რატომ ჩაიშალა კლაუდიო რანიერი და "ნანტი"?

AutoSharing Option
კლაუდიო რანიერისა და ფრანგული ლიგა 1-ის ბინადარ "ნანტს" შორის სამომავლო თანამშრომლობაზე თითქმის ყველაფერი გარკვეული იყო, მაგრამ... ეს საქმე აღარ გამოვიდა.

პრობლემა იტალიელი სპეციალისტის ასაკშია. საფრანგეთში არსებული წესის მიხედვით, ლიგა 1-ის გუნდის მწვრთნელი ვერ გახდები, თუ 65 წელს გადააბიჯე. რანიერიმ ეს ზღვარი 2016 წლის ოქტომბერში გადალახა, შესაბამისად, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ "ჩელსის", "რომას", "იუვენტუსისა" და "ლესტერის" ყოფილ მწვრთნელს წითელი შუქი აუნთო.

სხვათა შორის, კომიტეტს, რომელსაც სამწვრთნელო საკითხების მოგვარება და კონტროლი ევალება, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი რაიმონ დომენეკი ხელმძღვანელობს...

10 წლის წინათ, ანალოგიური
პრობლემა შეექმნა "ლანსს", რომელსაც მთავარ მწვრთნელად გი რუს დანიშვნა სურდა. იმ მომენტისთვის ლეგენდარული მწვრთნელი 68 წლის იყო. "ლანსმა" ევროკომისიაში იჩივლა და მაინც მიაღწია გი რუსთან კონტრაქტის გაფორმებას (თუმცა მწვრთნელი ოთხი ტურის შემდეგ, ცუდი სტარტის გამო გაათავისუფლეს).

"ნანტი" კი, როგორც მედია ირწმუნება, პრემიერლიგის მომგები მწვრთნელის გამოც კი არ გაიჩენს თავის ტკივილს და უფრო ახალგაზრდა სპეციალისტს მოძებნის.

რაც შეეხება რანიერის, ისიც როგორმე უშველის თავს. ამ მომენტისთვის მას ორი შეთავაზება აქვს ინგლისური პრემიერლიგიდან, მაგრამ, დიდი ალბათობით, ჩინეთის გზას დაადგება, სადაც 10-მილიონიან კონტრაქტს ჰპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული