მუნდიალი 2018: თუ მას ნაკრებში დაუძახებენ, მზად ვარ, ვირთხა შევჭამო...

AutoSharing Option
მოახლოვდა სანაკრებო თამაშები. ეროვნული გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა
დაასახელეს ის ფეხბურთელები, რომლებსაც ამ მნიშვნელოვან მატჩებში დაეყრდნობიან. არის რამდენიმე დიდი მოულოდნელობა. დღეს დავწერთ იმ მოთამაშეებზე, რომელთა გამოჩენასაც მსოფლიოს წამყვანი ნაკრებების შემადგენლობაში არავინ ელოდა.

ინგლისის ნაკრები
მაიკლ კინი (ცენტრალური მცველი, ბარნლი)
"მანჩესტერ იუნაიტედის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილმა და ძირძველმა მანჩესტერელმა კლუბში კონკურენცია წააგო ფილ ჯონსთან და კრის სმოლინგთან. იგივე ისტორია დაემართა მის ტყუპისცალს, ვილს, ვინც რაშფორდს და რუნის ვერ მოუხერხა ვერაფერი.

მაიკლი წავიდა "ბარნლიში" და ჩემპიონშიპის საუკეთესო მცველი გახდა. ამ სეზონში კი პრემიერლიგაში არც
ერთი შეხვედრა არ გამოუტოვებია. მისი დიდი დამსახურებით, "ბარნლი" ყველაზე ნაკლებს უშვებს მეორე ეშელონის გუნდებს შორის. ბოლო ორ წელიწადში ამ მცველის სატრანსფერო ფასი ექვსჯერ გაიზარდა და 12 მილიონს მიაღწია. ახლა კინს ინგლისის ნაკრებში ძველი კონკურენტები დახვდნენ - სმოლინგი და ჯონსი.

ჯეიკ ლივერმორი (საყრდენი, ვესტ ბრომვიჩი)
ლივერმორის ისტორია კინისას ჰგავს. თავის დროზე, ის ვერ დამკვიდრდა "ტოტენჰემში" და რამდენიმე გუნდი მოიარა იჯარით. ბოლოს და ბოლოს, მან იპოვა ისეთი გუნდი, რომელშიც ბოლომდე მიეცა შესაძლებლობების დემონსტრირების შანსი. ამ ზამთარში "ვესტ ბრომვიჩმა" ის 11,5 მილიონ ევროდ იყიდა.

ლივერმორმა მალე ყველას აჩვენა, რომ ეს ფული წყალში სულაც არ გადაყრილა. სხვათა შორის, მან სანაკრებო ფორმა პირველად ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ ჩაიცვა. მაშინ ის მინდორზე ლამპარდთან, ქეროლთან და ჯონსონთან ერთად გავიდა.

ჯერმეინ დეფო (ფორვარდი, სანდერლენდი)
"სანდერლენდი" პრემიერლიგის დატოვების მთავარი კანდიდატია. სხვანაირად ვერც იქნება, რადგან 28 შეხვედრაში გუნდმა მხოლოდ 20 ქულა დააგროვა. 34 წლის ფორვარდზე ეს გავლენას ვერ ახდენს. მან გუნდური 24 გოლიდან 14 შეაგდო და მეშვიდე ადგილზეა პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირებს შორის. ის ამ ადგილს დელე ალისთან ერთად იყოფს. დიდია შანსი, მან ძირითადშიც კი დაიწყოს თამაში.

ესპანეთის ნაკრები
ასიერ ილიარამენდი (საყრდენი, სოსიედადი)
ოდესღაც "რეალმა" ბასკი საყრდენის სანაცვლოდ თითქმის 40 მილიონი ევრო გადაიხადა. ილარა ესპანეთის ჩემპიონატის მომავლად ითვლებოდა. ფლორენტინო პერესი მასში ჩაბი ალონსოს იდეალურ შემცვლელს ხედავდა. ბასკს "რეალში" საქმეები არ აეწყო.

ის დაბრუნდა მშობლიურ სან სებასტიანში და საკუთარი თავი ხელახლა იპოვა "სოსიედადში". ესპანური პრესა ილიარამენდიზე ძალიან ბევრს წერს. მას თამაშის მანერით უკვე სერხიო ბუსკეტსს ადარებენ. მას ნაკრებში თავის გამოჩენის შანსიც ეძლევა.

ჟერარდ დეოლოფეუ (გარემარბი, მილანი)
ცოტა ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "ევერტონის" სათადარიგო ფეხბურთელს ესპანეთის ნაკრებში მიიწვევდნენ. ალბათ, ამას ვერც თავად დეოლოფეუ დაიჯერებდა, არადა, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. ფეხბურთელს სანაკრებო შანსის მიღებაში "მილანი" დაეხმარა. მისი წყვილი სუსოსთან "როსონერის" მთავარი მწვრთნელის, ვინჩენცო მონტელას აღმოჩენად იქცა. ჟერარის კარგმა თამაშმა მის დაბრუნებაზე დააფიქრა მშობლიური "ბარსელონა", რომელსაც ფეხბურთელის გამოსყიდვა "ევერტონიდან" მოუწევს.

იტალიის ნაკრები
ალექს მერეტი (მეკარე, სპალი)
ჩვენ მივეჩვიეთ, რომ იტალიის ნაკრებში სისტემატურად ეძახიან 18 წლის დონარუმას. მერეტის შესახებ კი ბევრმა პირველად გაიგო. არადა, ზოგიერთი იტალიელი ჟურნალისტი თვლის, რომ იგი თვით დონარუმაზე ნიჭიერია. ეს მეკარე "უდინეზეს" საკუთრებაა, ახლა კი ყველანაირად ცდილობს, სპალ-ს სერია A-ში მოუპოვოს ადგილი.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეს მერეტის პირველი გამოძახება არაა ნაკრებში. ჯერ კიდევ 2012 წელს 16 წლის მეკარეს ეროვნულ გუნდში ჩეზარე პრანდელიმ უხმო. მაშინ მან ვარჯიშებზე პირლოს, ოსვალდოსა და დიამანტის დარტყმები მოიგერია.

ლეონარდო სპინაცოლა (მარცხენა მცველი, ატალანტა)
23 წლის მცველს, რომელიც შესანიშნავად ერთვება შეტევებში, ეროვნულ გუნდში პირველად უხმეს. საინტერესოა, რომ ეს ფეხბურთელი "იუვენტუსის" საკუთრებაა და ბერგამოს კლუბში განათხოვრების წესით თამაშობს. მომავალ სეზონში, დიდი ალბათობით, "ბებერ ქალბატონს" " დაუბრუნდება და კონკურენციას გაუწევს ალექს სანდროს.

სიმონე ვერდი (შემტევი ნახევარმცველი, ბოლონია)
ჯერ კიდევ სამი წლის წინ ვერდი იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო შემტევად ითვლებოდა. ის ეკუთვნოდა "მილანს", მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებს შედარებით დაბალი კლასის გუნდებში ავლენდა. შესანიშნავი სეზონი აქვს "ბოლონიაში". ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გაუტანა "სამპდორიას".

საფრანგეთის ნაკრები
პრესნელ კიმპემბე (ცენტრალური მცველი, პსჟ)
საფრანგეთის ნაკრებში არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელია. მათ ახლა პარიზული კლუბის ცენტრალური მცველი პრესნელ კემპემბეც შეემატა, ჰაიტელი დედისა და კონგოელი მამის შვილი 20 წლამდე კონგოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა. ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში მან გაანეიტრალა ლუის სუარესი. ამ გამოძახებით, ალბათ, საბოლოოდ დაიხურება კითხვა კიმპემბეს საფეხბურთო მოქალაქეობის თაობაზე.

ბენჟამენ მენდი (მარცხენა მცველი, მონაკო)
ჯერ კიდევ 2014 წლის აპრილში ფრანგმა ჟურნალისტმა ერიკ დი მეკომ დაწერა, რომ "მარსელის" ახალგაზრდა მცველი დროთა განმავლობაში თუ მოხვდებოდა საგრანგეთის ნაკრებში, ის მზად იყო, ვირთხა შეეჭამა. ახლა ჟურნალისტი ალბათ სირცხვილისაგან იმალება. მენდი შესანიშნავად თამაშობს "მონაკოში", რომელიც საფრანგეთში ჩემპიონატს ლიდერობს და დიდებულია ჩემპიონთა ლიგაზე.

კილიან მბაპე (თავდამსხმელი, მონაკო)
მბაპე საფრანგეთის ნაკრების პირველი ფეხბურთელია, ვინც 1998 წლის "სამფეროვანთა" სამუნდიალე ტრიუმფის შემდეგ დაიბადა. გიჟური სტატისტიკა, თიკუნი "ახალი ანრი" და გადამწყვეტი გოლები თუნდაც "სიტისთან" ამ ფეხბურთელის ნიჭზე მეტყველებს.

არგენტინის ნაკრები
ლუკას პრატო (სან პაულუ)
არის შანსი, რომ არგენტინის ნაკრები ვერ მოხვდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე. სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ქვეჯგუფში არგენტინა მხოლოდ მეხუთეა. ამ დროს გუნდის მთავარი მწვრთნელი ედგარდო ბაუსა არ იძახებს "ინტერის" საუკეთესო ფეხბურთელს, მაურო იკარდის და იძახებს 28 წლის ლუკას პრატოს. მას ზედმეტსახელად "აქლემს" და "ახალ მილიტოს" ეძახიან. პრატომ სხვადასხვა დროს ითამაშა ნორვეგიაში, იტალიაში, ჩილეში, ახლა კი ბრაზილიის ჩემპიონატის მოსაგებად ემზადება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული