ხესე როდრიგესი: პარიზში, მადრიდული გულით

AutoSharing Option
ხესე როდრიგესი, "რეალის" აღზრდილი და "სამეფო კლუბის" ქომაგთა ჯილა გადავიდა "პარი სენ-ჟერმენში". ხუთწლიანი კონტრაქტითა და დიდზე დიდი იმედებით. ხესე "რეალის" ძირითადთან ახლოს იყო, მაგრამ როცა კონკურენტებად კრიშტიანო რონალდო და გარეთ ბეილი გყავს, ცოტა რთულია ოცნება მუდმივ სათამაშო პრაქტიკაზე.

"სენ-ჟერმენში" ხესესაგან ბევრს ელიან. მთლად "მანჩესტერში" წასული ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეცვლას არა, მაგრამ მაინც ბევრს. ხესეს მართლაც ბევრი შეუძლია. მთავარია, "რეალში" ფეხის ვერმოკიდება დიდ ტვირთად არ დააწვეს.

"რომ არა "რეალი", მე ფეხბურთელი არ ვიქნებოდი. ამ გუნდმა მომცა ყველაფერი და მე მისი უზომოდ მადლიერი
ვარ. სადაც უნდა ვთამაშობდე, ვრჩები "რეალის" გულშემატკივრად. ეს ბუნებრივიცაა - მე ხომ "ბერნაბეუზე" გავიზარდე", - ამბობს ხესე.

ზლატანი წავიდა, ხესე მოვიდა. ისინი ერთი პოზიციის ფეხბურთელები არ არიან, მაგრამ ფეხბურთში ასეა - ძალაუნებურად ყოველთვის ჩნდება ასოციაცია.
"ზლატანი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, გუნდისათვის დიდი დანაკლისია მისი წასვლა, მაგრამ ჩვენ ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის ღირსეულად შევცვალოთ. რაც შემეხება მე, არანაირ ტვირთს არ ვგრძნობ ზლატანის გამო. მე აქ იმიტომ ვარ, რომ ის ფეხბურთი ვითამაშო, რომელსაც ხესე თამაშობს", - ამბობს ესპანელი.

"სენ-ჟერმენს" ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც კლუბის სალარო არაბული მილიონებით შეივსო, ყოველთვის მაღალი მიზნები აქვს. საფრანგეთის ჩემპიონობა უკვე რიგითი ტიტულია კლუბისათვის.

ჩემპიონთა ლიგაზე კი "სენ-ჟერმენს" ჯერ არ "გაუსვრია". შეძლებს თუ არა გუნდი ამას? გასულ სეზონში ხესემ "რეალთან" ერთად ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მოიგო.

"ჩემპიონთა ლიგას რომ იგებ, ეს ენითაუწერელი ბედნიერებაა. მე არასოდეს დამავიწყდება ის ტრიუმფი. ჩემპიონთა ლიგაზე არაერთი ძლიერი გუნდია, მაგრამ რატომაც არა? ჩემს ახალ კლუბთან ერთად გამარჯვება იქ მართლაც შესანიშნავი იქნებოდა. მთავარია, ბოლომდე ირწმუნო საკუთარი თავის და დაიჯერო, რომ ეს შენ შეგიძლია. დანარჩენი პრობლემა არ არის. ფეხბურთში ყველაფერი ხდება", - ასრულებს ხესე.

დოსიე
ხესე როდრიგეს რუისი
დაიბადა: 1993 წ. ლას პალმასი (ესპ)
ამპლუა: ფორვარდი
კარიერა: რეალი - 2011-16; პსჟ - 2016-დან
ესპანეთის ნაკრები: ჯერ არ უთამაშია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული