მუნდიალი 2018: რატომ არის უელსი ჩვენზე წინ? იტალია ესპანეთმა და ფიფამ შეაშფოთა

AutoSharing Option
სანკტ-პეტერბურგში გამართულმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრამ იტალიურ საფეხბურთო სამყაროში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

სანამ თემას განვავრცობდეთ, აღვნიშნოთ, რომ იტალია ჯგუფში შემდეგ გუნდებთან მოხვდა: ესპანეთი, ალბანეთი, ისრაელი, მაკედონია, ლიხტენშტეინი.

სხვა ნაკრებებზე რა გითხრათ და აი, ესპანელებთან ერთად მოხვედრა იტალიაში ძალიან არ ესიამოვნათ. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისგან განსხვავებით, მუნდიალის პირდაპირ საგზურს მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები ინაღდებენ, მეორეადგილოსნებს კი პლეი ოფში მოუწევთ ასპარეზობა. მეტიც, ყველაზე უარესი შედეგის მქონე მეორეადგილოსანი გადათამაშებასაც არ ითამაშებს და დაემშვიდობება ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირს.

ერთი სიტყვით,
იტალიელებს ურთულესი ამოცანა აქვთ - თუ რუსეთში დაგეგმილ მუნდიალზე თამაში სურთ, ესპანელებს უნდა აჯობონ; წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც მინიმუმ, მეორე ადგილზე უნდა გავიდნენ, იქ ყველაზე უარესი შედეგი არ აჩვენონ და ბოლოს, პლეი ოფში გაიმარჯვონ.

არადა, ორ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მით უმეტეს მაშინ, როდესაც შესაძლოა, იქაც გრანდს გადაეყარო. მაგალითად, ასევე ერთ ჯგუფში არიან საფრანგეთი და ჰოლანდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი მათგანი პლეი ოფში გავა.

იმ ფონზე, როდესაც ბოლო ორ მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩენილ იტალიელებს სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე და რუსეთში დაგეგმილ ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა ღირსების საქმედ მიაჩნიათ, შესარჩევ ეტაპზე ურთულესი ამოცანის წინაშე დადგნენ და ამას არც თვითონ მალავენ.

მაშინ, როდესაც ჯერ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი არ დასრულებულა და წინ კონტინენტის პირველობაა, იტალიურ სპორტულ პრესაში უკვე მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპს განიხილავენ და საინტერესო კომენტარებიც ვრცელდება...

გაუგებარი კალათები
იტალიელი სპორტული ჟურნალისტებისთვის სრულიად გაუგებარია ის პრინციპები, რის მიხედვითაც გუნდების განთესვა და შესაბამისად, კალათებში გადანაწილება ხდება.

რატომ იყვნენ მთავარ განთესილებში უელსი და რუმინეთი? - გასაგებია, რომ ფიფას რეიტინგში ეს ქვეყნები მაღლა დგანან, მაგრამ იქაც როგორ მოხვდნენ, ამის ახსნაც მეტად რთული ამბავია და ლოგიკას ნაკლებად ექვემდებარება.

მაგალითად, ფარერების ნაკრები მეოთხე კალათაშია ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორებიც თურქეთი, სლოვენია, მონტენეგრო, ისრაელი, ირლანდია, ბულგარეთი და ნორვეგია არიან და ყველა ლოგიკით, ბერძენთა ორჯერ ძლევა არ უნდა ყოფილიყო ასეთ მარაქაში გარევისთვის საკმარისი საფუძველი.

რით დაიმსახურა უელსმა განთესილთა შორის ყოფნა, როდესაც ეს გუნდი ბოლო ათწლეულებში არც ერთ დიდ საფეხბურთო ფორუმზე არ გასულა? ან იგივე რუმინეთმა, რომელიც ბოლოს კარგ ფეხბურთს 1994 წლის მუნდიალზე თამაშობდა...

სწორედ ასეთი განწყობაა იტალიაში და ამ მოსაზრებას ბევრი საფეხბურთო ექსპერტი და მოღვაწე იზიარებს.

კარლო ტავეკიო (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "ვერაფერი გავუგე ამ განთესვებს და სიმართლე გითხრათ, კენჭისყრით უკმაყოფილო ვარ. ესპანეთთან პირველობისთვის ბრძოლა ურთულესია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ მისიის შესრულება. ანტონიო კონტესთან ერთად, "სკუადრა აძურა" პროგრესირებს და დარწმუნებული ვარ, რომ მიზანს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც მივაღწევთ".

ანტონიო კონტე (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): "ეს დიდი სტიმული და გამოწვევაა, რადგან ჩვენი კონკურენტი თვით ესპანეთის ნაკრებია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ ახლო წარსულში ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ევროპის მოქმედი ჩემპიონია.

მოკლედ, ურთულესი ამოცანის წინაშე ვართ, მაგრამ ეს მხოლოდ მმატებს ენთუზიაზმს. რაც შეეხება განთესვას, ეს ჩემი საქმე არაა, თუმცა სიმართლე გითხრათ, ბევრ რამეს არც მე ვეთანხმები".

მარჩელო ლიპი (იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი): "ფეხბურთი ვითარდება და გუნდების საერთო დონე თანაბრდება. მოდის ის დრო, როდესაც გრანდებს აღარ ექნებათ გარანტირებული ადგილი დიდ საფეხბურთო ფორუმებზე. ვინც ამას არ გააცნობიერებს და ყველა მეტოქეს სერიოზულად არ მოეკიდება, პირველი ის დაისჯება.

თუ ადრე მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 32 გუნდი ძალიან ბევრი იყო, დღეს ცოტად გვეჩვენება და იმის შანსიც დიდია, რომ ბობოლა ქვეყნები უმთავრესი საფეხბურთო ტურნირის გარეშე დარჩნენ. რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, არ გაგვიმართლა, მაგრამ ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმული უნდა იყოს".

დემეტრიო ალბერტინი: "რამდენიც უნდა ვითვალო, მაინც ვერ გავიგებ, თუ რა კრიტერიუმით შეიძლება უსწრებდეს უელსი იტალიის ნაკრებს. ამიტომ ამ თემაზე ფიქრი დროის ტყუილად კარგვაა და უმჯობესია, რომ გამოწვევა მივიღოთ.

იტალია რთული მისიის წინაშეა, მაგრამ აუცილებლად გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ევროპის პირველობაზე დავრწმუნდებით, რომ ჩვენი ნებისმიერ მეტოქეს უნდა ეშინოდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცოტა ფრთხილად, როცა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონზე და ორგზის ვიცე ჩემპიონზე ქილიკობ
gioergis
14:40 29-07-2015
0
იტალია, ფრთხილად, კული არ გაგეპაროთ :D
Georgi
13:31 29-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული