იტალიის ნაკრები: ძაძა და იმობილე შეტევაში

AutoSharing Option
28 მარტს სოფიაში იტალიის ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება და შეეცდება, რომ სამი ქულა ჩაიწეროს აქტივში. ანტონიო კონტეს თქმით, "სკუადრა აძურას" ერთადერთი მიზანი სწორედ გამარჯვება და ევროპის ჩემპონატის საგზურის რაც შეიძლება მალე მოპოვებაა.

კოვერჩიანოს ბაზაზე საწვრთნელი პროცესი მიმდინარეობს, გუშინ კი ორმხრივი თამაში გაიმართა, რამაც ჟურნალისტებს საგულისხმო ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ჩანს, კონტე არ აპირებს იმ ტაქტიკა-შემადგენლობის დამალვას, რომლითაც ბულგარეთს გასვლაზე დაუპირისპირდება, რადგან ამ ორმხრივ თამაშში ერთი გუნდი აშკარად ძირითად შემადგენლობას ჰგავდა... ტაქტიკა 3-5-2; კარში - ჯანლუიჯი ბუფონი;
დაცვაში - ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი; ფლანგებზე - მატეო დარმიანი და მანუელ პასკუალი; შუა ხაზში - მარკო ვერატი, კლაუდიო მარკიზიო და ანტონიო კანდრევა, შეტევის წინა ხაზზე კი სიმონე ძაძა და ჩირო იმობილე.

სწორედ ასეთი შემადგენლობა მოიაზრება ბულგარეთთან მატჩისთვის და ამას არც ანტონიო კონტე უარყოფს თავის კომენტარში:

"დღეს ვნახე ის შემადგენლობა, რომელსაც სიამოვნებით დავეყრდნობი და ამას არც ვმალავ. მეორე მხრივ, საბოლოო თერთმეტეულს თამაშის დღეს გამოვაცხადებ და იქამდე რაღაც შეიძლება შეიცვალოს. ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან, რაც ძალიან მახარებს. სეზონის დასკვნითი ფაზაა და სხვას არც ველოდი.

ბულგარეთი ძლიერი გუნდია, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის იბრძვის და სახლში იოლად არაფერს დათმობს. ჩვენი მიზანი მხოლოდ სამი ქულაა, რადგან ხორვატებს გასწრების საშუალება არ უნდა მივცეთ. მძიმე ჯგუფში ვართ, თუმცა ეს მოტივაციას გვმატებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული