერთიორად რთული იქნება.

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი მიიჩნევს, რომ დღეს მსოფლიოში მისი შეგირდის გაქანების ფეხბურთელი ბევრი არაა.

"დრაქსლერს განსაკუთრებული ნიჭი აქვს. მას შეუძლია, ნებისმიერ წამს აფეთქდეს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩიხში ჩააყენებს მოწინააღმდეგის დაცვას. მე ვიტყოდი, რომ ის ძალიან არაორდინარული ფეხბურთელია", - მიიჩნევს ლიოვი.

შედგება პარიზში ჭირვეულის მორჯულება?

დოსიე
იულიან დრაქსლერი
დაიბადა: 1993 წ. გლადბეკი (გერმანია)
ამპლუა: შემტევი ნახევარმცველი
კარიერა: 2011-15 - შალკე; 2015-16 - ვოლფსბურგი; პსჟ - 2017-დან
გერმანიის ნაკრები: 27 თამაში, 3 გოლი
ტიტულები: მსოფლიოს ჩემპიონი - 2014; გერმანიის თასი - 2011; გერმანიის სუპერთასი - 2011.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული