პრემიერლიგაში თამაში - ჯიჯი ბუფონის აუხდენელი ოცნება

AutoSharing Option
სერია A-ში "ნაპოლისთან" განცდილი მარცხისა და ჩემპიონთა ლიგაზე "სევილიასთან" დაპირისპირების წინ, "იუვენტუსის" კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი ჟურნალისტებს შეხვდა და აქტუალურ თემებზე ისაუბრა.

37 წლის ლეგენდარული მეკარე ოპტიმიზმს ინარჩუნებს და მიიჩნევს, რომ მიუხედავად მძიმე სტარტისა, მისი გუნდი სკუდეტოს მოპოვების უმთავრეს პრეტენდენტად რჩება.

სერია A
ჩემპიონატი ძალიან ცუდად დავიწყეთ და 10 შესაძლებელიდან, მხოლოდ 5 ქულა ავიღეთ. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუმცა წინ რომ მძიმე სეზონი გველოდა, ეს ვიცოდი. კრიზისის მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა მთავარი მიზეზი შემადგენლობაში საფუძლიანი ცვლილებებია.

შარშანდელი გუნდი ფაქტობრივად განახევრდა და
ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ, რომლებსაც გუნდთან ადაპტაცია სჭირდებათ. ვფიქრობ, ამას კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა იმაზე უფრო მალე დავლაგდებით, ვიდრე ეს ბევრს ჰგონია. "იუვემ" უნდა იბრძოლოს სკუდეტოსთვის და ამ ბრძოლაში ჯერ კიდევ უმთავრესი ფავორიტია.

კონკურენტები
გასულ ტურში, "ნაპოლისთან" დავმარცხდით და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ გუნდს ბევრის მიღწევა შეუძლია. ნეაპოლელებმა მძიმედ დაიწყეს, მაგრამ გამოასწორეს თამაში და ოპტიმალურ ფორმაში შედიან. ვფიქრობ, "ნაპოლი" სკუდეტოსთვის აუცილებლად იბრძოლებს.

ასევე, "ინტერი" და "რომა" უნდა გამოვარჩიო, გუნდები, რომლებშიც შესანიშნავი ფეხბურთელები ირიცხებიან. რაც შეეხება "ფიორენტინას", ამ გუნდს ევროსაგზურის მოპოვების კარგი შანსი ექნება და შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგასაც დაუმიზნოს.

ჩემპიონთა ლიგა
ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული სტარტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს თავდაჯერებულებას გვმატებს. "მანჩესტერ სიტისთან" გამარჯვებამ დაგვარწმუნა, რომ ისევ შეგვიძლია დიდი მიზნების მიღწევა და სერია A-ში ჩავარდნა დროებითია.

ლიგაზე მართლაც განსაკუთრებული ატმოსფეროა და ბედნიერი ვიქნები თუ კარიერის დასრულებამდე ამ ტურნირის მოგებას შევძლებ. არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ეს არაერთხელ მოახერხეს, მე კი ორჯერ ვიყავი ახლოს, მაგრამ ორივეჯერ ერთი ნაბიჯი დამაკლდა. მჯერა, რომ მესამე მცდელობა წარმატებული იქნება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

აუხდენელი სურვილი
რას შევცვლიდი კარიერაში? - თითქმის არაფერს, მაგრამ ალბათ, ცოტა ხნით მაინც ვითამაშებდი ინგლისის პრემიერლიგაში, სადაც განუმეორებელი ატმოსფეროა. "მანჩესტერ სიტისთან" მატჩისას უდიდესი სიამოვნებსა მივიღე და ეს სწორედ გულშემატკივართა დამსახურებაა. კარიერის დასრულებას "იუვენტუსში" ვაპირებ და პრემიერლიგა ალბათ აუხდენელ სურვილად დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული