ჰოლანდიის ნაკრები ყველაზე მოხუცის იმედად...

AutoSharing Option
ჰოლანდიურ ფეხბურთში ყველაფერი კარგად ვერაა. ეს კიდევ იოლადაა ნათქვამი. მას შემდეგ, რაც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა, მესაჭე ლუის ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედში" წავიდა. ნაკრები გუს ჰიდინკის ხელში აღმოჩნდა. ფეხბურთის ფედერაცია მოერიდა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას და ქვეყნის პირველი გუნდი არ ჩააბარა დენი ბლინდს. არადა, ის იმ დროისათვის უკვე 50 წლის იყო.

ჰოლანდიის ნაკრები იოლად გავა ევროპის ჩემპიონატზე. ბლინდი ჰიდინკს დაეხმარება და როგორც მწვთნელი, კიდევ უფრო გაიზრდება. ამასობაში ჩაივლის ევროპის ჩემპიონატი და დენი უკვე მზად იქნება ეროვნული გუნდის
პირველკაცობისათვის- დაახლოებით ასეთი იყო ჰოლანდიური ფეხბურთის მმართველების ლოგიკა.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატი ყველას კარგად გვახსოვს და ისიც კარგად მოგვეხსენება, რომ ჰოლანდიის ნაკრებს იქ საერთოდ არ უთამაშია. ყველაფერი ჯგუფში ცუდმა ასპარეზობამ განაპირობა. ჰოლანდიამ წააგო ჩეხეთთან და ისლანდიასთან. ფრედ ითამაა თურქეთთან. 2015 წლის ზაფხულში ჰიდინკს ნაკრების დატოვება მოუხდა.

ჯგუფური ეტაპის მიმდინარეობისას ეროვნული გუნდი ბლინდმა მაინც ჩაიბარა, მაგრამ ჰიდინკის მიერ ცუდად დაწყებული საქმის კარგად გაგრძელება მან ვერ შეძლო. ჰოლანდია ვერ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და ეს იყო პირველი ასეთი შემთხვევა ბოლო 32 წლის განმავლობაში. "ორანიეს" ფიასკო კიდევ უფრო გულდასაწყვეტი იყო, რადგან ევროფრუმზე ისეთი ნაკრებები გავიდნენ, როგორებიც არიან უნგრეთი, რუმინეთი და ალბანეთი.

ბლინდმა პოსტი შეინარჩუნა, მაგრამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ნაკრები უკეთესი ვერ გახდა. საფრანგეთთან და ბულგარეთთან წაგებების შემდეგ ჰოლანდია ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუ ჩვენ შესარჩევ ჯგუფს გადავხედავთ, მივხვდებით, რომ "ნარინჯისფრებს" ძალიან გაუჭირდებათ მუნდიალზე გასვლა. რა თქმა უნდა, რთული საქმეა კონკურენცია უძლიერეს საფრანგეთთან, მაგრამ ჰოლანდიელებს იმის რესურსი ნაღდად აქვთ, რომ შვედეთზე და მეტადრე ბულგარეთზე უკან არ იყვნენ.

საბოლოო ჯამში, მუნდიალის შესარჩევ ციკლში ბლინდს არადამაჯერებელი თამაში აღარ აპატიეს და კარისაკენ მიუთითეს. ჰოლანდიური ფეხბურთის მესვეურებმა ეროვნულ გუნდს ახალი მწვრთნელი შეურჩიეს - დიკ ადვოკაატი.

ადვოკაატი ყველაზე მოხუცი მწვრთნელია ჰოლანდიის ნაკრების ისტორიაში. 27 სექტემბერს მას 70 წელი შეუსრულდება. ის სამჯერ იყო ნაკრების პირველკაცი და ამდენჯერვე ასისტენტი. ოთხმოციანების შუაში ის ჯერ კიდევ რინუს მიხელსს ესხმარებოდა. 1992 წელს დიკმა დამოუკიდებლად ჩაიბარა ნაკრები და ათამაშა 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, მიიყვანა ნახევარფინალამდე. მეორედ ნაკრების სათავეში ის 2002 წელს მივიდა. მისი ხელმძღვანელობით ჰოლანდიამ ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალს უწია. ადვოკაატი საკლუბო მოღვაწეობას დაუბრუნდა. შედეგი ცუდი არ იყო, მაგრამ ბევრი მიიჩნევდა, რომ მის გაწვრთნილ ნაკრებს რაღაც აკლდა.

რას აკეთებდა ადვოკაატი ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც რუსეთიდან აიბარგა? ის ერთხელაც დაუბრუნდა სამწვრთნელო საქმეს. არაუშავდა პსვ - ში, "აკლმაარში" კი საერთოდ ვერაფერს მიაღწია. ამის შემდეგ დიკს კვლავ სანაკრებო ჭია შეუჩნდა. ის წავიდა სერბეთის ნაკრების გასაწვრთნელად, თუმცა ოთხიდან ვერც ერთი თამაში მოიგო და კონტრაქტი მალე იქცა ფარატინა ქაღალდად.

2015 წლის გაზაფხულზე ადვოკაატს მოულოდნელად დაუძახა "სანდერლენდმა". კიდევ უფრო მოულოდნელად ინგლისური კლუბის ამ ნაბიჯმა გაამართლა. დიკმა შეძლო და გუნდს პრემიერლიგაში ადგილი შეუნარჩუნა.

ის ძლივს დაითანხმა "სანდერლენდმა", რომ კლუბში დიდხანს დარჩენილიყო. განშორება მაინც მალე მოხდა. დაიწყო ახალი სეზონი და უკვე შემოდგომაზე ნათელი გახდა, რომ გუნდის ძალიან ცუდი თამაშისა დაშედეგების გამო მისი და მწვრთნელის გზები უნდა გაყრილიყო.

ამის შემდეგ იყო მორიგი, თურქული გაჩერება, სახელად ფენერბაჰჩე". შედეგს ვერც ძალიან წარმატებულს დაარქმევ და ვერ წარუმატებელს. ევროპალიგაზე გუნდი ჯგუფიდან გავიდა და მეთექვსმეტედფინალში წააგო "კრასნოდართან". თურქეთის ჩემპიონატში კი გუნდი მესამე ადგილზეა.

იცით, ვინ არის ადვოკაატის ასისტენტი ჰოლანდიის ნაკრებში? რუდ გულიტი! არადა, მას არასოდეს მოსწონდა დიკის სამწვრთნელო მეთოდები და ის არაერთხელ მწარედ გაუკრიტიკებია კიდეც. საინტერესოა, რომ ესაა ჰიდინკის პირველი სამწვრთნელო გამოწვევა მას შემდეგ, რაც ის გროზნოს "ტერეკის" სათავეში იდგა.

რა თქმა უნდა, პრობლემაა მწვრთნელებში, მაგრამ მხოლოდ ესეც არაა "ნარინჯისფერთა" სუსტი თამაშის მიზეზი. საკმარისია აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის ტოპკლუბების ძირითადში სტაბილურად მოთამაშე რამდენიმე ჰოლანდიელს თუ ვიპოვით. არიენ რობენი რჩება "ბაიერნის" ერთ-ერთ ლიდერად, მაგრამ ის უკვე 33 წლისაა. არაუშავს "ლივერპულში" ვეინალდუმს.

"რომაში" კარგია სტროოტმანი. საკითხავია, არიან დღეს "ლივერპული" და "რომა" ტოპკლუბები? აქ ახალგაზრდულ და ძალიან კარგ "აიაქსს" არ ვთვლით. მოკლედ, შემადგენლობის მხრივაც გვარიანი პრობლემებია. არადა, ჰოლანდია აშკარად გასაჭირშია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული