რადამელ ფალკაო რჩება, ფილიპ მექსესი მოდის?

AutoSharing Option
"მონაკოს" ვარსკვლავები არ აკლია, მაგრამ გუნდი კიდევ რამდენიმეს დამატებას აპირებს. მიუხედავად ასეთი შემადგენლობისა, რამდენიმე ხარვეზი აშკარად გამოსასწორებელია და თან, ხელმძღვანელობა უკვე მომავალზე ფიქრობს - თუ ამ სეზონში მიზანი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურია, მომავალ სეზონში უფრო შორსმიმავალი მიზნები იქნება დასახული.

შეგახსენებთ, რომ ერთი ტრანსფერი გუნდმა უკვე გააკეთა და "ანჟიდან" ლასინა ტრაორე დაიმატა, რომელსაც სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ზაფხულამდე "ვესტ ჰემში" უპირებს განათხოვრებას. ბოლო კულუარული ინფორმაციით, მასში გუნდმა 10 მილიონი ევრო გადაიხადა. 23 წლის კოტდივუარელი თავდამსხმელით სევილიური "ბეტისიც" ძალიან დაინტერესებულია, მაგრამ მონტეკარლოელებს თითქმის
გადაწყვეტილი ჰქონიათ, რომ ტრაორეს, რომელთანაც ოთხწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმეს, "ჩაქუჩებს" ათხოვებენ.

აი სხვა სამიზნეებს რაც შეეხებათ, ერთ-ერთი მათგანი ფილიპ მექსესია. როგორც ჩანს, "მონაკოს" რიკარდო კარვალიოსა და ერიკ აბიდალის შემდეგ კიდევ ერთი სახელიანი გამოცდილი ცენტრალური მცველის დამატება გადაუწყვეტია და "მილანთანაც" დაწყებულა მოლაპარაკება.

"როსონერი" მექსესით არც ისე კმაყოფილია, არადა, მისი შენახვა წელიწადში 4 მილიონი უჯდება. როგორც ამბობენ, იტალიური კლუბი მზადაა, იგი 5 მილიონად გაასხვისოს, მაგრამ "მონაკოს" 3,5-ზე მეტის გადახდა არ უნდა.

ამასობაში, "ლუი მეორეს" ბინადართა ბანაკში კიდევ ერთხელ კატეგორიულად გამორიცხეს რადამელ ფალკაოს გაშვების ვარიანტი. მოგეხსენებათ, რომ კოლუმბიელს კლაუდიო რანიერისთან გარკვეული კონფლიქტი ჰქონდა და ბევრის აზრით, მისი საკმაოდ ხანგრძლივი უთამაშებლობა მარტო ტრავმის ბრალი არ გახლდათ. თუმცა ფალკაომ "ვანთან" სათასო შეხვედრაში იბურთავა და ერთი გოლიც გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული