იტალიური ტრანსფერები: გერმანელების და იბრას მოლოდინში

AutoSharing Option
ევროპაში სატრანსფერო ციებ-ცხელებაა და სხვა ქვეყნებს არც იტალია ჩამორჩება. მეტიც, სერია A-ს კლუბებმა ჯიბეზე გაიკრეს ხელი და დანახარჯებით არათუ ჩამოუვარდებიან სხვა ტოპ-ლიგების წარმომადგენლებს, სულაც აღემატებიან მათ.

გერმანელები სამიზნეში
სხვებზე მეტად სატრანსფერო ბაზარზე დიდი იტალიური ტრიო აქტიურობს: "იუვენტუსი", "მილანი" და "ინტერი". ბოლოს ტურინელებმა არტურო ვიდალი გაუშვეს და ახალი შენაძენებისთვის ემზადებიან - თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "იუვეს" 23 წლის მარიო გიოტცე და 21 წლის იულიან დრაქსლერი დაემატებიან.

თუ ეს ასე მოხდა, "ბიანკონერიში" ერთბაშად სამი გერმანელი ფეხბურთელი ითამაშებს, რადგან სამი ხედირამ უკვე მოაწერა
ხელი იტალიის მოქმედ ჩემპიონთან. ისიც ვთქვათ, რომ გიოტცე ამჟამად მიუნხენის "ბაიერნს" ეკუთვნის, ხოლო დრაქსლერი გელზენკირხენის "შალკეს".

მიუხედავად ყველაფრისა, საფეხბურთო ექსპერტებს მაინც ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ "იუვენტუსი" გაძლიერდა და არა პირიქით - მართალია, ტურინელებმა პაულო დიბალა, მარიო მანჯუკიჩი, დანიელე რუგანი, სიმონე ძაძა, სამი ხედირა დაიმატეს და კიდევ რამდენიმე ტრანსფერს გეგმავენ, არც იმის დავიწყება ეგების, რომ გუნდი კარლოს ტევესმა, ანდრეა პირლომ და არტურო ვიდალმა დატოვეს. ამ თემაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა "იუვეს" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ:

"ჩვენ არ ვაპირებთ პირლოს, ტევესის და ვიდალის ჩანაცვლებას - ჩვენ ვითამაშებთ ახალ ფეხბურთს, რომელიც კიდევ უფრო მძლავრი და მრავალფეროვანი იქნება. თუ ჩვენ შევეცდებით, რომ მოვიყვანოთ ფორვარდი, რომელიც ზუსტად იმავე საქმეს შეასრულებს, რასაც ტევესი აკეთებდა, ამ საქმისგან არაფერი გამოვა. მაგრამ, თუ ჩვენ გვეყოლება თავდასხმა, რომელიც უბრალოდ, თავის საქმეს კარგად გააკეთებს, მაშინ დადებითი შედეგი გვექნება. მე მჯერა დიბალას ნიჭიერების, მანჯუკიჩის ბრძოლისუნარიანობის, მორატას მრავალმხრივობის და ძაძას საგოლე ინსტინქტის.

ჩვენ გვეყოლება გუნდი, რომელსაც თითოეულ თამაშში 3-4 გოლის შეგდება შეეძლება. ამასთან, უნდა გვყავდეს მობილური, მოქნილი ნახევარდაცვა და საიმედო დაცვა - სწორედ აქეთ მივდივართ და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება".

"ინტერს" შეტევაში უჭირს
მიუნხენის "ბაიერნის" შემდეგ "ინტერმა" "მილანთანაც" გამართა ამხანაგური მატჩი და მარცხი იწვნია - 0:1. ამ ორივე შეხვედრაში "ნერაძურის" ძალიან უჭირდა შეტევაში და მეტოქეთა კართან პრაქტიკულად, ვერაფერს ქმნიდა.

სატრანსფერო ბაზარზე "ინტერის" მესვეურები მეტწილად საყრდენ ნახევარმცველებს და მცველებს ყიდულობენ, მაგრამ რა ეშველება შეტევას, სადაც ჯერჯერობით კვლავაც როდრიგო პალასიო წვალობს მაურო იკარდისთან ერთად? - თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ "ნერაძურიში" გააგრძელებს კარიერას 25 წლის სტევან იოვეტიჩი, რომელიც ინგლისურ ფეხბურთს ვერაფრით მოერგო და იტალიაში ბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტიში" გადასვლამდე, ჩერნოგორიელი თავდამსხმელი "ფიორენტინაში" ასპარეზობდა და ფლორენციული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. სულ ბოლო ინფორმაციით, სტევანი უკვე მილანშია და უახლოეს საათებში კონტრაქტს გააფორმებს. აქვე ვთქვათ, რომ "ნერაძურის" მალე შეუერთდება ბრაზილიელი ფელიპე მელო, რომელიც შუა ხაზში ჟოფრეი კონდოგბიასთან ერთად ტანდემს შექმნის.

"ინტერში" უწინასწარმეტველებენ გადაბარგებას ხუან კუადრადოს, რომელიც ასევე შემტევია და როგორც წესი, გარემარბის პოზიციაზე ასპარეზობს. იოვეტიჩის მსგავსად, ვერც კუადრადო მოერგო პრემიერლიგას და მასაც სერია A-ში სურს დაბრუნება. საგულისხმოა, რომ "ჩელსიში" გადასვლამდე, 27 წლის კოლუმბიელიც "ფიორენტინაში" ასპარეზობდა. "ინტერს" შეტევაში უჭირს და მილანური დერბის შემდეგ მანჩინიმ სწორედ ამ თემაზე გააკეთა კომენტარი:

"შეტევითი პოტენციალი ნამდვილად გვაქვს და მთავარია, რომ ჩვენი თამაში ვიპოვოთ. ბუნებრივია, გაძლიერება გვჭირდება და ამაზე ვმუშაობთ. მთავარია, ბურთზე კონტროლი დავაწესოთ და ყველაფერი კარგად იქნება. პალასიო-იკარდის ტანდემს ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ მე მათ პოზიციას ვერ გავიზიარებ - როდრიგო და მაურო კარგად ავსებენ ერთმანეთს, შეთამაშებულნი არიან და ეს ბევრს ნიშნავს. "ინტერს" სახიფათო შეტევა ეყოლება და ამაში სეზონის სტარტზევე დარწმუნდებით".

ზლატანის მოლოდინში
"მილანმა" "ინტერის" ძლევით გულშემატკივრები, განსაკუთრებით კი, ჩინელი ქომაგები გაახარა, რომლებიც შანხაის სტადიონზე მრავლად შეიკრიბნენ. დერბი საინტერესო გამოვიდა, მატჩის მშვენება კი ფილიპ მექსეს ფანტასტიკური და ენითაუწერელი გოლი იყო - არადა, ფრანგ მცველს უშვებდნენ გუნდიდან და მხოლოდ იმიტომ დატოვეს, რომ ხელფასის სამჯერ შემცირებას დათანხმდა.

"როსონერის" უკვე დაემატნენ ლუის ადრიანო, კარლოს ბაკა, ხოსე მაური და ანდრეა ბერტოლაჩი, მათ რიცხვს კი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ალესიო რომანიოლი დაემატნონ.

საინტერესო ფეხბურთელია როდრიგო ელი, რომელიც "აველინოდან" დაიბრუნეს და დაცვის ცენტრში კედელივით დგას. ელი სულ რაღაც 21 წლისაა და მეტად საინტერესო პერსონაა - იტალიური ფესვების მქონე ბრაზილიელია და თავადვე უნდა აირჩიოს, თუ რომელი ქვეყნის ნაკრებში ითამაშებს. თავის დროზე, იტალიის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში აქვს ნათამაშები, მაგრამ ამავდროულად, ბრაზილიის 21-წლამდელთა გუნდში ჩაატარა ერთი თამაში.

ამას იქით, უკვე ეროვნული გუნდი უწევს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ "მილანი" რომანიოლის დაიმატებს, ლომბარდიელებს დაცვის ცენტრში ძალიან ახალგაზრდული და საინტერესო ტანდემი ეყოლებათ. ბოლოს, "როსონერის" მთავარ მწვრთნელ სინიშა მიხაილოვიჩს მოვუსმინოთ, რომელმაც დერბის შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა და შემდეგ, გასული სეზონის მიხედვით, სერია A-ს 10 საუკეთესო გუნდის მიერ უკვე განხორციელებულ ტრანსფერებს გადავხედოთ:

"სწორი გზით მივდივართ და დარწმუნებული ვარ, რომ "მილანი" ახალ სეზონში მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებს. ფეხბურთელები უაღრესად მოტივირებულნი არიან და ვარჯიშებზე თავს არ ზოგავენ. ვეცდებით, კიდევ ორი ან სამი ფეხბურთელი გადმოვიბიროთ და ამით დასრულდება გუნდის დაკომპლექტება. "მილანი" დაიბრუნებს ძველ დიდებას და იმაზე მალე მოხდება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია".

იუვენტუსი
წავიდნენ: სტორარი (კალიარი), ლეალი (ფროზინონე), მატიელო (კიევო), ოგბონა (ვესტ ჰემი, ინგლისი), სორენსენი (კიოლნი, გერმანია), რომულო (ვერონა), პეპე (თავისუფალი აგენტი), პირლო (ნიუ იორკ სიტი, აშშ), მარონე (კარპი), მატრი (მილანი), ტევესი (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა), ვიდალი (ბაიერნი, გერმანია)
მივიდნენ: ნეტო (ფიორენტინა), რუგანი (ემპოლი), ისლა (ქუინს პარკ რეინჯერსი, ინგლისი), ხედირა (რეალი, ესპანეთი), დიბალა (პალერმო), მანჯუკიჩი (ატლეტიკო, ესპანეთი), ძაძა (სასუოლო)

რომა
წავიდნენ: სპოლი (კატანია), ბერტოლაჩი (მილანი), კურჩი (თავისუფალი აგენტი), ბალძარეტი (თავისუფალი აგენტი), ოლებასი (უოტფორდი, ინგლისი), პელეგრინი (სასუოლო), ვერდე (ფროზინონე), ტალო (ლილი, საფრანგეთი), ვივიანი (ვერონა)
მივიდნენ: რომანიოლი (სამპდორია), იაგო (ჯენოა), დიალო (ბარსელონა, ესპანეთი), დესტრო (მილანი)

ლაციო
წავიდნენ: ნოვარეტი (ლეონი, მექსიკა), მორისონი (თავისუფალი აგენტი), ლედესმა (თავისუფალი აგენტი), სიანი (თავისუფალი აგენტი), მინალა (ლატინა), კავანდა (ტრაბზონსფორი, თურქეთი), ედერსონი (თავისუფალი აგენტი)
მივიდნენ: გონსალესი (ტორინო), ჰუდტი (ალკმაარი, ჰოლანდია), მაურისიო (სპორტინგი, პორტუგალია)

ფიორენტინა
წავიდნენ: ნეტო (იუვენტუსი), როზი (ჯენოა), რიჩარდსი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), პიჩინი (ბეტისი, ესპანეთი), სავიჩი (ატლეტიკო, ესპანეთი), ოკტავიო (ბოტაფოგო), კურტიჩი (სასუოლო), ლაცარი (თავისუფალი აგენტი), დიამანტი (გუანჯუ, ჩინეთი), სალიფუ (პერუჯა), აკვილანი (თავისუფალი აგენტი), სალაჰი (ჩელსი, ინგლისი), მატოსი (კარპი), ელ ჰამდაუი (თავისუფალი აგენტი), ჯილარდინო (გუანჯოუ, ჩინეთი)
მივიდნენ: მარიო სუარესი (ატლეტიკო, ესპანეთი)

ნაპოლი
წავიდნენ: მესტო (თავისუფალი აგენტი), მიჩუ (სუონსი, ინგლისი), გარგანო (მონტერეი, ურიგვაი), უვინი (ტვენტე, ჰოლანდია), ბრიტოსი (უოტფორდი, ინგლისი), საპატა (უდინეზე)
მივიდნენ: ვარგასი (ქუინს პარკ რეინჯერსი, ინგლისი), ვალდიფიორი (ემპოლი), რეინა (ბაიერნი, გერმანია), ჟორჟინიო (ვერონა), გაბრიელი (მილანი), ალანი (უდინეზე)

ჯენოა
წავიდნენ: ბერტოლაჩი (რომა), იაგო (რომა)
მივიდნენ: რიზი (ფიორენტინა), ლაზოვიჩი (თავისუფალი აგენტი), პანდევი (თავისუფალი აგენტი), ფიგეირაში (სევილია, ესპანეთი), პავოლეტი (სასუოლო), სისოკო (ნანტი, საფრანგეთი), მუნიოსი (თავისუფალი აგენტი)

სამპდორია
წავიდნენ: რომანიოლი (რომა), ობიანგი (ვესტ ჰემი, ინგლისი), ეტოო (ანთალიასფორი, თურქეთი), რომერო (თავისუფალი აგენტი), ფორნაზიერი (პესკარა), კაჩატორე (კიევო)
მივიდნენ: ბარეტო (თავისუფალი აგენტი), მოისანდერი (თავისუფალი აგენტი), პუჯონი (კიევო), კოდა (თავისუფალი აგენტი), კასანი (პარმა), ფერნანდო (შახტარი, უკრაინა), ზუკანოვიჩი (კიევო)

ინტერი
წავიდნენ: პოდოლსკი (არსენალი, ინგლისი), მბაიე (ბოლონია), ჯონათანი (თავისუფალი აგენტი), სილვესტრი (თავისუფალი აგენტი), ფელიპე (თავისუფალი აგენტი), კამპანიარო (თავისუფალი აგენტი), კუზმანოვიჩი (ბაზელი, შვეიცარია), ობი (ტორინო)
მივიდნენ: მურილიო (გრანადა, ესპანეთი), მირანდა (ატლეტიკო, ესპანეთი), კონდოგბია (მონაკო, საფრანგეთი), მონტოია (ბარსელონა, ესპანეთი), ბიაბიანი (თავისუფალი აგენტი)

ტორინო
წავიდნენ: გონსალესი (ლაციო), ვერდი (მილანი), დარმიანი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი)
მივიდნენ: აველარი (კალიარი), ასკუა (ჰოფენჰაიმი, გერმანია), ბენასი (ინტერი), ბარნასონი (პესკარა), ობი (ინტერი), ძაპაკოსტა (ატალანტა), ბაზელი (ატალანტა)

მილანი
წავიდნენ: ბოკეტი (სპარტაკი, რუსეთი), ბონერა (თავისუფალი აგენტი), რამი (სევილია, ესპანეთი), ვან გინკელი (ჩელსი, ინგლისი), ესიენი (თავისუფალი აგენტი), მუნტარი (თავისუფალი აგენტი), დესტრო (რომა), პაცინი (ვერონა), ელ შაარავი (მონაკო, საფრანგეთი), გაბრიელი (ნაპოლი)
მივიდნენ: ელი (აველინო), ვერდი (ტორინო), ბერტოლაჩი (რომა), ლუის ადრიანო (შახტარი, უკრაინა), მატრი (იუვენტუსი), ბაკა (სევილია, ესპანეთი), მაური (პარმა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული