ლიგა 1. ბოლო ტურის წინ: "მონაკო", "მარსელი" თუ "სენტ ეტიენი"?

AutoSharing Option
ლიგა 1-ში გასარკვევი დარჩა, ვინ გავა მესამე ადგილზე და შესაბამისად, ვინ მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს.

ყველაფერი "მონაკოს" ხელშია - ლეონარდო ჟარდიმის კლუბი გამარჯვების შემთხვევაში, მესამე პოზიციას შეინარჩუნებს, მაგრამ "ლორიანის" გასვლაზე დამარცხება ადვილი საქმე როდია.

მართალია, ბრეტანელები უმოტივაციოდ არიან, მაგრამ მონეგასკებისთვის ეს შეიძლება უარესიც იყოს, რადგან "ლორიანი" თავისუფლად ითამაშებს, თანაც კარგ ფორმაშია - უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 3 მოგება და 2 ფრე.

თუ "მონაკო" ვერ მოიგებს, ამ შემთხვევაში საუკეთესო შანსი "მარსელს" აქვს, რომელიც თანაბრქულიანობის შემთხვევაშიც უშუალო კონკურენტებს აჯობებს, რადგან საგრძნობლად
უკეთესი ბურთების სხვაობა აქვს და "ბასტიასთან" საკუთარ "ველოდრომზე" უბრალო გამარჯვება ეყოფა.

მარსელო ბიელსას გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა და თუ ახლა მხოლოდ ევროპალიგის საგზურის ამარა დარჩება, ფანებს ძალიან არ ესიამოვნებათ. თუმცა ფაქტია, რომ მარსელელები მარტო საკუთარ თავზე დამოკიდებულნი არ არიან.

რაც შეეხება "სენტ ეტიენს", ამ გუნდის შანსი ყველაზე მცირეა. "მწვანეებს" სჭირდებათ, რომ "მარსელმა" და "მონაკომ" ვერ მოიგონ, ხოლო თავად საკუთარ კედლებში უნდა აჯობოს "გენგამს".

იმ შემთხვევაში, თუ მარსელელები ვერ მოიგებენ, ხოლო მონეგასკები თავის მატჩს ფრედ დაასრულებენ, "სენტ ეტიენმა" მინიმუმ, 4-ბურთიანი სხვაობით უნდა იმარჯვოს. კრისტოფ გალტიეს ახლა ალბათ, ძალიან მწარედ ახსენდება "ბასტიასთან" საგარეო მარცხი ან ათკაციან "ლიონთან" ვერმოგებული დერბი... უფრო შორს რომ აღარ წავიდეთ.

"ევიანი", "მეცი" და "ლანსი" გავარდნილები არიან. ხოლო ალექსანდრ ლაკაზეტი საუკეთესო ბომბარდირი გახდება, მას უახლოეს მდევართან 6-ბურთიანი უპირატესობა აქვს.

ჩემპიონი "პარი სენ-ჟერმენი" კი ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონს "რეიმსთან" საშინაო შეხვედრით დაასრულებს. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრა ლორან ბლანს ჯერ კიდევ წინ აქვს - 30 მაისს "ოსერთან" საფრანგეთის თასის ფინალში.

საფრანგეთი. ლიგა 1. ბოლო ტური
23 მაისი
ბორდო-მონპელიე 23:00
კაენი-ევიანი 23:00
ლანსი-ნანტი 23:00
ლორიანი-მონაკო 23:00
მარსელი-ბასტია 23:00
მეცი-ლილი 23:00
პსჟ-რეიმსი 23:00
რენი-ლიონი 23:00
სტ. ეტიენი-გენგამი 23:00
ტულუზი-ნიცა 23:00

ბომბარდირები: 27 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 21 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 19 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 16 - ედინსონ კავანი (პსჟ), კლაუდიო ბოვიუ (გენგამი); 15 - მაქს გრადელი (სენტ ეტიენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული