ეუსებიო დი ფრანჩესკო: "რომას" გაძლიერება კიდევ სჭირდება

AutoSharing Option
"რომა" ახალი სეზონისთვის ამერიკაში ემზადება, სადაც საერთაშორისო ჩემპიონთა თასის გათამაშებაში იღებს მონაწილეობას. "ჯალოროსი" რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა: ანტონიო რიუდიგერი "ჩელსიში" გადავიდა, მოჰამედ სალაჰი "ლივერპულში" გააგრძელებს კარიერას, ლეანდრო პარედესი "ზენიტში" ითამაშებს, ხოლო ფრანჩესკო ტოტიმ კარიერა დაასრულა და კლუბის დირექტორთა საბჭოში იმუშავებს. გუნდში ახალწვეულებიც არიან:

რიკ კარსდორპი "ფეიენოორდიდან", ჯენგიზ იუნდერი "ბაშაკშეჰირიდან", მაქსიმ გონალონი "ლიონიდან" და ლორენცო პელეგრინი "სასუოლოდან". გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ ამერიკაში პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო კომენტარები გააკეთა:

"ფეხბურთელებს ვთხოვე რომ სანამ შეკრებაზე მოვიდოდნენ, 5 დღით ადრე ვარჯიში დაეწყოთ და
გარკვეული დავალებები შეესრულებინათ - მათ ეს გააკეთეს და საკმაოდ კარგ ფორმაში გამოცხადნენ. ჩემი მიზანია, რომ თითოეულ მათგანს დავუთმო დრო და მოკლე პერიოდში დასკვნები გამოვიტანო. ამ დროისთვის, ჩვენ არ გვყავს ბევრი ფეხბურთელი და ამიტომ, თითოეული მათგანი ძალიან გვჭირდება.

რა იქნება მომდევნო სეზონში ჩვენი მიზანი? - დღეს რთულია ამაზე ლაპარაკი, რადგან სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ჯერ კიდევ არ ვიცით, რა შემადგენლობით შევხვდებით ახალ სეზონს. ველოდები გარკვეულ სიახლეებს და თუ გუნდი გაძლიერდა, ჩვენი მიზანი სკუდეტოს მოპოვება იქნება - პირადად მე, სწორედ ამისთვის ჩამოვედი რომში".

ახალწვეულები ყურადღების ცენტრში არიან მოქცეული, მათ შორისაა 28 წლის ნახევარმცველი მაქსიმ გონალონი - მაქსიმმა მთელი 8 წელი "ლიონში" გაატარა და ფრანგული გუნდის შემადგენლობაში 242 შეხვედრა გამართა. ამ ზაფხულს, მის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო, რასაც დიდი ენთუზიაზმით შეხვდა:

"ახალ გუნდთან ადაპტაციას გავდივარ. თანაგუნდელებმა ძალიან კარგად მიმიღეს და ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელი შემიწყონ - ეს არის ახალი გამოწვევა, რომელიც სიამოვნებით მივიღე.

წინ საინტერესო ამხანაგური შეხვედრები გველოდება - ძლიერ გუნდებს შევხვდებით, თუმცა ჩვენთვის მთავარი ახალი სეზონისთვის კარგად მომზადებაა; სწორედ ამას ემსახურება სპარინგ-მატჩები. ძალიან ძლიერ გუნდში მოვხვდი და ეს მახარებს. ნახევარდაცვაში ისეთ დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად მომიწევს თამაში, როგორებიც დანიელე დე როსი, რაჯა ნაინგოლანი და კევინ სტროტმანი არიან. ჩემი აზრით, ამ გუნდს ყველაფრის მიღწევა შეუძლია".

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "რომა" ახალი სეზონისთვის ამერიკაში ემზადება, სადაც საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ასპარეზობს - "პარისენჟერმენთან" სადებიუტო შეხვედრის შემდეგ, "ჯალოროსი" "ტოტენჰემს" და "იუვენტუსს" დაუპირისპირდება. "რომას" კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა აქვს დაგეგმილი - ეუებიო დი ფრანჩესკოს გუნდი 10 აგვისტოს "სევილიას" შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული