კილიან მბაპე - ბიჭი, რომელიც ყველა გრანდს სურს

AutoSharing Option
კილიან მბაპეს შეძენის სურვილის გამოთქმას უკვე ყველა თავმოყვარე კლუბი ვალდებულებად მიიჩნევს. "მონაკოს" 18 წლის ფორვარდს, ბოლო ინფორმაციით, მადრიდის "რეალმაც" დაადგა თვალი და "სამეფო კლუბს" სხვა გუნდების წინადადებების გადაფარვა 85 მილიონი გირვანქით სურს.

"სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრები მიიჩნევენ, რომ ეს თანხა საკმარისი იქნება "ბარსელონას", "მანჩესტერ იუნაიტედის", "მანჩესტერ სიტისა" და სხვების საჯობნად. ამბობენ, მონეგასკებთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულიც არისო. ხოლო თავად ვუნდერკინდის დაყოლიებას, თურმე, ზინედინ ზიდანი ცდილობს.

მბაპეს, ალბათ, ბევრი ხვეწნაც არ უნდა დასჭირდეს, რადგან ის ბავშვობიდან "რეალის" ფანია, ხოლო მისი კერპი კრიშტიანო რონალდოა.

"რეალიდან" სავარაუდო წამსვლელებს რაც შეეხება, კლუბის დატოვებაზე თვალი ხამეს როდრიგესსა და ალვარო მორატას უჭირავთ. ამის მიზეზი, როგორც წესი, ან მწვრთნელთან კონფლიქტია, ანაც მცირე სათამაშო დრო, თორემ ფინანსური კუთხით ან ამბიციურობის მხრივ, "რეალს" არ უჭირს.

მორატას შემთხვევაში, მეორე მიზეზია, ხოლო ხამესის შემთხვევაში - ორივე და ორივეს ინგლისის ჩემპიონატს უწინასწარმეტყველებენ. ალვაროს თაობაზე წინადადება უკვე მზად აქვს "ჩელსის", როდრიგესს კი "ოლდ ტრაფორდზე" ეპატიჟებიან.

"მანჩესტერი" ისევ დიდი ფულის დახარჯვას აპირებს და ანტუან გრიზმანის, ხამესისა და სხვა მოთამაშეების მიწვევით სუპერგუნდის აშენებას გეგმავს. "წითელი ეშმაკები" მორატაზეც არ იტყოდნენ უარს, მაგრამ არ სურთ, რომ ეს ტრანსფერები დავიდ დე ხეას დათმობის სანაცვლოდ მოხდეს.

არადა, "რეალი" ესპანელ მეკარეს ვერ ელევა და არ ეშვება. ჟოზე მოურინიოს მისი წასვლა არ უნდა, მაგრამ დავიდისთვის უთქვამს, თუ თავად მოგინდება მადრიდში დაბრუნება, არ დაგაკავებთო. ადრე დე ხეას "ბერნაბეუზე" გადასვლა უნდოდა, მაგრამ ვნახოთ, როგორ იქნება საქმე ამ ზაფხულს.

გრიზმანის გარდა, "მანჩესტერი" კიდევ ერთ ფორვარდს, ანდრეა ბელოტის უმიზნებს. თანაც, "ტორინოსთან" საქმიანი ურთიერთობა მატეო დარმიანის ტრანსფერით აეწყო. ამ თავდამსხმელებში "იუნაიტედს" 170 მილიონი ფუნტის დახარჯვა სურს.

თავის მხრივ, "ტორო" იტალიის ნაკრების ფორვარდში 84 მილიონ გირვანქას ითხოვს. თავად 23 წლის გოლეადორი თავმდაბლობს და ამბობს, რომ ის ამდენი არ ღირს, რითაც შესაძლოა, იმასაც ცდილობს, რომ თავისი ამჟამინდელი კლუბის მადა ცოტა დააოკოს და იქნებ "ტორინომ" მისი გამოსასყიდი თანხა აღარ მოითხოვოს და ცოტა ნაკლებს დაჰყაბულდეს.

სხვათა შორის, აქ იკვეთება კიდევ ერთხელ "მანჩესტერისა" და "ჩელსის" გზები, რადგან ბელოტი "ლურჯებსაც" სურთ და ანდრეას ანტონიო კონტე თავის ენაზე დაელაპარაკება.

ისე, თავად ფეხბურთელი "მილანის" გულშემატკივარია, მაგრამ "როსონერის" ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა (და არამარტო ფინანსური) ამ ტრანსფერს ამ ეტაპზე ვერ გასწვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
2 წელი კიდევ დასაკვირვებელია თუ ითამაშა მაშინ ითამაშენბს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული