ფრანჩესკო ტოტი - რომაელი პიტერ პენი

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "ნაპოლიმ" გონსალო იგუაინი დაკარგა, სკუდეტოსთვის ბრძოლაში "იუვენტუსის" უმთავრეს კონკურენტად "რომა" შეირაცხა. ლუჩანო სპალეტის გუნდზე დიდი ავანსები გაიცა, მაგრამ ჯერჯერობით, რომაელები კოჭლობენ და ქულებს უხვად ანიავებენ. სერია A-ს გასულ ტურში, "ჯალოროსი" "ტორინოს" ესტუმრა და უშანსოდ დამარცხდა. მატჩის შემდეგ, ლუჩანო სპალეტიმ პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო:

"წავაგეთ არა იმდენად ინდივიდუალური შეცდომების, რამდენადაც რგოლებს შორის არსებული დისბალანსის გამო. ბევრი პრობლემა იყო დაცვაში და მეტოქეს კიდევ შეეძლო არაერთი გოლის გატანა. არასტაბილურად ვასპარეზობთ
და ჯერჯერობით, ეს პრობლემა ვერ მოვაგვარეთ. როდესაც სირთულეებს ვაწყდებით, მოტივაციას და ბრძოლისუნარიანობას ვკარგავთ, რაც არაფრით არ შეიძლება.

გუნდი, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობების არ სწამს, ვერაფერს მიაღწევს. ამ არასტაბილურობაზე მთელ პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ და ვპირდები გულშემატკივრებს, რომ ვითარების გამოსასწორებლად ყველაფერს გავაკეთებ".

უბერებელი ტოტი
"ტორინოსთან" შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო მოედანზე ფრანჩესკო ტოტი იყო, რომელმაც რომაელთაგან ერთადერთი გოლი გაიტანა. რამდენიმე დღის წინ, ლუჩანო სპალეტიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ თუ მომდევნო სეზონში ტოტი აღარ იქნება "რომაში", გუნდს ისიც დატოვებს.

მოკლედ, მწვრთნელმა კაპიტნის ახალ ხელშეკრულებას მწვანე აუნთო და ბუნებრივია, რომ ამ თემას იტალიურ სპორტულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სწორედ ამ საკითხზე, საგანგებო კომენტარი გააკეთა "რომას" სპორტულმა დირექტორმა მაურო ბალდისონიმ:

"ტოტი ჩვენი პიტერ პენია, რადგან უარი თქვა სიბერეზე და რჩება მუდამ ახალგაზრდად. წარმოუდგენელია, რომ 40 წლის ასაკში ასეთ დონეზე თამაშობდე და თანაგუნდელებზე უკეთეს ფიზიკურ ფირმაში იყო. ფრანჩესკო ფენომენია და სასწაულებს სჩადის. არის თუ არა ეს ტოტის ბოლო სეზონი "რომას" შემადგენლობაში? - გასულ სეზონში, ტოტიმ შესანიშნავად ითამაშა და დაგვარწმუნა, რომ მასთან კიდევ 1-წლიან კონტრაქტი უნდა გაგვეფორმებინა.

ფრანჩესკო დღესაც ბრწყინვალე ფორმაშია და თუ ასე გააგრძელა, ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ გავახანგრძლივოთ ხელშეკრულება. ამაზე ნაადრევია ლაპარაკი და ვფიქრობ, ჯერ თვითონ ტოტიმაც არ იცის, სურს თუ არა კონტრაქტის გახანგრძლივება. დაველოდოთ სეზონის ფინიშს და ყველა კითხვას მოეფინება ნათელი. აქვე ვიტყვი, რომ ფრანჩესკოსთვის 6-წლიანი ხელშეკრულებაა გამზადებული, რომელსაც გააფორმებს მას შემდეგ, რაც კარიერას დაასრულებს.

რა თქმა უნდა, ტოტი დარჩება კლუბში და მაღალ თანამდებობას დაიკავებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"