"იუვენტუსი" VS "ნაპოლი" - წლის ბოლო აკორდი დოჰაში

AutoSharing Option
2014 წელი იტალიურ ფეხბურთში სუპერთასის პაექრობით დაიხურება, რომელშიც ერთმანეთს სერია A-ს გასული სეზონის გამარჯვებული "იუვენტუსი" და თასის მფლობელი "ნაპოლი" წარდგებიან.

მატჩი ყატარის დედაქალაქ დოჰაში 22 დეკემბერს, 21:30 საათზე დაიწყება. სწორედ ამიტომ იყო, რომ იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩები ტურინელებმა და ნეაპოლელებმა ხუთშაბათს გამართეს.

დოჰაში დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს, რადგან "იუვენტუსის" და "ნაპოლის" მატჩები, ტრადიციულად, უკომპრომისოა. ბოლო წლებში, იტალიის თასის ფინალებსა და სუპერთასის გათამაშებებში, ძირითადად, ეს გუნდები უპირისპირდებიან ერთმანეთს.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, მასიმილიანო ალეგრი ძველ ტაქტიკას დაუბრუნდება და გუნდს
3-5-2 სქემით განალაგებს. შეტევაში კარლოს ტევესს და ფერნანდო ლორენტეს ვიხილავთ, საყრდენ ხაზს კი პოლ პოგბა, ანდრეა პირლო და არტურო ვიდალი გაამაგრებენ. გამოჯანმრთელდა კვადვო ასამოა და შესაძლოა, მარცხენა ფრთა ჩაიბაროს, თუმცა მეტი შანსი მაინც კარგ ფორმაში მყოფ პატრის ევრას აქვს. მარჯვნივ შტეფან ლიხტშტაინერი უკონკურენტოა, რომელმაც "იუვესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.

რაფაელ ბენიტესი ექსპერიმენტებს მოერიდება, ტრადიციულ 4-2-3-1 სქემას აირჩევს და წინა ხაზზე გონსალო იგუაინს გაამწესებს. მწყობრშია მარეკ ჰამშიკი, რომელსაც ფლანგებიდან ხოსე კალეხონი და დრის მერტენსი აუბამენ მხარს. როგორც რაფა აცხადებს, ნეაპოლელებისთვის ეს ტიტული ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერს იღონებს, რომ გულშემატკივარი გაახაროს.

ორივე გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, თუმცა, რა გასაკვირია, რომ ურთულეს ბრძოლას ელოდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული