ღირდა კი გონსალო იგუაინის შეძენა 90 მილიონ ევროდ?

AutoSharing Option
უკვე ოფიციალურად, გონსალო იგუაინი "იუვენტუსის" ფეხბურთელია. ტურინული გრანდი 28 წლის არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ "ნაპოლის" 90 მილიონ ევროს გადაუხდის. ეს ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერია იტალიური საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში.

ღირდა კი იგუაინის შეძენა 90 მილიონ ევროდ?
ეს კითხვა ძალიან ხშირად ისმის, მეტწილად კი, პასუხი უარყოფითია. განსაკუთრებით, გულშემატკივართა ის კატეგორიაა გაკვირვებული, რომლებიც სერია A-ს ნაკლებად ან საერთოდ არ უყურებენ და შესაბამისად, არ აქვთ გონსალო იგუაინის თამაშები ნანახი "ნაპოლის" შემადგენლობაში.

და მაინც, ღირს კი 28 წლის არგენტინელი ასეთ თანხად? - ერთი მხრივ, ფეხბურთში ზოგადად არის
ფასები გაზრდილი, ან გნებავთ, გაბერილი და შესაბამისად, არც იგუაინი უნდა ღირდეს 90 მილიონი ევრო, მაგრამ მეორე მხრივ, სადაც პრემიერლიგის გრანდები კევინ დე ბრუინში, რაჰიმ სტერლინგში, ჰარი კეინში და მსგავს ფეხბურთელებში ასტრონომიულ თანხებს იხდიან, იქ არც იგუაინის ფასმა უნდა გაგვაკვირვოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სერია A-ს გასულ გათამაშებაში გონსალომ 36 გოლი შეაგდო და იტალიის ჩემპიონატის ყველა დროის რეკორდი დაამხო!

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსში" ახალი ფორვარდის მიყვანის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც გუნდი ალვარო მორატამ დატოვა და იცით, რამდენი გოლი შეაგდო მორატამ სერია A-ს გასულ გათამაშებაში? - მხოლოდ 6. ცნობისთვის, 6-გოლიან მორატაში მადრიდის "რეალმა" 30 მილიონი ევრო გადაიხადა. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, იგუაინის ფასი ადეკვატურია.

სხვა საქმეა, რომ ზოგადად, ფეხბურთი გასცდა ლოგიკის ფარგლებს და ის თანხები, რასაც დღეს მოთამაშეებში იხდიან, აღარ ჯდება არავითარ ჩარჩოებში - თანაც, თანხების ოდენობა ელვის სისწრაფით იზრდება. თუ 2009 წელს 90 მილიონ ევროდ 24 წლის კრიშტიანო რონალდოს შეძენა შეგეძლო, დღეს ამავე თანხად 29 წლის გონსალო იგუაინს გადაიბირებ.

რა შეიძლება ღირდეს დღეს 24 წლის კრიშტიანო რონალდო, რომელსაც მთელი კარიერა წინ აქვს? - 200 მილიონი ევრო? - ვეჭვობთ, რომ მადრიდის "რეალს" 24 წლის რონალდო თუნდაც ამ ფასად გაეყიდა.

და მაინც, ღირს კი იგუაინი 90 მილიონ ევროდ? - ღირს და თან, არც ღირს...

ტოტი: იგუაინის ტრანსფერი? - ეს კატასტროფაა!
გონსალო იგუაინის ტრანსფერს "რომას" ლეგენდარული კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი გამოეხმაურა და მისთვის ჩვეული, ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სიტყვა პირდაპირ ტოტის გადავცეთ:

"თანამედროვე ფეხბურთელები მომთაბარეები არიან და იქით მიდიან, საითაც ბევრი ფულია. ფეხბურთი ერთი დიდი ბიზნესია, სადაც აღარ დარჩა ემოციის, ვნების, სიყვარულის და ერთგულების ადგილი. დღეს ყველაფერს ფული წყვეტს და ფეხბურთელებიც ცდილობენ, რომ იქ იყვნენ, სადაც მეტ თანხას გამოიმუშავებენ. მხოლოდ ფულზე რომ მეფიქრა, "რომას" მინიმუმ 10 წლის წინ დავტოვებდი, მაგრამ ჩემთვის მთავარი ყოველთვის მშობლიური გუნდი და ფერები იყო.

ვამაყობდი და დღესაც ვამაყობ, რომ "რომას" მაისური მაცვია. ჩემნაირები ცოტანი დარჩნენ და ჩვენ ამით განვსხვავდებით ყველა დანარჩენისგან. ის, რაც გონსალო იგუაინს დაემართა, არის კატასტროფა და მეტი არაფერი. არ მსურს, რომ უფრო უხეში განცხადება გავაკეთო და ამიტომ სჯობს, აქ გავჩერდე".

იგუაინი სათავეში
ბევრს საუბრობენ იტალიურ საკლუბო ფეხბურთში არსებულ ფინანსურ კრიზისზე, თუმცა ფაქტია, რომ "იუვენტუსმა" და "ნაპოლიმ" 90-მილიონიანი ტრანსფერი გაჩარხეს და ამით სერია A-ს ყველა დროის რეკორდი დაამხეს. თანაც, ეს იყო შიდა იტალიური ტრანსფერი, როდესაც ფეხბურთელი ერთი იტალიური კლუბიდან მეორეში გადავიდა - მოკლედ, ეს იყო რეკორდი კრიზისის ჟამს.

გავიხსენოთ 10 ფეხბურთელი, რომლებშიც იტალიურმა კლუბებმა ყველაზე დიდი თანხა გადაიხადეს, უფრო სწორად კი - 9, რადგან გონსალო იგუაინი ამ ათეულში ორჯერ ფიგურირებს...

10. ფილიპო ინძაგი (იუვენტუსი-მილანი, 37 მლნ ევრო)
9. გონსალო იგუაინი (რეალი-ნაპოლი, 39 მლნ ევრო)
8. პაველ ნედვედი (ლაციო-იუვენტუსი, 31.20 მლნ ევრო)
7. ლილიან ტიურამი (პარმა-იუვენტუსი, 41.50 მლნ ევრო)
6. მანუელ რუი კოშტა (ფიორენტინა-მილანი, 42 მლნ ევრო)
5. კრისტიან ვიერი (ლაციო-ინტერი, 45 მლნ ევრო)
4. გაისკა მენდიეტა (ვალენსია-ლაციო, 48 მლნ ევრო)
3. ჯანლუიჯი ბუფონი (პარმა-იუვენტუსი, 52.88 მლნ ევრო)
2. ერნან კრესპო (პარმა-ლაციო, 55 მლნ ევრო)
1. გონსალო იგუაინი (ნაპოლი-იუვენტუსი, 90 მლნ ევრო)

იგუაინის პირველი კომენტარი
გონსალო იგუაინი უკვე ტურინშია. მან პირველი კომენტარი გააკეთა "იუვენტუსის" ფეხბურთელის რანგში, "ნაპოლიზე" საუბარს თავი აარიდა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება:

"ბედნიერი ვარ, რომ "იუვენტუსში" გადავედი, გუნდში, რომელიც მუდამ იბრძვის უმაღლესი მიზნებისთვის. ტურინში ჩავდივარ იმისთვის, რომ მოვიგო ტიტულები და მათ შორის, ჩემპიონთა ლიგა. ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ პაულო დიბალას მხარდამხარ, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელია. ენთუზიაზმით ვარ აღსავსე და ახალ თავგადასავალს ველოდები".

გასული სეზონის მსვლელობისას, გონსალო იგუაინმა არაერთხელ განაცხადა, რომ "იუვენტუსს" მსაჯები სწყალობენ და რომ ასეთ პირობებში სკუდეტოსთვის ბრძოლა, უბრალოდ, შეუძლებელია.

მწვავე განცხადებების გამო არგენტინელ ფორვარდს არაერთხელ მიუღია ფედერკალჩოს სადისციპლინო კომიტეტისგან შენიშვნა.

დღეს იგუაინი სულ სხვა შინაარსის განცხადებებს აკეთებს - რაღაცით ფეხბურთი პოლიტიკას ჰგავს, სადაც ის პოზიცია უნდა გეჭიროს და იმას ამბობდე, რაც საქმეს სჭირდება და რასაც ის დრო და გარემო მოითხოვს...

კრიტიკის ქარ-ცეცხლი დე ლაურენტისისგან
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელდა "ნაპოლის" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის ძალიან ცხარე და ალბათ, ბევრისთვის მწარე კომენტარი, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

"მართალია, "იუვენტუსმა" კონტრაქტით გათვალისწინებული პუნქტი აამოქმედა და სამართლებრივი თვალსაზრისით, იგუაინი სუფთად გადაიბირა, მაგრამ მორალური კუთხით, ტურინელები შეცდნენ და ეს გააფუჭებს ჩვენს ურთიერთობებს.

ჩემთვის უსიამოვნო მოულოდნელობა იყო იმის გაგება, რომ იგუაინი და "იუვეს" მესვეურები ერთმანეთს მადრიდში ფარულად შეხვდნენ და იქ ჩუმად სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

ეს იყო სამარცხვინო საქციელი, რომელსაც გამართლება არ აქვს. რაც შეეხება იგუაინს, ის უბრალოდ, მოღალატეა. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ნეაპოლში გატარებული 3 დაუვიწყარი წლის შემდეგ ის ამ სიყვარულს ფულზე გაცვლიდა. ეს არის რეალობა, რომელსაც ვერსად გავექცევით".

მეორე ადგილი იკარდის?
"ნაპოლი" გონსალო იგუაინის შემცვლელს ეძებს და მაურო იკარდის გადაბირება სურს. მილანის "ინტერი" 22 წლის არგენტინელ ფორვარდს 60 მილიონ ევროდ აფასებს და თუ ეს ტრანსფერი შედგა, მაშინ იტალიური მასშტაბით, იკარდი ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელებში მეორე ადგილზე გადავა და ერნან კრესპოს ადგილს დაიკავებს, ფილიპო ინძაგი კი ათეულიდან ამოვარდება.

"ნაპოლი" დღესვე მზადაა, რომ მაუროს სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადოს და თუ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მოლაპარაკება, ანუ ვაჭრობა გრძელდება. თუმცა, პრესას "ინტერის" ჯერ კიდევ პრეზიდენტი ერიკ ტოჰირი გაესაუბრა და განაცხადა, რომ მისი სურვილია, გუნდში დარჩეს როგორც იკარდი, ისე მწვრთნელი რობერტო მანჩინი, რომლის შესაძლო წასვლაზე ბევრს საუბრობენ:

"ნიუ-იორკში კომპანია "სუნინგის" წარმომადგენლებს შევხვდი, რომლებიც "ინტერის" აქციათა საკონტროლო პაკეტს ფლობენ და ჩვენ კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ვისაუბრეთ. გვსურს გავაძლიეროთ გუნდი, რათა სკუდეტოსთვის რეალურად ვიბრძოლოთ.

შესაბამისად, ვაპირებთ წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებას და მათ შორის გახლავთ მაურო იკარდი. "ნაპოლის" შეთავაზებაზე უარი ვთქვით, თუმცა ვიცი, რომ ისინი კიდევ ერთ შეთავაზებას ამზადებენ, ბევრი რამ კი თავად ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული. ბოლო დღეებში ბევრს საუბრობენ რობერტო მანჩინის წასვლაზე, მაგრამ პირადად მე, მჯერა მისი და ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთად მივაღწევთ დიდ წარმატებებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რო იყოს 24 წლის კიდე მესმის. მე ვუყურე მაგის წლევანდელ სეზონს და სასწაული იყო, მართლა |ძალიან მაგარი გოლები გაიტანა და მაგარი სეზონი ქონდა მარა 90 ნამეტანია. 60-65 კიიდე მესმის. შარშანაც კარგად იტანა მარა გადამწყვეტ თამაშში ჩავარდა და პენალი გააცუდა. წელს ძალიან მაგარ ხოდზე იყო. იუვეს პროსტა მაგრად დახატავს და ალბათ მაგიტოც გადაიხადეს ამხელა თანხა
coco
14:54 28-07-2016
0
იგუაინის თამაშები "ნაპოლიში" თითქმის არ მინახავს, მაგრამ "რეალში" მის თამაშებს რომ ვიხსენებ, გაცუდებული მომენტების სპეციალისტია და გელაშვილსაც კი აჯობებდა:)...რათქმაუნდა იმის ნახევარიც არა ღირს, რასაც იხდიან და ამაში ტურინელები მალე დარწმუნდებიან.
murtalo
13:13 28-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული