ანტუან გრიზმანი: ლაკაზეტი მეგობარია, მაგრამ...

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" ერთ-ერთ ლიდერს, ანტუან გრიზმანს აზრი ჰკითხეს ქარიმ ბენზემას ნაკრებში ყოფნა-არყოფნის საკითზე და ასევე იმაზე, თუ რამდენად სამართლიანია ის, რომ "მამლების" მწვრთნელი დიდიე დეშამი "ლიონის" ალექსანდრ ლაკაზეტსაც არ იძახებს გუნდში.

"მე მინდა, რომ ბენზემა ნაკრებში თამაშობდეს, როგორც ალბათ, ფრანგების უმეტესობას. თუმცა ამას მწვრთნელი წყვეტს. მე ვენდობი დიდიე დეშამს. მან კარგად იცის, როგორ გაუძღვეს გუნდს. უნდა დავამტკიცოთ, რომ ის არ ცდება. რაც შეეხება ლაკაზეტს, აქაც მსგავსი სიტუაციაა, როგორიც ქარიმის შემთხვევაში. მწვრთნელს უნდა დავუჯეროთ და მივყვეთ.

ზოგიერთი ფეხბურთელი
ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს, მაგრამ არ არის გამოძახებული. ლაკაზეტი ჩემი მეგობარია და დასანანია, რომ იგი ჩვენთან ერთად არ არის, მაგრამ ალექსანდრმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მწვრთნელს სხვა გზა არ დაუტოვოს, გარდა მისი გამოძახებისა" - აღნიშნა გრიზმანმა.

ანტუანმა სცადა, არც მწვადი დაეწვა და არც შამფური. მან კი თქვა, ალბათ, მთელ საფრანგეთს უნდა ბენზემას ხილვა ნაკრებშიო, მაგრამ ცოტა ხნის წინათ, სპეციალური გამოკითხვა ჩატარდა და 1006 გამოკითხულიდან 70%-ზე მეტმა აღნიშნა, რომ ბენზემა ნაკრებში არ უნდა გამოიძახონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული