ვინ არის დამნაშავე? დონარუმას საგა გრძელდება

AutoSharing Option
თუ მსოფლიო საფეხბურთო სამყარო კრიშტიანო რონალდოს "რეალიდან" შესაძლო აბარგებაზე საუბრობს, იტალიაში მთავარ თემად ჯანლუიჯი დონარუმა რჩება - 18 წლის მეკარემ მშობლიურ კლუბთან ხელშეკრულება არ გაახანგრძლივა, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა...

ჯანლუიჯი დონარუმას "მილანთან" კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და, როგორც კლუბის ახალმა მესვეურებმა განაცხადეს, ჯიჯოს (დონარუმას მეტსახელი) გასხვისებას არ აპირებენ - "მილანის" პრეზიდენტის თქმით, მას არ უნდა დონარუმას სანაცვლოდ აღებული 50 მილიონი ევრო, რადგან გუნდს მომდევნო სეზონში სათადარიგო მეკარე სჭირდება...

ამ განცხადებამ ვითარება უკიდურესად დაძაბა - ჯიჯოს პირადი აგენტი მინო რაიოლა "მილანის"
მესვეურებს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა, თუმცა რისი იმედი აქვს აგენტს, რთული სათქმელია. მილანელები წესების დაცვით მოქმედებენ - ჯიჯოს კლუბთან კიდევ ერთი წელი აკავშირებს და "მილანი" სულაც არაა ვალდებული, ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენოს.

საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, იტალიურ სპორტულ მედიაში კი ორ ძირითად სცენარზე საუბრობენ...

სცენარი I: დონარუმა თადარიგში ან დუბლებში
როგორც "მილანის" აღმასრულებელმა დირექტორმა მარკო ფასონემ განაცხადა, დონარუმა გუნდში რჩება და თუ რა ბედი ელის მას მომდევნო სეზონში, ეს ვინჩენცო მონტელას გადასაწყვეტია.

ერთ-ერთი ვერსიით, "როსონერის" მწვრთნელი ჯიჯოს ან სათადარიგოთა სკამზე დასვამს, ან დუბლებში, ანუ "მილანის" ახალგაზრდულ გუნდში გაუშვებს. ცნობისთვის, "მილანის" ახალგაზრდული გუნდის თავკაცი ჯენარო გატუზოა, რომელიც პრინციპულობით გამოირჩევა, "მილანის" მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აქვს და დიდი შანსია, არც მან აღირსოს დონარუმას ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობა.

მოკლედ, თუ ჯიჯო გაწირეს და ერთი წლით დიდ ფეხბურთს ჩამოაშორეს, ამან შესაძლოა, ახალგაზრდა მეკარე მთლიანად ამოაგდოს კალაპოტიდან. ბუნებრივია, დონარუმა დაკარგავს ადგილს იტალიის ეროვნულ ნაკრებში, სადაც ის უკვე ჯანლუიჯი ბუფონის მთავარ ალტერნატივად ითვლება; ეროვნული ნაკრებიდან ამოვარდნა მას მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვებად დაუჯდება. მოკლედ, დონარუმა რისკავს და შესაძლოა, დიდ შარში გაეხვეს...

სცენარი II: შანსი მიეცემა
ერთ-ერთი ვერსიით, "მილანის" მწვრთნელი დონარუმას შანსს მისცემს და მას კვლავ ძირითად შემადგენლობაში გაამწესებს. ჯიჯოს ექნება ერთი წელი იმისთვის, რომ აზრი შეიცვალოს და "მილანთან" ხელშეკრულება გაახანგრძლივოს. თუ მონტელა ამ გზას აირჩევს, მწვრთნელს კლუბის მესვეურებმა და გულშემატკივრებმაც უნდა აუბან მხარი.

ამ ეტაპზე, იგივე ტიფოზები ჯერჯერობით, მხოლოდ ხიდის ჩატეხვით არიან დაკავებულნი - ერთ-ერთი ინციდენტი პოლონეთში მოხდა, სადაც იტალიის ახალგაზრდული ნაკრები ასპარეზობს, "აძურინის" კარს კი სწორედ დონარუმა იცავს - დანიასთან მატჩის მსვლელობისას, "მილანის" გულშემატკივრები დონარუმას კარს უკან მოკალათდნენ და მეკარეს დოლარები ესროლეს. ითქვა ისიც, რომ ჯიჯოს "როსონერის" ულტრასები მოკვლით ემუქრებიან.

პერინი დონარუმას შემცვლელად
ამასობაში, "მილანის" მესვეურები ახალ მეკარეს ეძებენ და მოლაპარაკებას "ჯენოასთან" აწარმოებენ. დიდია შანსი, "როსონერის" კარი მატია პერინმა დაიცვას. 24 წლის მეკარემ მძიმე ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვეა, რაც ფეხბურთს ჩამოშორებულია, იქამდე კი სწორედ ის იყო იტალიის ნაკრების მეორე მეკარე და შესაბამისად, ჯიჯი ბუფონის მთავარი დუბლიორი. პერინი სარეაბილიტაციო კურსს გადის და მომდევნო სეზონის სტარტისთვის მზადყოფნაში იქნება.

როგორც "გაძეტა დელო სპორტი" გვაუწყებს, "მილანის" მესვეურები მზად არიან, რომ პერინის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადონ და რაც მთავარია, ლომბარდიულ გრანდში გადასვლა თავად მეკარესაც სურს.

კომენტარები
ჯანლუიჯი დონარუმა იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს და როგორც მისი აგენტი მინო რაიოლა აცხადებს, ფეხბურთელს კომენტარებისთვის არ სცალია. სამაგიეროდ, "მილანის" მესვეურებმა ილაპარაკეს ვრცლად...

მარკო ფასონე ("მილანის" აღმასრულებელი დირექტორი): "ჩვენი სურვილი დონარუმას შენარჩუნებაა და ვფიქრობ, რომ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჯიჯოს საუკეთესო პირობები შევთავაზეთ, რაზეც მოულოდნელი უარი მივიღეთ. გულშემატკივართა განწყობა არ მიკვირს, თუმცა ჯერ კიდევ შეიძლება ვითარების გამოსწორება - არის დრო, რომ ჯიჯომ პოზიცია შეიცვალოს და მის მიმართ განწყობაც რადიკალურად შეიცვლება".

მასიმო მირაბელი ("მილანის" სპორტული დირექტორი): "ყველაფერი ძალიან მარტივადაა - ჩვენ შევთავაზეთ დონარუმას 5-წლიანი კონტრაქტი და სეზონში 5 მილიონი ევრო, პლუს, ბონუსები. უახლოესი 5 წლის განმავლობაში, ჯანლუიჯი გარანტირებულ 25 მილიონ ევროს მიიღებდა და ბონუსებით მას კიდევ ერთი ამდენის აღება შეეძლო. ამასთან, დონარუმა უნდა ყოფილიყო "მილანის" კაპიტანი და გუნდის სიმბოლო. მივიღეთ უარი, რისი მიზეზიც ყველასთვის ნათელია - რაიოლას სურს, რომ დონარუმა გაიყიდოს და ამ ტრანსფერიდან დიდი თანხა აიღოს.

რაც შეეხება ჯიჯოს, მას უკეთეს პერსპექტივას დაჰპირდნენ. ჰკითხეთ რაიოლას, თუ რატომ არ გაახანგრძლივა ხელშეკრულება და ნახავთ, რომ მას პასუხი უბრალოდ არ აქვს - ის სიმართლეს ვერ იტყვის, რადგან მისი ერთადერთი ინტერესი ფულია, დონარუმა კი ამ ინტერესის მსხვერპლია. ჩვენ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ ვითარება დარეგულირდება, დონარუმა აზრს შეიცვლის, რაიოლასთან კავშირს გაწყვეტს და ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. თუმცა, პარალელურად, ჩვენ უკვე ვეძებთ ახალ მეკარეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძა;ლიან ბევრ ხომ არ ვსაუბრობთ ვიღაცა დონარუმაზე მემგონი არ ღირს ამ ბავშვზე თან მეკარეა ამდენი სტაიების წერა ეღთი სტატიაც საკმარისია მაგრამ უკვე 20 სტატიას ვკითხულობ ვიღაცა დონარუზე
0
ასეთი სცენარი იქნება: დონარუმა გადაიფიქრებს, გამოვა, ბოდიშს მოუხდის მილანს და მის გულშემატკივარს და კონტრაქტს გაახანგრძლივებს. თუ ჭკუა შერჩა, ასე მოიქცევა
nika
11:18 21-06-2017
0

სიახლეები პოპულარული