ხმა აფრიკიდან: ესამ ელ ჰადარი - ლტოლვა მუნდიალისკენ...

AutoSharing Option
ეგვიპტის ნაკრები, ჩვენი ძველი და კარგი ნაცნობის, ექტორ კუპერის ხელმძღვანელობით, მსოფლიოს ჩემპიონატისკენ მიიწევს. მუნდიალზე ეგვიპტელთა მოხვედრა მას შემდეგ უფრო რეალური გახდა, რაც არგენტინელი მწვრთნელის შეგირდებმა საშინაო მატჩში დაამარცხეს ძლიერი განა.

ეგვიპტეს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს. თუნდაც, მოჰამედ სალაჰი რად ღირს, ვინც ევროპულ ფეხბურთშიც ამბობს თავის ომახიან სიტყვას. და მაინც, ეგვიპტის ნაკრების მთავარ ვარსკვლავად მეკარე უნდა ჩავთვალოთ.

ლეგენდარული ესამ ელ ჰადარი 43 წლისაა. ის 1996 წლის შემდეგ ეგვიპტის ნაკრებში თამაშობს და ამ გუნდის ღირსება 148 შეხვედრაში დაიცვა. ეგვიპტე გამალებით მიიწევს მსოფლიოს ჩემპიონატის
ფინალური ეტაპისაკენ.

"ეს ჩვენი ოცნებაა და ჩვენ ვალდებულნი ვართ, ეგვიპტელი ხალხი გავახაროთ. დღეს გუნდში იდეალური სიტუაციაა. კარგი მწვრთნელი გვყავს და ერთ მუშტადაც ვართ შეკრულნი. ჩემი აზრით, ეს დიდი წარმატების წინაპირობაა", - ამბობს ელ ჰადარი.

რაც შეეხება ასაკს, ეგვიპტელი მეკარის თქმით, ის ამაზე საერთოდ არ ფიქრობს. "ვითამაშებ მანამ, სანამ ფეხბურთი სიამოვნებას მომანიჭებს. ეგვიპტის ნაკრების ბევრი ფეხბურთელი შვილად მერგება. მე შემიძლია მათ სასარგებლო დარიგებები მივცე, თუმცა არც წასვლის მომენტი უნდა გამოგეპაროს".

ელ ჰადარიმ მთელი თავისი კარიერა წამყვან ეგვიპტურ კლუბებში გაატარა.

ევროპული ოდისეა ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. მან მცირე ხანს ითამაშა შვეიცარიულ "სიონში" და მალევე დაბრუნდა სამშობლოში.

"ბევრი ეგვიპტელი ვერ ეგუება სამშობლოს ფარგლებს გარეთ თამაშს. ასე ვარ მეც. ევროპაში ყველანაირი პირობა იყო, მაგრამ მე ვერ ვიყავი ბედნიერი, გული შინისაკენ მიმიწევდა. საბოლოოდ, დავბრუნდი და არ ვნანობ", - ესეც მისი სიტყვებია.

ეგვიპტემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორჯერ ითამაშა. ბოლოს ეს მოხდა 1990 წელს. აფრიკის თასის არაერთგზის გამარჯვებულ ელ ჰადარის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით თამაშის დიდი იმედი აქვს.

"ჯერ მუნდიალის საგზური უნდა მოვიპოვოთ. ამის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ არ ვიქნებით იქ ტურისტები. ჩვენ შეგვიძლია, წარმატებით ვითამაშოთ. ეგვიპტის ნაკრები უკვე დიდი ხანია, ერთად მოდის. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვიგოთ".

ელ ჰადარი ეგვიპტის ნაკრების კაპიტანია. "ეს დიდი ტვირთია და სულ ვცდილობ, ის ღირსეულად ვატარო. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის კაპიტანი, რომელსაც მე ძალიან ბევრი რამ მივეცი", - ასრულებს ელ ჰადარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული