"რომას" დიდი გეგმები პასიურობის ფონზე

AutoSharing Option
"რომას" ახალი მწვრთნელი ჰყავს და გუნდი ახალ ერას ეუსებიო დი ფრანჩესკოსთან ერთად იწყებს. "სასუოლოს" ყოფილი თავკაცი გულშემატკივრებს დიდ გამარჯვებებს ჰპირდება, რაზეც მისი კომენტარი მოწმობს:

"შევეცდები, რომ "რომას" მივცე ის, რაც მას დიდი ტურნირების მოსაგებად აკლდება. ძალიან ძლიერ შემადგენლობასთან მომიწევს მუშაობა და მჯერა, რომ ამ გუნდთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწევ. მას შემდეგ, რაც ფრანჩესკო ტოტიმ კარიერა დაასრულა, გუნდის კაპიტანი და სიმბოლო დანიელე დე როსია - როდესაც ჩემი "ჯალოროსიში" დანიშვნა გადაწყდა, პირველი სწორედ დანიელეს დავურეკე - ის ნამდვილი ლიდერი და მისაბაძი მაგალითია
როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.

"რომაში" კარიერის საუკეთესო წლები მაქვს გატარებული. ამ გუნდთან ერთად სკუდეტო მოვიგე და დარწმუნებული ვარ, რომ არანაკლებ დიდი წარმატებები წინ გველოდება. ტოტი? - გავიგე, რომ კლუბის მენეჯმენტში მუშაობას დათანხმდა და ამან ძალიან გამახარა - ფრანჩესკო ჩემი მეგობარია, ერთად წლების განმავლობაში ვთამაშობდით და მიხარია, რომ ისევ ერთად მოგვიწევს ყოფნა. ტოტი ლეგენდაა, რომელიც "რომას" გულშემატკივრების განუზომელი სიყვარულით სარგებლობს".

ჯერჯერობით, "რომას" მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე პასიურობენ; პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ დედაქალაქურ გუნდს მოჰამედ სალაჰი დატოვებს და კარიერას ინგლისში გააგრძელებს - ეგვიპტელი უკვე "ნისლიან ალბიონზეა", სამედიცინო შემოწმებას გაივლის და უახლოეს პერიოდში "ლივერპულთან" ხელშეკრულებას გააფორმებს.

25 წლის შემტევის სანაცვლოდ, "რომა" 39 მილიონ ევროს აიღებს. ვინ შეიძლება დაიმატოს რომაულმა კლუბმა? - ლაპარაკია ჟან სერიზე, რომელიც "ნიცაში" ასპარეზობს - 25 წლის კოტდივუარელი ნახევარმცველის სანაცვლოდ, "ჯალოროსის" მესვეურები 35 მილიონ ევროს იხდიან. "ნიცამ" სერი 40 მილიონ ევროდ შეაფასა, მაგრამ ფრანგები მზად არიან, ფასი დასწიონ და შეთანხმების ალბათობაც მაღალია.

ბევრს საუბრობენ "რომაში" "სასუოლოს" ფეხბურთელების გადაბარგებაზე, ყველაზე ხშირად კი დომენიკო ბერარდის და ლორენცო პელეგრინის ახსენებენ - ორივე პოლონეთშია და იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. ბერარდის და პელეგრინის ბედი სწორედ კონტინენტის პირველობის შემდეგ გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული