რატომ შეიძლება ჩააფლავოს სეზონი "ინტერმა"?

AutoSharing Option
"მილანის" გულშემატკივრები, წლების განმავლობაში პირველად, მოუთმენლად ელიან ახალი სეზონის დაწყებას. სამაგიეროდ, საპირისპირო განწყობაა მილანელთა დაუძინებელი მტრის, "ინტერის" ბანაკში...

ისინი მიიჩნევენ, რომ კლუბის ხელმძღანელობის მიერ წარმოებული სატრანსფერო პოლიტიკა შედეგს ვერ გამოიღებს და საქმეს ვერც გუნდის სათავეში ახალი მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის გამოჩენა უშველის.

ახლა რგოლების მიხედვით განვიხილოთ, რა ხდება "ინტერში". ფაქტია, საქმეს ვერ უშველის მხოლოდ 23 მილიონ ევროდ ნიჭიერი შკრინიარის ყიდვა, რომელიც აქამდე "სამპდორიაში" თამაშობდა.

ცენტრალური მცველები
"ინტერს" ამ სათამაშო რგოლში აშკარა პრობლემები აქვს. ერთადერთი, ვინც შეიძლება მშვიდად იგრძნოს თავი, ბრაზილიელი
ცენტრალური მცველი მირანდაა. მურილიოს თამაში არ მოსწონს სპალეტის. მას რიგი უდგას და ალბათ, მალე შეიცვლის კლუბს. მსურველები უკვე არიან.

იქ არის ძალიან არასტაბილური რანოკია და სპალეტის ბევრი მუშაობა მოუწევს საიმისოდ, რომ მისი რეამინირება მოახდინოს. არ უნდა დავივიწყოთ გარი მედელის შესახებაც. ის კარგი ფეხბურთელია და ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეიძლება გამოიყენო, ოღონდ მხოლოდ კონკრეტულ სქემაში. ამბობენ, რომ სპალეტის საერთოდ აღარ სურს მედელის გუნდში ხილვა მისი არამდგრადი ხასიათის გამო.

ბევრი მიიჩნევდა, რომ გადაწყვეტილი იყო გერმანიის ნაკრების მცველის, რიუდიგერისა და საბერძნეთის ეროვნული გუნდის დაცვის ბურჯის, მანოლასის ტრანსფერის საკითხი, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. რიუდიგერმა სულაც "ჩელსისთან" გააფორმა კონტრაქტი. ახლა "ნერაძურის" მთავარი მიზანი "სოსიედადიდან" ინიგო მარტინესის გადაბირებაა, მაგრამ ამ ტრანსფერისათვის "ინტერმა" მინიმუმ, 30 მილიონი ევრო უნდა გაამზადოს. საკითხავია, არის კი მზად მარტინესი გრანდში სათამაშოდ?

ის კარგად იწყებს შეტევებს და მშვენივრად ურტყამს საჯარიმოებს, მაგრამ გრანდში თამაში მაინც სხვა პასუხისმგებლობაა. რთული სავარაუდოა, რომ "ევერტონმა" დათმოს არგენტინელი მცველი ფუნეს მორი. რაც შეეხება აიაქსელ დევინსონ სანჩესს, ის კიდევ უნდა გაიზარდოს. "ტულუზიდან" ისა დიოპის გადმობირება კი ალბათ ვერ უშველის საქმეს.

ფლანგელი მცველები
რა თქმა უნდა, "ინტერში" არიან ამ ამპლუის კვალიფიციური ფეხბურთელები, მაგრამ გუნდს ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება ახალი სისხლი. "ინტერს" ძალიან უნდოდა კონტის გადაბირება, მაგრამ "მილანმა" იმარჯვა და სანუკვარი სამიზნე ცხვირწინ ააცალა მთავარ მტერს. საქმე ისეა, რომ უნდა თუ არა, "ინტერი" აუცილებლად უნდა ჩაერთოს დანილოსათვის ბრძოლაში. მას არცთუ ძალიან უნდა "ჩელსიში" გადასვლა ენობრივი ბარიერის გამო.

ნახევარდაცვა
გასული სეზონის განმავლობაში ევერ ბანეგა მშვენივრად გამოიყურებოდა მთელ რიგ შეხვედრებში, მაგრამ ჩაიბარა თუ არა სპალეტიმ "ინტერი", მან ეგრევე გადაწყვიტა არგენტინელთან განშორება. მიდის გარი მედელიც, ვისაც შეუძლია საყრდენ ზონაში გარჯა. არიან კონდოგბია და გალიარდინი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება საკმარისი. ამიტომაც ამ პოზიციაზე ბორხა ვალეროს დამატება ჭკვიანური ნაბიჯი იქნება.

"ინტერს" "ლაციოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერბი მილინკოვიჩ-სავიჩის გადაბირება სურს. სერბი ის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია ახალ დონეზე გაიყვანოს მილანური გრანდი და საკუთარი თავიც, მაგრამ ამისთვის მას ბევრი შრომა მოუწევს.

ბორხა ვალერო მზადაა, შეელიოს ფლორენციას და ბინა მილანში დაიდოს, მაგრამ ის ძალიან სპეციფიკური ფეხბურთელია. თავი დავანებოთ მის ასაკს. თუ გუნდში ვალერო მიგყავს, მაშინ თამაში მასზე უნდა ააწყო. საკითხავია ისიც, თუ რამდენად ჩაჯდება ვალერო სპალეტის გემოვნებაში. ცოტა ხნის წინ ლუჩანო თვით ფრანჩესკო ტოტის არ ათამაშებდა იმ მოტივით, რომ ის "რომას" თამაშს ანელებდა. ვალერო ამას კიდევ უფრო მეტად აკეთებს.

"ინტერის" ბოსებს აუცილებლად დასჭირდებათ გუნდში კვალიფიციური შუახაზელების მოყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია პრაქტიკულად გამოუვალი იქნება.

თავდასხმა
"ინტერის" შეტევა საკმაოდ კონკურენტუნარიანია. აქ არის მაურო იკარდი. მას ბევრი შეუძლია. და მაინც, გუნდის ამ რგოლს გაძლიერება სჭირდება. "მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან უნდა პერიშიჩის გადაბირება და თუ "წითელი ეშმაკების" ფინანსურ შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, მათ ამის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეთ.

გაკვრით ითქვა ალექსის სანჩესთან დაკავშირებულ ინტერესზე, მაგრამ ძალიან რთული წარმოსადგენია, ჩილელი მილანურ კლუბში ვიხილოთ. ის სხვა არაერთი გუნდის სამიზნეა და არც ისაა გამორიცხული, რომ "არსენალში" დარჩეს, თუ მის ფინანსურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

მილანური კლუბისათვის მისაღები უნდა იყოს დიეგო სიმეონეს ვაჟის, ჯოვანის გადაბირება. ეგაა, მისი სატრანსფერო ფასი ძალიან მსუყეა და 20 მილიონ ევროს უახლოვდება. დიეგო სიმეონე ძველი ინტერელია და მას შეუძლია, შვილის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს.

რა ელის ინტერს?
ფაქტია, იტალიის ელიტურ ლიგაში კონკურენცია იმატებს. "იუვენტუსი", "რომა" და "ნაპოლი" თავისთავად ძლიერები არიან. "მილანში" ბევრი რამ ჯერ კიდევ დასალაგებელია, მაგრამ გუნდმა ისე იაქტიურა სატრანსფერო ბაზარზე, რომ ფაქტია - ის იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე ბოლო წლებში იყო.

"ინტერის" მინიმუმი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება. ნებისმიერი სხვა შედეგი სპალეტის გუნდისათვის დიდ წარუმატებლობად ჩაითვლება. ამ შემადგენლობის მაქსიმუმი სწორედ ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის ბრძოლაა და მეტი არაფერი.

გასულმა სეზონმაც გვაჩვენა, რომ ამ შემადგენლობით მეტზე ფიქრი უტოპიაა. "ინტერმა" შეიძლება ჩაატაროს რამდენიმე კარგი შეხვედრა, მაგრამ მას კონკრეტული მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდება. ამისათვის "ინტერს" არამც და არამც არ ეყოფა სტაბილურობა.

სტაბილურობას შესაბამისი საკადრო რესურსი სჭირდება. ამ დროისათვის ეს "ინტერს" არ აქვს. სპალეტი კარგი მწვრთნელია, მაგრამ ის ჯადოქარი არ არის. ის მწვრთნელია, რომელსაც დასახული ამოცანების შესასრულებლად შესაბამისი კვალიფიკაციის შეგირდები სჭირდება.

კიდევ ერთი, არცთუ უმნიშვნელო დეტალი. სპალეტის სადაც კი უმუშავია, ყველა გუნდი მის თარგზე იყო მოჭრილი. მას ყველა გუნდში მიჰყავდა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ამა თუ იმ კლუბში მის ტაქტიკურ მონახაზს ასხამდნენ ხორცს. "ინტერში" ის ამგვარ ფუფუნებას ჯერ მოკლებულია და რთული სავარაუდოა, მოკლე ხანში რამე კარდინალურად შეიცვალოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ სტატიის ავტორი საერთოდ იცნობს ინტერის როსტერს? ჟოაო მარიო, კანდრევა ბროზოვიჩი და ედერი თუ გაუგია საერთოდ? :)
ამადეო
09:09 13-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული