მუნდიალი 2018. სამხრეთი ამერიკა. XII ტურის წინ: არგენტინა, უფსკრულთან ახლოს

AutoSharing Option
სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ზონაში ისეთი დაძაბულობაა, რომ გუნდები კიდევ ბევრ ქულას დაკარგავენ, კიდეც ბევრი რამ შეიცვლება და წარმოუდგენელი ჩანს, რომ საბოლოო ჯამში, არგენტინა ხუთეულში ვერ მოხვდეს, უფრო კი ოთხეულში, რადგან მე-5 ადგილზე გასვლა და გადათამაშებაში თამაში "ალბისელესტესთვის" სასურველი სულაც არ გახლავთ და ცოტა შეუურაცხმყოფელიც იქნება.

ფაქტია, არგენტინელებს 4 შეხვედრაა, არ მოუგიათ, ბოლო ორი კი სულაც წააგეს და თან ისე, რომ გოლი არ გაუტანიათ. ასე რომ, მიუხედავად ჩვენი ვარაუდებისა და მსჯელობისა, ფაქტია, რომ არგენტინელები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან დარჩენილი 7
მატჩიდან 5 მაინც ძალიან რთული აქვთ.

პირველ რიგში კი, უახლოესი მატჩის მოგებაა საჭირო, რომელსაც ედგარდო ბაუსას გუნდი "ესტადიო სან ხუან დელ ბისენტენარიოზე" კოლუმბიასთან მართავს. "ალბისელესტეს" ყოფილი მთავრი მწვრთნელის, ხოსე პეკერმანის მიზანი არწაგება იქნება, სხვანაირად "ალბისელესტე" კოლუმბიელებს გადაასწრებს.

"გვესმის რომ გულშემატკივრები გაღიზიანებულნი არიან, მაგრამ ახლა მთავარია, დარჩენილი მატჩები ჩავატაროთ კარგად და უპირველეს ყოვლისა, კოლუმბიასთან პრინციპული შეხვედრა. ფანების მხურვალე მხარდაჭერა გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, გვექნება კიდეც" - თქვა ბაუსამ.

ლიდერი ბრაზილია ლიმაში "ნასიონალზე" სტუმრობს პერუს. მასპინძლები მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ, მაგრამ ამ მატჩში წაგება მათ აქციებს მნიშვნელოვნად დაწევს. არადა, ბრაზილია კარგ ფორმაშია, ტიტე ყველას უგებს, "სელესაომ" მიყოლებით ხუთჯერ იმარჯვა და ამ შეხვედრებში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

ძალიან საინტერესოა ჩილე-ურუგვაის დაპირისპირებაც. ბოლო ორი კოპა ამერიკის გამარჯვებული არადამაჯერებლად გამოიყურება და ოსკარ ტაბარესის ბიჭებთნ მარცხის უფლება არ აქვს, პიციმ მოსაგებად უნდა ითამაშოს. ჩილეს ძალიან სჭირდება ალექსის სანჩესი, რომელსაც მიკროტრავმა აქვს და ბოლო მომენტში გაირკვევა, შეძლებს თუ არა თამაშს. ოსკარ ტაბარესის შეგირდებს რაც შეეხება, ისინი დამაჯერებლად გამოიყურებიან, მაგრამ კალენდარი რთული აქვთ და იმ უპირატესობისდა მიუხედავად, რომელიც ახლა აქვთ, ყურადღებით ყოფნა მართებთ.

ეკვადორმა, რომელმაც კარგად დაიწყო, შესარჩევის ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და საქმე გაურთულდა. ვენესუელასთან საშინაო მატჩი აუცილებლად მოსაგებია, თანაც მეტოქე უკვე უმოტივაციოა, მაგრამ ვენესუელა ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არავისთვის არის. მართალია, ეს შესარჩევი ეტაპი ვენესუელელებს ჩაუვარდათ, მაგრამ მაინც.

უშუალო კონკურენტების რთული მატჩებით სარგებლობა უნდა სცადოს პარაგვაიმ, რომელიც ბოლივიას სტუმრობს. თუმცა კარგად მოგეხსენებათ, როგორი რთულია ლა პასში ბურთაობა.

სამშაბათი, 15 ნოემბერი
ბოლივია-პარაგვაი 00:00
ეკვადორი-ვენესუელა 01:00
ჩილე-ურუგვაი 03:30
არგენტინა-კოლუმბია 03:30
პერუ-ბრაზილია 06:15

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრაზილია 11 7 3 1 26-9 24
2. ურუგვაი 11 7 2 2 23-8 23
3. კოლუმბია 11 5 3 3 15-12 18
4. ეკვადორი 11 5 2 4 19-16 17
5. ჩილე 11 5 2 4 18-16 17
6. არგენტინა 11 4 4 3 11-12 16
7. პარაგვაი 11 4 3 4 11-16 15
8. პერუ 11 4 2 5 18-18 14
9. ვენესუელა 11 1 2 8 14-26 5
10. ბოლივია 11 1 1 9 9-31 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული