"ნაპოლი" - სერია A-ს ახალი ფავორიტი?

AutoSharing Option
სერია A-ს მე-7 ტურის ცენტრალური მატჩი "სან სიროზე" გაიმართა, სადაც "მილანმა" "ნაპოლის" უმასპინძლა. შანსები თანაბრად ფასდებოდა, მაგრამ ბრძოლა არ შედგა - ერთმა გუნდმა "გადაურბინა" მეორეს და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.

მატჩის გმირი ლორენცო ინსინიეა, რომელმაც ორი ულამაზესი გოლი გაიტანა - ერთი თამაშიდან, გონსალო იგუაინთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, ხოლო მეორე საჯარიმო დარტყმით. ინსინიეს კიდევ დავუბრუნდებით, იქამდე კი მწვრთნელებს გადავცეთ სიტყვა...

სინიშა მიხაილოვიჩი (მილანი): "უნდა ვაღიაროთ, რომ "ნაპოლი" დღეს გაცილებით ძლიერი გუნდია, ვიდრე "მილანი". მინდა კომპლიმენტები ვუძღვნა მაურიციო სარის და მის შეგირდებს,
რადგან ვფიქრობ, რომ იტალიაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ. როდესაც ასეთ გუნდს ეთამაშები, შეცდომა არ უნდა დაუშვა, ჩვენ კი ბევრჯერ შევცდით.

პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად ნორმალური იყო, მეორეში კი ძალიან დავიჩაგრეთ. სილვიო ბერლუსკონისთან და ადრიანო გალიანისთან ვალში ვარ, ისინი მენდნენ და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგები გვაქვს. ფეხბურთელები საშინელ განწყობაზე არიან, რადგან მათ კარგად ესმით, რომ გულშემატკივარი გააწბილეს. ჯერ კიდევ აქ ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ "მილანმა" კრიზისი დაძლიოს".

მაურიციო სარი (ნაპოლი): "პირველ ნახევარ საათში ძალიან გაგვიჭირდა და გოლის გაშვებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ შემდეგ ვიპოვეთ ჩვენი თამაში და საბოლოოდ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. კარგ ფორმაში ვართ და ეს მახარებს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზია, რომლებიც უნდა აღმოვფხვრათ.

სკუდეტოზე ლაპარაკი სრული აბსურდია, რადგან ჯერ ჩემპიონატის სტარტია და წინ კიდევ უამრავი ტურია. დღეს მხოლოდ შემდეგ თამაშზე ვფიქრობ, რომელიც ჩემპიონატის ლიდერთან, "ფიორენტინასთან" უნდა გავმართოთ. სიმართლე გითხრათ, მე არც მაქვს იმის უნარი, რომ სამი და ოთხი თვით წინ გავიხედო და იმაზე ვინერვიულო, როგორ ფორმაში შევხვდებით თებერვლის ან მარტის ბატალიებს. მე ვფიქრობ "ფიორენტინასთან" მატჩზე, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ".

კრიზისი, რომელსაც ბოლო არ უჩანს
თვითონ თამაშზე სათქმელი ბევრი არაფერია - "ნაპოლიმ" ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ლომბარდიულმა გრანდმა ბოლოს ასე სამარცხვინოდ საშინაო არენაზე 1997 წელს ითამაშა, როდესაც "იუვენტუსთან" 1:6 წააგო.

იყო კიდევ ერთი მატჩი, რომელშიც "მილანმა" "სან სიროზე" 4:0 წააგო და ეს ამბავი 2009 წელს მოხდა, მაგრამ იქ "როსონერის" მეტოქე "ინტერი" გახლდათ და შესაბამისად, სტუმარ-მასპინძლის ფაქტორიც ფორმალობა იყო.

"მილანი" ისევ რთულ დღეშია და ამ კრიზისს ბოლო არ უჩანს. ბოლოს "როსონერიმ" მასიმილიანო ალეგრის ხელში გაიბრწყინა, როდესაც სკუდეტო მოიგო, თუმცა მაშინაც ჩანდა, რომ მილანური გრანდი რეგრესის გზას ადგა - შემდეგ იყო დიდი კრიზისის დასაწყისი იმავე ალეგრის ხელში და ამ ჭაობიდან ამოსვლის უშედეგო მცდელობები კლარენს ზეედორფისა და ფილიპო ინძაგის მხრიდან.

მიხაილოვიჩი წინამორბედებისგან განსხვავებულ ვითარებაშია, მას ტრანსფერებისთვის დაახლოებით 120 მილიონი ევრო ჰქონდა და დახარჯა კიდეც, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით, არ ჩანს. იტალიურ სპორტულ პრესაში უკვე აქტიურად წერენ, რომ მიხაილოვიჩს "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიდი დღე არ უწერია.

ან, შესაძლოა, სეზონი ჩაამთავრებინონ, მაგრამ ზაფხულში გუნდი ერთ ძველ მილანელს ჩააბარონ, რომელიც ბოლოს მადრიდის "რეალს" წვრთნიდა და თავისივე გადაწყვეტილებით, ერთი წელი დასვენებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას აპირებს. იქნებ იმ კაცში იყოს ხსნა? - ვნახოთ, იქამდე ჯერ დროა...

ახალი ფავორიტი
თუ აქამდე "ინტერს" მოიხსენიებდნენ სკუდეტოს მოპოვების უმთავრეს პრეტენდენტად, დღეს ყველაზე ხშირად "ნაპოლიზე" საუბრობენ. მაურიციო სარის გუნდმა ჩემპიონატი მძიმედ დაიწყო, მაგრამ შემდეგ ისეთი ტემპი აკრიფა, რომ შეუჩერებელია როგორც სერია A-ში, ისე ევროპალიგაზე.

აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელთა წარმატებული სვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სარიმ ტაქტიკა შეცვალა და გუნდი 4-3-1-2-დან და 4-3-3-ზე გადააწყო. ისიც გავიხსენოთ, რომ ამ ცვლილებამდე, "ნაპოლის" მწვრთნელი თვით დიეგო მარადონამ გააკრიტიკა და დასძინა, რომ მის ხელში სამხრეთელებს კარგი არაფერი უწერიათ.

სარის თქმით, მარადონას ყურადღების მიპყრობა მისთვის დიდი პატივია და დაჰპირდა ლეგენდარულ არგენტინელს, რომ "ნაპოლი" მის ხელში დიდ მიზნებს შეეჭიდება. ვერ გეტყვით, რა იქნება მომავალში, მაგრამ დღეს რომ ნეაპოლელები შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ, ფაქტია...

გუნდის ლიდერად ლორენცო ინსინიე ყალიბდება, რომელიც "მილანთან" მართლაც შესანიშნავი იყო; გარდა ხსენებული ორი გოლისა, ბრწყინვალე საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. ცნობისთვის, მატჩს იტალიის ნაკრების მწვრთნელი ანტონიო კონტეც ესწრებოდა და განაცხადა, რომ ლორენცოს პროგრესი თვალშისაცემია და მასზე დიდ იმედებს ამყარებს. ინსინიე ნეაპოლელთა გულშემატკივრების ახალი კუმირია, ფეხბურთელის პირადი აგენტი ფაბიო ანდრეოტი კი საინტერესო კომენტარს აკეთებს:

"ლორენცო ინსინიე შესანიშნავად ასპარეზობს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ შესაძლებლობების მხოლოდ 80%-ს ავლენს და მას კიდევ მეტი შეუძლია.

"მილანთან" ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩის შემდეგ ევროპის სამი გრანდის დირექტორისგან მივიღე მოკლე ტექსტური შეტყობინება და ეს ინტერესი სულაც არ მიკვირს. თუმცა, ლორენცოს ნეაპოლში სურს დარჩენა და ვფიქრობ, რომ მას თავისუფლად შეუძლია "ნაპოლისთვის" იგივე გახდეს, რაც ფრანჩესკო ტოტია "რომასთვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული