საფრანგეთი. ლიგა 1. XXV ტური: იბრას ცალი ფეხით მეტი გააქვს

AutoSharing Option
"ლილმა" საქმე გაირთულა
"პარი სენ ჟერმენმა" ძალიან ადვილად მოინელა "ვალანსიენი", ჩემპიონთა ლიგაზე "ლევერკუზენისთვის" ძალებიც შემოინახა და კარგ გუნებაზეც დადგა. მშვენივრად გამოიყურებოდა ესეკიელ ლავეცი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ბიძა მოუკლეს. სწორედ არგენტინელის გოლით მოიგო ლორან ბლანის გუნდმა პირველი ტაიმი, ხოლო მეორის დებიუტში თავის მონაგარს ერთი გოლი დაამატა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელსაც ასისტენტობა კლუბის ახალწვეულმა იოან კაბაიმ გაუწია. ბლანი მაინც არ იყო ბოლომდე კმაყოფილი და თამაშის მერე, უნდა მოვუმატოთო, გაიძახოდა.

ზედმეტი ნერვიულობის გარეშე მოიგო "მონაკომაც". მატჩის გმირი ჯეიმს როდრიგესი გახდა. ახალგაზრდა კოლუმბიელი ტალანტი
საგოლე გადაცემებიდან გოლების გატანაზე გადაერთო და დუბლი შეასრულა. თუმცა კლაუდიო რანიერი ისევ ხედავს თავისი გუნდის თამაშში ხარვეზებს და ფრთხილობს როდრიგესთან მიმართებაშიც. იტალიელს, ალბათ, იმის ეშინია, რომ ზედმეტი ქებით "პორტუს" ყოფილ შემტევს შეიძლება "ვარსკვლავური დაავადება" შეეყაროს.

"ჟურნალისტებს გიყვართ როდრიგესის იბრაჰიმოვიჩთან შედარება, მაგრამ ამას არ ვეთანხმები. ჯეიმსი ამ სეზონში დაახლოებით 10 გოლს გაიტანს, ანუ იმდენს, რამდენსაც იბრაჰიმოვიჩი ცალი ფეხით"
- განაცხადა რანიერიმ.

"ევიანმა" "ვალანსიენის" წაგებით ისარგებლა და გასავარდნ ზონასთან სხვაობა ქულით გაზარდა. შეეძლო 8-მატჩიანი მოუგებელი სერია შეეწყვიტა, მაგრამ ცუდ ფორმაში მყოფ "ლილს" მშველელად შეცვლაზე შესული რაიან მენდეში მოევლინა, რომელმაც ანგარიში 93-ე წუთზე გაათანაბრა. თუ ასე გაგრძელდა, ლილელები მესამე ადგილს მალე დაკარგავენ.

"ლიონმა" კონკურენტების მძიმე მატჩებით ისარგებლა და როგორც მოსალოდნელი იყო, "აიაჩოს" მოუგო. თუმცა რემი გარდის გუნდს ბოლო წუთებში ცოტა ნერვიულობა მოუხდა. ალექსანდრ ლაკასეტი ამჯერად საგოლე პასით შემოიფარგლა. მის ნაცვლად გამოსულმა ჯიმი ბრიანმა კი გოლს პლუს პასი "გამოაცხო". თავისი მეათე გოლი გაიტანა ბაფეტიმბი გომისმა.

უხვგოლიანობა ბრეტონიაში
უხვგოლიანი გამოდგა რენში გამართული მატჩი, რომელსაც მასპინძლები ზამთარში მოყვანილი ოლა ტოივონენის გოლებით ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ბოლო წუთზე რემი კაბელიამ შეცვლაზე შემოსულ სულეიმან კამარას გაატანინა და როლან კურბისმა ჩემპიონატში წაუგებელი სერია 7 მატჩამდე გაზარდა. არადა, "რენი" დომინირებდა და მასპინძლები ძალიან გულდაწყვეტილები დარჩნენ.

ოთხი გოლი გავიდა ბრეტონიაში გამართულ მეორე დაპირისპირებაშიც. ალენ ტრაორემ ძალიან უხეშად ითამაშა აბელ აგილარის წინააღმდეგ და 24-ე წუთზე "ლორიანი" უკვე 10 კაცით დარჩა. მიუხედავად ამისა, ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა წინ გასვლა შეძლეს. თუმცა მეორე ნახევარში ალენ კაზანოვას გუნდმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და მატჩი მოაბრუნა - 1:3.

შეუპოვრად ეჭიდება ხავსს "სოშო". "ოგუსტ-ბონალი" სიხარულისგან კინაღამ დაიქცა, როდესაც სებასტიან რუდეს პასით 84-ე წუთზე სტოფირა სუნზუმ გაიტანა.

ლიგა 1. XXV ტური

პსჟ-ვალანსიენი 3:0
გოლები: 1:0 ლავეცი (18), 2:0 კაბაი (50), 3:0 კაგელმახერი (52-ს.კ.)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, დინი - კაბაი, ტიაგო მოტა (65. რაბიო), პასტორე - მენეზი, ლავეცი (75. ვერატი), იბრაჰიმოვიჩი (64. ლუკასი)

ბასტია-მონაკო 0:2
გოლები: 0:1 როდრიგესი (45), 0:2 როდრიგესი (77)
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - ფაბინო, იზიმატ-მირენი, რ. კარვალიო, კურზავა - მოუტინიო, ტულალანი, კონდოგბია - როდრიგესი (90+3. დირარი), ჟერმენი (90. მარტიალი), რივიერი (68. ოკამპოსი)

ნიცა-ნანტი 0:0

ლორიანი-ტულუზი 1:3
გოლები: 1:0 ლოტუა (41), 1:1 ბენ იედერი (60), 1:2 ორიე (73), 1:3 ბრეიტვეიტი (83)
გაძევება: ა. ტრაორე (24. ლორიანი)

რეიმსი-ბორდო 1:0
გოლი: 1:0 დე პრევილი (64)

რენი-მონპელიე 2:2
გოლები: 1:0 ტოივონენი (10), 1:1 კონგრე (54), 2:1 ტოივონენი (65), 2:2 ს. კამარა (90)

სოშო-გენგამი 1:0
გოლი: 1:0 სუნზუ (84)

ლიონი-აიაჩო 3:1
გოლები: 1:0 ფოფანა (43), 2:0 ბრიანი (68), 2:1 ოლიეჩი (81), 3:1 გომისი (90)
ლიონი (4-3-3): ენტონი ლოპეში - მიგელ ლოპეში (84. ტოლისო), ბიშევაცი, უმტიტი, ბედიმო - ფერი (75. კონე), გონალონი, ფოფანა - ლაკასეტი, გრენიე, გომისი (52. ბრიანი)

ევიანი-ლილი 2:2
გოლები: 1:0 ბერიჟო (15), 1:1 ორიჯი (23), 2:1 მონგონგუ (64-პენ.), 2:2 რაიან მენდეში (90+3)

სტ. ეტიენი-მარსელი 1:1
გოლები: 0:1 ნკულუ (64), 1:1 ბრანდაო (92)

ბომბარდირები: 19 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 13 - ედინსონ კავანი (პსჟ), ალექსანდრ ლაკასეტი (ლიონი)

მომდევნო ტური
21 თებერვალი:
მონაკო-რეიმსი
22 თებერვალი:
მარსელი-ლორიანი, ბასტია-სტ. ეტიენი, გენგამი-ნიცა, ბორდო-ევიანი, ვალანსიენი-სოშო, მონპელიე-აიაჩო
23 თებერვალი:
ტულუზი-პსჟ, ნანტი-რენი, ლილი-ლიონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული