"ფეხბურთს 11 მოთამაშე თამაშობს და არა 10, მეკარეც გუნდის სრულფასოვანი წევრია"

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. სხვა დროს ეს წარმატებად ჩაითვლებოდა, მაგრამ ახლა - არა: ევრო 2016 ხომ საფრანგეთში გაიმართა და "ლე ბლე" ფინალში აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა. მიუხედავად ამისა, გუნდის გოლკიპერისა და კაპიტნის, უგო ლორისის თამაშს არაფერი დაეწუნებოდა.

დღეს სწორედ მასთან ინტერვიუს გთავაზობთ.

- რამ გადაგაწყვეტინათ მეკარეობა?
- ცოტა სახალისოც კი არის, მაგრამ ეს ბუნებრივად მოხდა. ჯერ ტელევიზორში ფეხბურთი ნანახიც არ მქონდა კარში რომ ჩავდექი. ბავშვობაში უფრო ჩოგბურთს ვთამაშობდი და ხანდახან ბურთაც ვაგორებდი. მეკარეობით თავიდანვე დავინტერესდი, პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და მინდოდა გუნდისთვის
რაღაცით სასარგებლო ვყოფილიყავი.

გოლკიპერობამ დასაწყისიდანვე ისე მომხიბლა, როგორც პეტერ შმეიხელი და ფაბიან ბარტეზი. თამაში დიდად კარგად არ გამომდიოდა, მაგრამ ვცდილობდი. სამაგიეროდ, როგორც გოლკიპერი თავს უკეთ და განსხვავებულად ვგრძნობდი.

- ანუ მიგაჩნიათ, რომ მინდვრის ფეხბურთელობაც შეგეძლოთ გამოგსვლოდათ?
- მცდელობა მქონდა. კარიდანაც ხშირად გამოვდიოდი ხოლმე. ხანდახან შვიდი-შვიდზე ვთამაშობდით და ამ შემთხვევაში ისედაც მიწევდა ხოლმე კარიდან გამოსვლა, ხანდახან მეტოქის მეკარეს ვურტყამდი ხოლმე კიდეც. მაშინ დაახლოებით 7-8 წლის ვიყავი. მერე კი როდესაც "ნიცაში" გადავედი, დომინიკ ბარატელიმ პირდაპირ კარში მიმიჩინა ადგილი. მაშინ 10 წლის გახლდით და სწორედ აქედან დაიწყო ჩემთვის ყველაფერი სერიოზულად.

- როდის გაიაზრეთ, რომ პროფესიონალი მეკარე გახდებოდით და წარმატებული კარიერა გექნებოდათ?
- თავდაპირველად ვცდილობდი სკოლასა და ფეხბურთს შორის ბალანსი მეპოვნა. მაშინ სწავლა ჩემთვის პირველ ადგილზე იყო. "ნიცაში" პირველი შანსი 18 წლისამ მივიღე. ჯერ ლიგის თასზე მათამაშეს, მერე საფრანგეთის თასზე და ბოლოს, როგორც იქნა, ჩემპიონატში. ამის მერე ყველაფერი შეიცვალა.

- ბარტეზმა თქვა, რომ მეკარეები ისეთ დაფასებას ვერ იღებენ, როგორიც ეკუთვნით. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- შესაძლოა, მის დროს ასე გახლდათ, მაგრამ არ ვთვლი, რომ ახლაც იგივე სიტუაციაა. სწორედ თავად ბარტეზმა შეიტანა არცთუ მცირე წვლილი იმაში, რომ გოლიპერებზე წარმოდგენა შეიცვალა და მეკარეობის სტილი გარდაიქმნა. ფაბიენს ბუთთან ხშირი შეხება უყვარდა და გამოსდიოდა კიდეც.

თანმედროვე ფეხბურთი უკვე სხვაგვარია და მეკარეებს აქტიური მონაწილეობის მიღება უწევთ ბურთის გათამაშებაში. ჩვენ "ტოტენჰემშიც" ბევრს ვმუშაობთ ამაზე. დიდი მნიშვნელობა აქვს შეტევის წამოწყებაში გოლიპერების მონაწილეობას. ჩვენ გრძელი გადაცემების გაკეთებას ვერიდებით და ბურთის "ატანას" ვცდილობთ.

შესაბამისად, მეკარე მუდამ კონცენტრირებული უნდა იყოს, რადგან გარკვეულ რისკებზე უწევს წასვლა და შეცდომა არ უნდა დაუშვას. გოლკიპერებიც კარგად უნდა თამაშობდნენ ბურთით და თუ საჭიროა, გამოდიოდნენ კიდეც კარიდან, მწვრთნელებიც ამას ითხოვენ.

ფეხბურთს 11 მოთამაშე თამაშობს და არა 10, მეკარეც გუნდის სრულფასოვანი წევრია.

- რომელ მეკარეს გამოარჩევდით თანამედროვე გოლკიპერებიდან?
- ჯანლუიჯი ბუფონს, ის ცოცხალი ლეგენდაა. იგი მისაბაძი ფიგურაა, რადგან წლების განმავლობაში სტაბილურად და დიდებულად თამაშობს. ის კარიერის ნებისმიერ პერიოდში გამორჩეული გახლდათ და მეკარეობაზე ზოგადად დიდი გავლენა მოახდინა.

38 წლის ასაკშიც კი, ბუფონი შეუდარებელია. თაობები გამოიცვალა, სათამაშო სტილი შეიცვალა, ის კი ისევ პირველი ნომერია, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში. კიდევ ერთი გამორჩეული გოლკიპერი "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი კარის დარაჯი დავიდ დე ხეაა და აგრეთვე მანუელ ნოიერი და რასაკვირველია, ტიბო კურტუა, რომელიც ასევე უნდა ჩავწეროთ ამ სიაში. ბევრი სხვა ძალიან კარგი მეკარეა, რომლებიც ჩემთვის სამაგალითონი არიან.

- დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრების გამორჩეული ლიდერი გახლდათ. ახლა თქვენ ხართ კაპიტანი და თქვენთვის ის ერთგვარი შთაგონების წყარო და მისაბაძი ხომ არ არის ლიდერობის მხრივ?
- დღესდღეობით, იგი ნაკრების მწვრთნელია და შესაბამისად, სხვაგვარი მიდგომა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ჩინებული ლიდერი გახლდათ.

მისი ფუნქცია ახლა ცოტა სხვაგვარია. უნდა სცადო, რომ ყველასგან კარგი აიღო და შემდეგ ეს შენებურად გამოიყენო. დეშამი ფანტასტიკური კაპიტანი გახლდათ, ისევე, როგორც მიშელ პლატინი და ისინი, ვინც იქამდე იყვნენ. ისინი თავიანთ სათამაშო წლებში ბრწყინავდნენ და სწორედ მათი დამსახურებითაა საფრანგეთის მაისურით თამაში ასე განსაკუთრებული.

- კაპიტნობა ყოველთვის გსურდათ?
- როდესაც ახალგაზრდა ვიყავი - არა. ყველა მეკარე ცოტათი ისედაც კაპიტანია, რადგან საკუთარ საჯარიმოში ბატონ-პატრონია და თავის ნახევარზეც, მცველებისთვის მუდამ მითითებების მიცემა უწევს.

მე "ლიონის" ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი ვიყავი, ასევე "ტოტენჰემში" მოვირგე სამკლავური და ახლა რაღაც პერიოდია, ნაკრებს ვკაპიტნობ. როგორც ჩანს, მაქვს რაღაც თვისება, რომელიც მწვრთნელებს მოსწონთ და აფასებენ. თუმცა ჩემი მიზანი კაპიტნობა არასდროს ყოფილა.

რასაკვირველია, არსებობს ზოგადი კრიტერიუმები და ერთ-ერთი მათგანი სხვებისთვის მაგალითის მიცემაა და მე ახლა, როგორც ერთ-ერთი ვეტერანი და გამოცდილი მოთამაშე, ახალგაზრდებისთვის ერთგვარად სამაგალითო ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 29 წლის გახლავართ.

- საფრანგეთის ნაკრებში ბევრი ახალი სახეა, განსაკუთრებით თავდასხმაშია დიდი არჩევანი. რას ითხოვთ და ელით ამ ახალი მოთამაშეებისგან?
- ფეხბურთი, საზოგადოება, ცხოვრების სტილი... ყველაფერი იცვლება და შესაბამისად, ვერც შენ დარჩები უცვლელი. როდესაც ჩემი კარიერა დაიწყო, სოციალური მედია და მსგავსი რაღაცები საერთოდ არ არსებობდა. ადამიანებს კონტაქტი ძირითადად პირისპირ ჰქონდათ, რესტორანში, ჭიქა ყავის თანხლებით.

მე მივიღე, რომ დღეს სოციალური მედია და ზოგადად, ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ერთმანეთთან კომუნიკაცია ძველებურადაც შეიძლება და საჭიროა, ეს ახალგაზრდებმაც უნდა გაითვალისწინონ. ამ ყველაფერმა ჩვენზე დიდი გავლენა არ უნდა მოახდინოს.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მედია ჩვენს თითოეულ ნაბიჯსა და ქმედებას აშუქებს და ყურადღებით უნდა ვიყოთ. აგრეთვე ყველამ უნდა გაითავისოს, რომ "ლურჯების" რიგებში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა.

ნაკრებში გამოძახება მთავარ სირთულეს არ წარმოადგენს, მთავარი იქ ადგილის შენარჩუნება და ნაკრებში დარჩენაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული