ყოფნა-არყოფნა: "პარმას" ბუნდოვანი მომავალი

AutoSharing Option
"პარმას" მომავალი ჯერ ისევ ბუნდოვანია - სერია A-ს 24-ე ტურში ემილიურმა გუნდმა ვერ ითამაშა და ჯერაც უცნობია, იასპარეზებს თუ არა მომდევნო შეხვედრაში. 25-ე ტურის ეგიდით, "პარმას" "ჯენოასთან" უწევს სტუმრობა.

მართალია, ამჯერად ემილიელებს სტადიონის პერსონალის დაქირავება არ მოუწევთ, მაგრამ გენუაში ჩასვლას თანხა ხომ სჭირდება? - ამიტომ არაა გამორიცხული, რომ "პარმამ" კიდევ ერთი პაექრობა გამოტოვოს. აქვე ვთქვათ, რომ კლუბი შესაძლოა, ბანკროტად გამოცხადდეს და სერია D-ში დაქვეითდეს, თუმცა მის გადასარჩენად იტალიის ფეხბურთის ფედერაცია და "ლეგა კალჩო" 5 მილიონ ევროს გამოჰყოფენ.

იქნება კი ეს
საკმარისი? - ეს ჯერ კიდევ არაა ცნობილი და ბევრ კითხვას დღეს მოეფინება ნათელი; "პარმას" პრეზიდენტ ჯამპიეტრო მანენტის მოვუსმინოთ:

"რთული მდგომარეობაა და ყველაფერს ვაკეთებ, რომ გამოსავალი უმოკლეს დროში ვიპოვო. ვიცი, რომ გულშემატკივრები იმედგაცრუებულნი არიან და პირველ რიგში, მე მადანაშაულებენ, მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე.

დიახ, მე ვაპირებდი 15 მილიონი ევროს ჩადებას და ვფიქრობდი, რომ პირველ ეტაპზე, ეს ყველა პრობლემას მოაგვარებდა - მაგრამ, როგორც შემდეგ გამოჩნდა, თურმე კლუბს გაცილებით დიდი ვალები და პრობლემები ჰქონია. როდესაც "პარმას" ვყიდულობდი, ბევრი რამ ვიცოდი და ბუნებრივია, ამან ჩემი აღშფოთება გამოიწვია.

ასეა თუ ისე, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ კლუბი გადარჩეს და საამისოდ, ხვალ პარმას მერთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მექნება. ვაპირებ, დაპირებული თანხა ჩავდო კლუბში, მაგრამ ქალაქიც უნდა დამეხმაროს, რომ ყველა პრობლემას ერთობლივი ძალებით გავუმკლავდეთ. მჯერა, რომ "პარმას" გაკოტრებისგან გადავარჩენთ, ეს უპირველესი ამოცანაა".

სანამ "პარმას" ჯამპიეტრო მანენტი შეიძენდა, იქამდე კლუბს სულ რამდენიმე დღით რეჯარდ ტაჩი ფლობდა, იქამდე კი, წლების განმავლობაში, ტომაზო გირარდი - ბევრი სწორედ გირარდის ადანაშაულებს იმაში, რომ კლუბი დღეს ასეთ დღეშია - თავად ტომაზო შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"ყველაფერი გავაკეთე, რომ "პარმა" ასეთ ვითარებაში არ ჩავარდნილიყო, მაგრამ როდესაც მივხვდი, რომ საქმე ცუდად მიდიოდა, კლუბის გაყიდვა გადავწყვიტე. ეს ჩემთვის უმძიმესი ნაბიჯი იყო, მაგრამ კლუბის ინტერესებიდან გამოვედი - 2014 წლის 4 ნოემბერს, ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე და კლუბი ტაჩის მფლობელობაში გადავიდა. ალბანელმა ბიზნესმენმა გარკვეული ვალდებულება აიღო, რაც შემდეგ არ შეასრულა და სულ მალე, 1 ევროდ კლუბი ჯამპიეტრო მანენტის მიჰყიდა.

მანენტისთან მე საქმე არ მაქვს, მაგრამ ტაჩის აუცილებლად მოვთხოვ პასუხს - მას მხოლოდ 1 ევროდ მივყიდე კლუბი, პირობა კი ვალების გასტუმრება და კლუბის ფეხზე დაყენება იყო, რაც არ გააკეთა. იმედი მაქვს, "პარმა" გადარჩება და სეზონის დარჩენილ შეხვედრებს ითამაშებს".

ერთ დროს...
იყო დრო, როდესაც "პარმას" უძლიერესი შემადგენლობა ჰყავდა და ტროფეებსაც იგებდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში, "პარმამ" ორჯერ მოიგო უეფას თასი და ერთხელ თასების მფლობელთა თასი.

ორჯერ იტალიის თასი მოიგო და ერთხელ სუპერთასი. მართალია, სკუდეტოს ვერ შესწვდა და შესაბამისად, ვერც ჩემპიონთა თასზე იასპარეზა, მაგრამ იმ დროს იტალიაში უმძაფრესი კონკურენცია იყო და სერია A-ს მოგებაზე ადვილი სწორედ ევროარენაზე თავის გამოჩენა გახლდათ. და რა შემადგენლობა ჰყავდა მაშინ "პარმას"?

- თუნდაც 1999 წლის უეფას თასის ფინალი გავიხსენოთ, რომელშიც ემილიელებმა "მარსელი" სამი უპასუხო გოლით დაამარცხეს: კარში ჯანლუიჯი ბუფონი, დაცვაში ლილიან ტიურამი, ფაბიო კანავარო, ნესტორ სენსინი და პაოლო ვანოლი; ნახევარდაცვაში ალან ბოღოსიანი, დინო ბაჯო, დიეგო ფუზერი და ხუან სებასტიან ვერონი; თავდასხმაში ენრიკო კიეზა და ერნან კრესპო. სათადარიგოთა სკამზე ისეთი ვარსკვლავები ისხდნენ, როგორებიც ფაუსტინო ასპრილია, რობერტო მუსი და აბელ ბალბო იყვნენ. ამ გუნდს ალბერტო მალეზანი ედგა სათავეში, იქამდე კი "პარმას" მწვრთნელი თვით კარლო ანჩელოტი იყო.

დღეს ძველი "პარმასგან" მხოლოდ ფერები: ყვითელი და ლურჯია დარჩენილი. დავიტოვოთ იმედი, რომ ემილიური კლუბი გადარჩება და ოდესმე ძველ დიდებას დაიბრუნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული