"მილანი": კალინიჩი, ბორხა, გეგმა B და დერბი პასტორესთვის

AutoSharing Option
ამ ზაფხულს "მილანში" სერიოზული ცვლილებები იქნება. პორტუგალიელი ფორვარდი ანდრე სილვა, რომელიც 38 მილიონ ევროდ იყიდეს, "მილანელოში" დღეს უნდა გამოცხადდეს. წინა ხაზზე სხვა სიახლეებსაც უნდა ველოდოთ.

ჯერ ერთი, 21 წლის ანდრე სილვას ყიდვა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კარლოს ბაკას მომავალს, რასაც 31 წლის კოლუმბიელის აგენტიც ადასტურებს. ამასობაში, ვრცელდება ინფორმაცია "ფიორენტინას" ფორვარდ ნიკოლა კალინიჩთან დაკავშირებითაც.

როგორც "სქაი იტალია" წერს, დღეს-ხვალ "მილანის" წარმომადგენლები "იების" სპორტულ დირექტორ პანტალეო კორვინოს შეხვდებიან და 29 წლის ხორვატის ტრანსფერზე დაელაპარაკებიან. მოლაპარაკებები კი არ იქნება იოლი, რადგან ტოსკანური
კლუბი ტანმაღალ ფორვარდში 30 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო "მილანი" 25 მილიონს იმეტებს. და მაინც, არ გვგონია, კომპრომისი შეუძლებელი იყოს...

"მილანსა" და "ფიორენტინას" შორის ურთიერთობა მხოლოდ კალინიჩით არ ამოიწურება. "როსონერი" გააქტიურდება ესპანელი ნახევარმცველის, ბორხა ვალეროს მიმართულებითაც.

ამ 32 წლის ნახევარმცველთან თბილი ურთიერთობა აკავშირებს "მილანის" მწვრთნელ ვინჩენცო მონტელას, იმ დროიდან, როცა ეს უკანასკნელი "ფიორენტინაში" მუშაობდა. ესპანური "მარკა" გვარწმუნებს, "როსონერი" და "ვიოლა" 10 მილიონ ევროზე უკვე შეთანხმებულები არიანო და ვნახოთ...

ეს, რაც შეეხებათ ფორვარდებსა და ნახევარმცველებს, პარალელურად კი, მონტელას საფიქრალი აქვს მეკარის პოზიციაზეც. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ჯანლუიჯი დონარუმა წავა (აგენტი მინო რაიოლა მას გუშინ მონტე კარლოში შეხვდა და ისეთ გუნდში გადაყვანას შეჰპირდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს), რადგან მხარეები კონტრაქტის გაგრძელებაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.

შესაბამისად, "მილანს" აქვს გეგმა B - აბარგების შემთხვევაში, 18 წლის დონარუმას ლამის მამის ტოლა (34 წლის) პეპე რეინა ("ნაპოლი") შეცვლის. ამას გარდა, განიხილებოდა პოლონელი ვოიცეხ შჩესნის ვარიანტიც, მაგრამ ეს უკანასკნელი, დიდი ალბათობით, "იუვენტუსში" ამოჰყოფს თავს.

კიდევ ერთი ამბავი "მილანის" გეგმებზე. ფრანგული "ეკიპის" ინფორმაციით, ხავიერ პასტორე პსჟ-დან წასვლას აპირებს. 27 წლის არგენტინელი ყატარული ეპოქის პირველი დიდი შენაძენი იყო - 2011 წელს მასში 42 მილიონი ევრო გადაიხადეს. თუმცა ის ვერ ჯდება უნაი ემერის სისტემაში...

მაგრამ "მილანი" არ არის ერთადერთი, ვისაც პასტორესთან თანამშრომლობის სურვილი აქვს, აქ მოსალოდნელია ერთგვარი დერბიც, რადგან არგენტინელი გარემარბი, თურმე, მეორე მილანური გრანდის, "ინტერის" რადარებზეც გამოჩნდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული