"ლაციო": ლუკას ბილია გაირკვა, სარატე არა

AutoSharing Option
ლუკას ბილიას "ანდერლეხტიდან" "ლაციოში" გადაბარგების შესახებ დიდი ხანია ვრცელდება ცნობები და აი, როგორც იქნა, ტრანსფერი შედგა. 27 წლის არგენტინელი უკვე რომშია და როდესაც ამ ცნობას კითხულობთ, ალბათ ხელშეკრულებისთვის ხელიც აქვს მოწერილი. აქვე ვთქვათ, რომ ბილია ბელგიური საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანის კაპიტანი გახლდათ, რომლის შემადგენლობაშიც 300-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და 16 გოლი გატანილი.

"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, ლუკასი რომაელებს 6 მილიონი ევრო დაუჯდათ, მისი წლიური ხელფასი კი 1.1 მილიონი იქნება. ვთქვათ ისიც, რომ ბილიას არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული
- ფეხბურთელმა უკვე გააკეთა მოკლე კომენტარი და განაცხადა, რომ იტალიაში გადაბარგების უმთავრესი მიზეზი ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრების და მუნდიალზე გამგზავრების მეტი პერსპექტივაა.

გაუგებრობა სარატეს გარშემო
მაურო სარატე დიდი ხანია, რაც "ლაციოს" პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს წაეკიდა, რის გამოც გვარიანი პრობლემები შეექმნა... ჯერ "ინტერში" გადაბარგდა იჯარით და ვერ გაამართლა, რომში დაბრუნებულს კი სათადარიგოთა სკამის ხეხვა მოუხდა. გასულ სეზონში 26 წლის შემტევმა მხოლოდ 7 შეხვედრა ჩაატარა და მაშინაც არ ჩნდებოდა მინდორზე, როდესაც მიროსლავ კლოზე ტრავმირებული გახლდათ და დედაქალაქელებს შეტევაში ძალიან უჭირდათ.

სარატე ჟურნალისტებს გაესაუბრა და განაცხადა, რომ ამიერიდან ის თავისუფალი აგენტია:

"რომაულ კლუბთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ძალა აღარ აქვს და უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფალი აგენტი ვარ. ასე რომ, შემიძლია ნებისმიერ კლუბთან გავაფორმო ხელშეკრულება. მართალია, ჩემი კონტრაქტი 2014 წლამდე იყო გათვლილი, მაგრამ ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, თუ გარკვეული რაოდენობის სათამაშო დრო არ მომეცემა, შემიძლია ხელშეკრულება ცალმხრივად გავწყვიტო. სწორედ ეს გავაკეთე, ფიფა-საც ვაცნობე და დასტურიც მივიღე, რომ თავისუფალი აგენტი ვარ. სიამოვნებით განვიხილავ ნებისმიერ შემოთავაზებას, ახალ სეზონს კი მოუთმენლად ველოდები".

ამ თემაზე კომენტარი "ლაციოს" პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომაც გააკეთა: "თავისუფალი აგენტი? - ვერაფერს გეტყვით, რადგან ფიფა-ს ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ არაფერი მსმენია. სარატეს "ლაციოსთან" კიდევ ნახევარწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და თუ იქამდე არ გავყიდეთ, გუნდში მოუწევს დარჩენა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუკას ბილიამ "ლაციოში" სამედიცინო შემოწმება გაიარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული