სერია A. XXXVII ტური: "რომა" ლიგაზე, "ლაციო" შარში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"იუვენტუსთან" ერთად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "რომა" იასპარეზებს. აი, "ლაციომ" კი ძალიან გაირთულა ვითარება და საიმისოდ, რომ ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვოს, სერია A-ს ბოლო ტურში, ნეაპოლში მინიმუმ ქულა უნდა აიღოს, რაც ურთულესი იქნება.

დიახ, განვლილმა რომაულმა დერბიმ ბოლო ტურს უდიდესი ინტრიგა დაუტოვა - "სტადიო სან პაოლოზე" "ნაპოლი" "ლაციოს" დაუხვდება და სწორედ ამ მატჩში გაირკვევა ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი მესამე გუნდის ვინაობა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ორი გუნდის პირველ შეხვედრაში "ნაპოლიმ" იმარჯვა, ხოლო იტალიაში თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა
ურთიერთშეხვედრებს ენიჭება, რაფა ბენიტესს შეგირდებს ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება აძლევთ ხელს...

რომაული დერბის პირველი ტაიმი ნელ ტემპში წარიმართა და სახიფათო მომენტები თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით შეიქმნა, მეორე ნახევარში კი მეტად მოიცალეს გუნდებმა შეტევებისთვის და სამი გოლიც ვიხილეთ:

73-ე წუთზე, ხუან იტურბემ ვიკტორ იბარბოს შესანიშნავი პასით ისარგებლა და გახსნა ანგარიში, რასაც ფილიპ ჯორჯევიჩის შედეგიანი თავური მოჰყვა, მისი ასისტენტი კი მიროსლავ კლოზე გახლდათ. თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, რაც მეტნაკლებად ორივე გუნდს აძლევდა ხელს, მაგრამ 85-ე წუთზე, იანგა-მბივამ თავური დარტყმით კიდევ ერთხელ შეარხია ფედერიკო მარკეტის კარის ბადე და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:2.

"რომა" მეორეა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, "ლაციოს" კი გადამწყვეტი მატჩი წინ ელის...

P. S. თამაში დღისით გაიმართა, რათა პოლიციას ექსცესები თავიდან აეცილებინა, მაგრამ ტიფოზებს შორის ჩხუბი რომაულ ქუჩებში მაინც მოხვდა. საბოლოოდ, ორი ფანი დაჭრეს.

ლაციო-რომა 1:2
გოლები: 0:1 იტურბე (73), 1:1 ჯორჯევიჩი (81), 1:2 იანგა-მბივა (85)
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - ბასტა, დე ვრი, ჯენტილეტი, ლულიჩი (55. კავანდა) - პაროლო, ბილია (79. კატალდი) - კანდრევა, მაური (76. ჯორჯევიჩი), ანდერსონი - კლოზე
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ტოროსიდისი, მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი - კეიტა (68. პიანიჩი), ნაინგოლანი, დე როსი - ფლორენცი, იტურბე (85. დუმბია), ტოტი (61. იბარბო)
გაფრთხილება: ჯენტილეტი, ბილია, ლულიჩი, კლოზე - ტოროსიდისი, ფლორენცი, ტოტი, იტურბე
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 7-4 (3-2); ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 65 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული