რაფაელ ბენიტესმა "ნაპოლის" საბოლოო უარი უთხრა

AutoSharing Option
მთელი სეზონია, "ნაპოლის" მესვეურები რაფაელ ბენიტესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობენ, მაგრამ ამ საქმეს ვერაფრით მოაბეს თავი.

უფრო სწორად, თავად ესპანელი სპეციალისტი იკავებდა თავს და მუდმივად იმას აცხადებდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას გაზაფხულზე მიიღებდა. საქმე იმაშია, რომ ბენიტესის კონტრაქტს ვადა 1-ელ ივლისს ეწურება და არგახანგრძლივების შემთხვევაში, კლუბის მესვეურებს ახალი მწვრთნელის ძებნა მოუწევთ.

გუშინ იტალიურ სპორტულ მედიაში სწორედ ამ თემაზე გავრცელდა ცნობები და ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ბენიტესმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საბოლოო უარი განაცხადა. "ნაპოლის" პრტეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კიდევ ერთხელ ეცადა რაფას დარწმუნებას, მაგრამ
უარი მიიღო. ითქვა ისიც, რომ ბენიტესს ინგლისში სურს გადასვლა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს.

დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი წლებია, ნეაპოლში მუშაობს, მისი ოჯახი მთელი ამ დროის განმავლობაში ლივერპულში ცხოვრობს. თავად რაფას სწორედ ამ ქალაქის ამავე დასახელების გუნდის ჩაბარება სურს, მაგრამ დღეს ამის ალბათობა უფრო მცირეა, ვიდრე თუნდაც სეზონის პირველ წრეში იყო - საქმე ისაა, რომ მერსისაიდელებმა თამაში გამოასწორეს და ბრენდან როჯერსის სკამსაც საფრთხე ნაკლებად ემუქრება.

მოკლედ, რაფა წასვლას აპირებს, აურელიო დე ლაურენტისს კი ახალი მწვრთნელის მოძებნა მოუწევს - მაღალი კლასის უმუშევარი მწვრთნელები ბევრნი არიან და წესით, ნეაპოლელებმა რაფას შემცვლელი იოლად უნდა იპოვონ. აქვე ვთქვათ, რომ ჩეზარე პრანდელი და ლუჩანო სპალეტი საინტერესო წინადადების მოლოდინში არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული