მილანური გრანდები: კრიზისის დასასრულის დასაწყისი

AutoSharing Option
მილანი ერთადერთი ქალაქია ევროპაში, სადაც ორი ისეთი გუნდი ბინადრობს, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა აქვთ მოგებული. ევროპული ფეხბურთის ორი სრულფასოვანი გრანდი: "მილანი" და "ინტერი", რომლებიც, ტრადიციულად, უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან.

ცალკე სალაპარაკო თემაა "დერბი დელა მადონინა", ანუ მილანური გარჩევა, რომელიც ახლო წარსულში არანაკლებ ინტერესს იწვევდა, ვიდრე "ბარსელონა"-"რეალის" დაპირისპირება. ამ ფონზე, მეტად მძიმე სანახავი იყო ბოლო მილანური დერბი, უგოლო ფრე და უსახური თამაში საშუალო კლასის ფეხბურთელთა შესრულებით.

გასულ სეზონში, ორივე მილანური გუნდი ევროზონის მიღმა დარჩა და ესეც სრულიად ლოგიკური გახლდათ. ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშების
ფინალი მილანში, "სან სიროზე" გაიმართება, მაგრამ იქ თამაშის შანსი არც "როსონერის" აქვს და არც "ნერაძურის".

გასულ სეზონში, მილანური გრანდების საშინაო თამაშებზე უპრეცედენტოდ ცოტა მაყურებელი დადიოდა: საშუალოდ 35-40 ათასი ქომაგი, რამდენიმე შეხვედრას კი ორ ათეულ ათას კაცზე მეტი არ დასწრებია. შესაძლოა, ეს ბევრი სხვა გუნდისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია, მაგრამ არა "მილანისთვის" და არა "ინტერისთვის", რომლებსაც ერთი სტადიონი აქვთ და რომელიც 80 ათას გულშემატკივარს იტევს.

გასულ სეზონში, მოთმინების ფიალა ქომაგებსაც აევსოთ და მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს - "მილანის" ულტრასებმა სამხრეთ ტრიბუნაზე ფლეშმობი დადგეს და შემდეგი სიტყვა გამოსახეს: BASTA, თუმცა იყო პროტესტის უფრო აგრესიული ფორმებიც და არა მარტო "სან სიროზე", არამედ კლუბების ოფისებთანაც.

მოკლედ, ეს იყო ზღვარი, რომლის ქვემოთ დაშვებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია - პირიქით, როგორც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიო ამბობს, დადგა დრო, როდესაც მილანური გრანდები პროგრესის გზას უნდა დაადგნენ და ეს პროცესი ამ ზაფხულს, სატრანსფერო ბაზარზე უნდა დაიწყოს...

"ინტერმა" უკვე დიდძალი თანხა დახარჯა, "მილანმა" კი ეს-ესაა დაიწყო ხარჯვა, მაგრამ არის კითხვის ნიშნებიც - მაგალითად, "ნერაძურის" სატრანსფერო პოლიტიკას ბევრი აკრიტიკებს და მათ აქვთ თავიანთი მოსაზრებები. ქვემოთ, ორივე გუნდის ბანაკში შევიხედოთ...

"ინტერი"
"ინტერმა" უკვე გაიფორმა რამდენიმე ფეხბურთელი და კიდევ რამდენიმეს უახლოეს დღეებში გადაიბირებს. პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ჟოფრეი კონდოგბიას და მურილიოს მსგავსად, "ნერაძურიში" გააგრძელებენ კარიერას მირანდა და იმბიულა.

კონდოგბია "ინტერს" 35 მილიონი ევრო დაუჯდა, იმბიულას სატრანსფერო ფასი 18 მილიონი ევროა, მირანდა 12 მილიონადაა შეფასებული, მურილიო კი - 8 მილიონად. მთლიანობაში, თანხა 75 მილიონ ევროს აღწევს, რაც სოლიდური დანახარჯია და ზოგს მიაჩნია, რომ ამ ოდენობის თანხის გამოყენება გაცილებით ეფექტურად შეიძლებოდა.

"ინტერმა", ძირითადად, უკანა ხაზი გაამაგრა, შეტევაში კი გუნდი, ჯერჯერობით, მეტწილად ისევ მაურო იკარდის იმედზეა. ამ თემაზე "ინტერის" ცოცხალმა ლეგენდამ, ჯუზეპე ბერგომიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"თითქმის 80 მილიონი ევრო დახარჯეს და ვერ ვხედავ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც მატჩის ბედს გადაწყვეტენ და გუნდის შემტევ პოტენციალს გაზრდიან. ასეთი "ინტერი" უფრო ცოტა გოლს გაუშვებს, მაგრამ თუ გოლები ვერ გაიტანე, ყველაფერს აზრი ეკარგება. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ დროში კლუბის მესვეურები რამდენიმე მაღალი კლასის შემტევს დაიმატებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დახარჯული ფული ფუჭი იქნება".

"ინტერი" მოჰამედ სალაჰის გადაბირებას ცდილობს, მაგრამ ეს საკითხი ჯერ შორსაა გადაწყვეტისგან და შესაბამისად, უნდა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. სამაგიეროდ, მილანელები უფრო ახლოს არიან მონტოიას ტრანსფერთან - არადა, ესპანელიც მცველია...

და მაინც, უმეტესობა ოპტიმისტურად არის განწყობილი, რადგან "ინტერმა" უკანა ხაზი საფუძვლიანად გააძლიერა და წინ კიდევ საკმარისი დროა იმისთვის, რომ შეტევასაც მიხედოს. კლუბის საპატიო პრეზიდენტი მასიმო მორატი გულშემატკივრებს "ნერაძურის" აღორძინებას ჰპირდება:

"კონდოგბიას ტრანსფერი რონალდოს მოსვლას მაგონებს, რადგან მაშინ ბრაზილიელიც ახალგაზრდა იყო და მასზე უდიდესი იმედები მყარდება. "ინტერში" კიდევ რამდენიმე ექსტრა-კლასის ფეხბურთელი მოვა და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი ძველ დიდებას იმაზე უფრო მალე დაიბრუნებს, ვიდრე ბევრს ჰგონია. ვიცი, რა გეგმები აქვს ერიკ ტოჰირს და მინდა გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ მოვუწოდო. მომდევნო სეზონში, "ინტერი" რამდენჯერმე ძლიერი იქნება, ვიდრე ბოლო ორ-სამ სეზონში იყო".

"ინტერის" ტრანსფერები
წავიდნენ: პოდოლსკი (არსენალი, ინგლისი), ბენასი (ტორინო), მბაიე (ბოლონია), ჯონათანი (თავისუფალი აგენტი), რიკი ალვარესი (სანდერლენდი, ინგლისი), დანკანი (სამპდორია), სილვესტრი (თავისუფალი აგენტი), ფელიპე (თავისუფალი აგენტი), კამპანიარო (თავისუფალი აგენტი)
სავარაუდოდ, წავლენ: კუზმანოვიჩი (უოტფორდი, ინგლისი), სანტონი (უოტფორდი, ინგლისი ან რომა), ჟუან ჟესუსი (სპარტაკი, რუსეთი)
მივიდნენ: მურილიო (გრანადა, ესპანეთი), კონდოგბია (მონაკო, საფრანგეთი)
სავარაუდო შენაძენი: მირანდა (ატლეტიკო, ესპანეთი), იმბიულა (მარსელი, საფრანგეთი), ბენატია (ბაიერნი, გერმანია), მონტოია (ბარსელონა, ესპანეთი), დუდა (ლეგია, პოლონეთი), სალაჰი (ფიორენტინა)

"მილანი"
"მილანს" არაერთ ფრონტზე მოეცარა ხელი, დაწყებული კარლო ანჩელოტით, გაგრძელებული ჯექსონ მარტინესით და დამთავრებული ჟოფრეი კონდოგბიათი, მაგრამ ფაქტია, რომ "როსონერის" მესვეურებს ფული აქვთ და ამ ფულს აუცილებლად დახარჯავენ. პირველი სოლიდური ტრანსფერი 24 წლის ანდრეა ბერტოლაჩია, რომლის სანაცვლოდაც ლომბარდიელები "რომას" 20 მილიონ ევროს გადაუხდიან.

ამასთან, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, რომ "მილანში" გააგრძელებს კარიერას 29 წლის კოლუმბიელი ფორვარდი კარლოს ბაკა. გეცოდინებათ, ბაკა "სევილიას" ლიდერი გახლდათ და ამ გუნდის ბოლო წარმატებების მთავარი შემოქმედი. როგორც "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, კარლოსი სამედიცინო შემოწმებას კოლუმბიაში გაივლის და იქვე მოაწერს ხელს "მილანთან" 3-წლიან ხელშეკრულებას, რომლის დეტალები ჯერ ცნობილი არაა.

გარდა ამისა, "მილანი" ახლოსაა კიდევ ორი ფეხბურთელის დამატებასთან - ერთი აქსელ ვიტსელი გახლავთ "ზენიტიდან" და მეორე ლუის ადრიანო დონეცკის "შახტარიდან". ლომბარდიულ გრანდს კიდევ არაერთ ფეხბურთელს უკავშირებენ, მათ შორის, მატს ჰუმელსს და ზლატან იბრაჰიმოვიჩს. სავარაუდო ტრანსფერებში კიდევ არაერთი ფეხბურთელია და მათ შორის, უმრავლესობა შემტევი. როგორც ჩანს, "როსონერის" განსხვავებული სტრატეგია აქვს და სინიშა მიხაილოვიჩს, ძირითადად, თავდამსხმელები სჭირდება.

მიხაილოვიჩი კიდევ ცალკე სალაპარაკო თემაა - "მილანის" ქომაგთა ერთმა, დიდმა ნაწილმა სერბი ცივად მიიღო და ამას აქვს თავისი ახსნა: სინიშა წლების განმავლობაში თამაშობდა "ინტერში" და სამწვრთნელო კარიერაც სწორედ იქ დაიწყო. თვითონ არაერთხელ უთქვამს, რომ "ინტერისტაა" და ერთხელ ისიც კი განაცხადა, მოვკვდები და "მილანს" არასდროს ჩავიბარებო. მიხაილოვიჩი ცოცხალია, "როსონერის" მწვრთნელია და დიდ გეგმებზე საუბრობს:

"წინ დიდი სეზონი გველოდება, რომელმაც გულშემატკივართა იმედები უნდა გაამართლოს. ვიცი, რომ ბევრი კრიტიკულად, ზოგი კი მტრულად შემხვდა, მაგრამ ვეცდები, რომ მათი სიყვარული მოვიპოვო. ჩემი მიზანია, რომ შევქმნა "მილანი", რომლისაც ისევე შეეშინდებათ, როგირც უწინ. ჩვენ ვაძლიერებთ შემადგენლობას და ეს პროცესი გაგრძელდება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე. ისეთი შემადგენლობა უნდა შევკრიბოთ, რომელიც უმაღლეს მიზნებს მიაღწევს".

სინიშა მიხაილოვიჩმა სწორად შენიშნა, რომ ბევრი მას მტრულად დახვდა - ერთი ცხადია, პირველივე შეცდომაზე, პირველივე ფეხის დაცდენაზე მას წარსულს გაახსენებენ და ობსტრუქციას მოუწყობენ. სინიშას არავინ დაინდობს ისე, როგორც ეს ფილიპო ინძაგის შემთხვევაში ხდებოდა. სერბს არავინ აცდის ერთი წელი - ორი ჩაგდებული თამაში და მას დაუსტვენენ, აგინებენ, გაგდებას მოითხოვენ - ეს მიხამ ყველაზე უკეთ იცის და როგორც თავად ამბობს, ამ გამოწვევისთვის მზად არის.

მილანის ტრანსფერები
წავიდნენ: ბოკეტი (სპარტაკი, რუსეთი), ვან გინკელი (ჩელსი, ინგლისი), ესიენი (თავისუფალი აგენტი), დესტრო (რომა)
სავარაუდოდ, წავლენ: პაცინი (თავისუფალი აგენტი), რამი (ლიონი)
მივიდნენ: ელი (აველინო), მატრი (იუვენტუსი), ვერდი (ემპოლი), მაური (პარმა), ბერტოლაჩი (რომა)
სავარაუდო შენაძენი: ბაკა (სევილია, ესპანეთი), სავიჩი (ფიორენტინა), იოვეტიჩი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ლუის ადრიანო (შახტარი, უკრაინა), იბრაჰიმოვიჩი (პსჟ, საფრანგეთი), ვიტსელი (ზენიტი, რუსეთი), კავანი (პსჟ, საფრანგეთი), ჰუმელსი (დორტმუნდი, გერმანია)

P.S. მილანურ გრანდებს ყველაფერი არ გამოსდით სატრანსფერო ბაზარზე, არის კითხვის ნიშნები და კრიტიკა, მაგრამ ასეა თუ ისე, "როსონერი" და "ნერაძური" ძლიერდებიან. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ მომდევნო სეზონში, ორივე გუნდი გაცილებით მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებს, უახლოეს მომავალში კი "იუვენტუსს" ღირსეული კონკურენტები ეყოლება - ეს სჭირდება თვითონ "იუვენტუსს" და მთლიანად, იტალიურ ფეხბურთს.

ცხადია ისიც, რომ მომდევნო სეზონში უფრო ვარსკვლავურ და გაცილებით საინტერესო დერბის ვიხილავთ. "ინტერმა" დაიწყო ფულის ხარჯვა, "მილანი" კი იწყებს, რაც წესით, ლომბარდიული გრანდების კრიზისის დასასრულის დასაწყისი უნდა იყოს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მომენატრა მილანის თამაში ევრო ტურნირებზე
0
ავტორს არ ეწყინოს, მაგრამ "კრიზისის დასასრულის დასაწყისი" ნიშნავს დასასრული მხოლოდ ახლა იწყება და რამდენი ხანი გაგრძელდება არავინ იცის, ანუ კიდევ უარეს დღეში უნდა ჩავარდნენ ეს კლუბები. ეს გქონდათ მხედველობაში?
მოქალაქე, ოღონდ "ის მოქალაქე" არა :))))
12:58 29-06-2015
0

სიახლეები პოპულარული