ნეაპოლელები გონსალო იგუაინს: არ ჩამოხვიდე! [PHOTO]

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ გონსალო იგუაინი კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს. "ნაპოლი" 28 წლის არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ 94 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს გასულ გათამაშებაში იგუაინმა 36 გოლი შეაგდო და არათუ ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, ყველა დროის რეკორდი დაამხო. დიახ, აქამდე ამდენი გოლი სერია A-ს ერთ სეზონში არავის გაუტანია.

მუქარა ნეაპოლიდან
გონსალო იგუაინი ნეაპოლში განსაკუთრებულად უყვარდათ და ეს არც არის გასაკვირი, რადგან სწორედ არგენტინელი იყო გუნდის ლიდერი და მთავარი დამრტყმელი ძალა. იგუაინს დიეგო მარადონას ადარებდნენ და სჯეროდათ, რომ სწორედ ის მოუტანდა "ნაპოლის" ასე
ნანატრ სკუდეტოს.

"ნაპოლის" ულტრასები გაუჩერებლად უმღეროდნენ იგუაინს და ისიც ყველამ იცის, თუ როგორი ემოციით აცხადებდა დიქტორი მის გვარს ყოველი გატანილი გოლის შემდეგ. მოკლედ, გონსალოს ნეაპოლში აღმერთებდნენ, დღეს კი სძულთ და სოციალური ქსელი მოფენილია ფოტოებით თუ ვიდეოკადრებით, სადაც რიგითი ნეაპოლელები იგუაინის მიმართ ზიზღს გამოხატავენ - წვავენ მის ფოტოებს, მაისურებს და დროშებს, რომლებზეც არგენტინელია გამოსახული.

იგუაინის მაისურებს ნახავთ უნიტაზებში, ნაგვის ურნებში, დროშებს კი ნაგვის მანქანებზე - რა თქმა უნდა, იგუაინს უკვე უწოდეს იუდა და მას შესაბამისი შინაარსის სიმღერებიც მიუძღვნეს. მოკლედ, ნეაპოლში სრული ისტერიაა, გუნდის ულტრასების ყველაზე დიდი დაჯგუფება კი გონსალოს აფრთხილებს: "შენთვისვე სჯობს, უბრალოდ, არ ჩამოხვიდე ნეაპოლში"...
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

კომენტარები
იგუაინის "იუვენტუსში" გადასვლაზე არაერთმა ფეხბურთელმა, მწვრთნელმა და საფეხბურთო მოღვაწემ გააკეთა კომენტარი. ქვემოთ რამდენიმეს გავეცნოთ:

ლუჩანო მოჯი ("იუვენტუსის" ყოფილი დირექტორი): "ვფიქრობ, რომ იგუაინი "იუვენტუსს" ძალიან გააძლიერებს და ამიტომ ამ ტრანსფერს მხოლოდ მივესალმები. გასულ სეზონში ტურინულ გრანდს აკლდა ისეთი ფორვარდი, რომელიც სეზონში მინიმუმ 25 გოლს გაიტანს. სწორედ ასეთია გონსალო და მისი იმედი უნდა გვქონდეს. იგუაინს ნეაპოლში მოუწევს ჩასვლა და იმედია, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის. იმ დღეს ნეაპოლში სამართალდამცველთა მობილიზება უნდა მოხდეს".

ჩირო ფერარა ("ნაპოლის" და "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი): "ძალიან საინტერესო ტრანსფერია, რომელიც მომდევნო სეზონს დამატებით ინტრიგას შესძენს. "იუვენტუსმა" უშუალო კონკურენტს უძლიერესი ფეხბურთელი წაართვა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ნაპოლიმ" მიიღო ფული, რომლითაც ასევე შეუძლია გაძლიერება. ვფიქრობ, ნეაპოლელები სწორ სატრანსფერო კამპანიას აწარმოებენ და ეს გუნდი დარჩება სკუდეტოს მაძიებელთა რიგებში".

ფაბიო კანავარო ("ნაპოლის" და "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი): "თავისუფლად შეიძლება, რომ ამ ტრანსფერით ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს, რადგან "ნაპოლი" დიდ თანხას მიიღებს და შემადგენლობის გაძლიერების დრო და შესაძლებლობა ექნება. თუმცა ნეაპოლელებს ერჩივნათ, რომ იგუაინი უცხოეთში გაყიდულიყო და ეს სრულიად გასაგებია. ვფიქრობ, საინტერესო ჩემპიონატი გველის და ეს მიუხედავად იმისა, რომ დღეს "იუვე" სხვებზე ბევრად ძლიერად გამოიყურება".

პოგბას საგა გრძელდება
ამასობაში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "იუვენტუსს" პოლ პოგბას სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო შესთავაზა და ტურინული გრანდისგან უარი მიიღო. ბოლო ინფორმაციით, ინგლისური გრანდი ახალ წინადადებას ამზადებს, რომლის მიხედვითაც, 23 წლის ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ, 130 მილიონ ევროს გადაიხდის. იტალიური სპორტული პრესის თანახმად, ეს უკვე ის თანხაა, რომელზეც "იუვეს" მესვეურები უარს არ იტყვიან და ფეხბურთელს ინგლისში გაუშვებენ.

მით უმეტეს, პოგბას აგენტი მინო რაიოლა მანჩესტერშია და როგორც ითქვა, შეუთანხმდა კიდეც "იუნაიტედს" ხელშეკრულების დეტალებზე - თუ "იუვე" პოლის გაშვებას დათანხმდა, ფრანგი ინგლისურ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 13 მილიონ ევროს მიიღებს!

დიახ, ეს რეალობაა, მაგრამ ჯერ "იუვემ" უნდა თქვას თანხმობა, ტურინელები კი მაგრად დგანან...

მაროტა: რა შუაშია იგუაინი პოგბასთან?
"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ იტალიურ სპორტულ პრესასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გონსალო იგუაინის ტრანსფერი არაფერ შუაშია პოლ პოგბასთან. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სიტყვა პირდაპირ მაროტას გადავცეთ:

"რა შუაშია იგუაინის ტრანსფერი პოგბასთან? - ჩვენ გვჭირდება როგორც იგუაინი, ისე პოგბა და იმედი მაქვს, რომ პოლს შევინარჩუნებთ. რაც შეეხება გონსალოს სანაცვლოდ გადახდილ თანხას, ამაზე სანერვიულო არაფერია და არც ფინანსური ფეარ პლეის დარღვევა გვემუქრება. ვაპირებთ მარიო ლემინას, სიმონე ძაძას და რობერტო პერეირას სარფიანად გასხვისებას, რაც მთლიანობაში კარგ თანხას მოგვცემს და ხარჯებიც დაბალანსდება. რაც შეეხება პოგბას, ის ჩვენი ფეხბურთელია და დანარჩენს დრო გვიჩვენებს".

თუ "იუვემ" პოგბა გაყიდა...
თუ "იუვენტუსმა" პოგბა გაყიდა, ერთ ნახევარმცველს აუცილებლად დაიმატებს და როგორც იტალიური სპორტული პრესა აცხადებს, ტურინელები აქედანვე იჭერენ თადარიგს.

"იუვეს" მესვეურებმა მოლაპარაკება განაახლეს "ბარსელონასთან", საიდანაც ხავიერ მასკერანოს გადაბირება ჯერ კიდევ ივნისში სურდათ. თუ პოგბამ მაინც დატოვა ტურინი, მაშინ "იუვე" სწორედ 32 წლის არგენტინელის გადაბირებას შეეცდება, რომელიც "ბარსაში" ცენტრალური მცველია და წესით, საყრდენ ნახევარმცველად დაბრუნებაზე არ უნდა იყოს უარს.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, თუ პოგბა გაიყიდა და "იუვენტუსმა" მასკერანო ვერ გადაიბირა, არგენტინელის ალტერნატივად ორი შუახაზელი განიხილება: ნემანია მატიჩი "ჩელსიდან" და მუსა სისოკო "ნიუკასლიდან". ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

იკარდი 60 მილიონად
"ნაპოლი" გონსალო იგუაინის შემცვლელს ეძებს და ორი მიმართულებით აწარმოებს მოლაპარაკებას. სამხრეთელებს "მილანიდან" კარლოს ბაკას გადაბირება სურთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტად, "ინტერიდან" მაურო იკარდის დამატებით არიან დაინტერესებულნი.

იტალიური სპორტული პრესის ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ვერონაში მაურო იკარდის ცოლს და ამავდროულად, მის პირად აგენტ ვანდა ნარას შეხვდა, რომელთანაც ფეხბურთელის პირადი ხელშეკრულების დეტალები შეათანხმა - "ნაპოლი" მაუროს 5-წლიან კონტრაქტს და სეზონში 5 მილიონ ევროს სთავაზობს, რაზეც ფეხბურთელი თანახმაა. თუმცა, მარტო იკარდის თანხმობა არაა საკმარისი, რადგან "ინტერი" მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს. "გაძეტას" მტკიცებით, ნეაპოლელებმა მილანელებს 40 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს და შემდეგი სიტყვა ისევ სამხრეთელებზეა...

ძაძა "მილანს" და "რომას" სურთ
როგორც ჯუზეპე მაროტამ აღნიშნა, "იუვენტუსი" გონსალო იგუაინის ყიდვით გამოწვეული დანახარჯების დაბალანსებას სამი ფეხბურთელის გასხვისებით შეეცდება - ლაპარაკია სიმონე ძაძაზე, რობერტო პერეირასა და მარიო ლემინაზე. ბოლო ორზე რა გითხრათ და ძაძას გადაბირების სურვილი უკვე გამოთქვეს "რომამ" და "მილანმა".

"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, "იუვენტუსი" სიმონე ძაძას გაყიდვას 25 მილიონ ევროდ აპირებს, ეს თანხა კი მილანელებს და რომაელებს ეძვირათ. ავტორიტეტული გამოცემა გვარწმუნებს, რომ ლომბარდიელები მზად არიან 25 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაიხადონ, რომაელებს კი 20 მილიონი აქვთ გამზადებული. მოლაპარაკება გრძელდება და წესით, "იუვემ" რომელიმე მხარესთან უნდა მიაღწიოს შეთანხმებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული