ჯანლუიჯი ბუფონი: "რეალის" ყველაზე უნიჭო ფეხბურთელსაც კი ჩემზე მეტი ტიტული აქვს...

AutoSharing Option
2017 წელი ჯანლუიჯი ბუფონისთვის დრამატული გამოდგა - 39 წლის მეკარემ მთელი სეზონი შესანიშნავად ჩაატარა - "იუვენტუსთან" ერთად სკუდეტო და იტალიის თასი მოიგო; ამასთან, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და თანაც ისე, რომ მთელ ტურნირზე მხოლოდ 3 გოლი გაუშვა.

თუმცა, ფინალში მოხდა ის, რაც ნაკლებად იყო მოსალოდნელი - "ბიანკონერიმ", რომელმაც "ბარსელონას" ორი მატჩის განმავლობაში კარში არ დაარტყმევინა, "რეალს" ვერ გაუწია წინააღმდეგობა და ერთ მატჩში 4 გოლი გაუშვა. ვერც ჯიჯი ბუფონი იყო ჩვეულად გაუვალი და როცა საჭირო იყო, გუნდი ვერ გადაარჩინა გოლებს. მოკლედ,
3 ივნისის საღამო ტურინელებისთვის კოშმარული გამოდგა, გუნდის ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა კი არა მარტო ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა, განვლილი სეზონი შეაჯამა და მომავალზეც ისაუბრა...

ფინალი
არის თამაშები, როდესაც არაფერი გამოგდის და კარდიფული მატჩი სწორედ ასეთი იყო. უფრო სწორად, იყო ერთი ტაიმი, რომელშიც უბრალოდ ჩვენს თავს არ ვგავდით. "რეალი" უძლიერესი გუნდია, მაგრამ არც "ბარსელონაა" ნაკლები, რომელიც უშანსოდ გავაგდეთ. ფეხბურთს შეუძლია სიხარულით ცამდე აგიყვანოს და შემდეგ მწარე მარცხი გაგემოს.

რთულია იმის ახსნა, თუ რა მოხდა მეორე ტაიმში, მაგრამ ფაქტია, რომ მოედანზე "იუვენტუსი" აღარ იყო. "რეალმა" დამსახურებულად მოიგო - ეს უნდა ვაღიაროთ და მივულოცოთ მეტოქეს გამარჯვება. ჩვენ შეგვეძლო სეზონი ტრიუმფით დაგვესრულებინა, მაგრამ გავაწბილეთ გულშემატკივარი.

გულშემატკივრები
რთულია გავუგო იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ჩვენმა წაგებამ გაახარა. ერთია, როდესაც "რეალის" მოგება გახარებს, მაგრამ არ მესმის, როდესაც რომელიმე გუნდის მარცხს გულშემატკივრობ.

"იუვენტუსი" წლებია, რაც იტალიაში პირველობას არ თმობს და ეს ბევრს აღიზიანებს. ბედნიერი ვარ, რომ არ ვგავარ იმ ქომაგებს, რომლებსაც ზიზღი ამოძრავებთ - "იუვენტუსი" 3 წელიწადში 2-ჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ასეთი წარმატებით კი ბევრი გუნდი ვერ დაიკვეხნის.

თუმცა, არიან კიდევ უფრო წარმატებული გუნდები და ასეთია "რეალი" - შევხედოთ რეალობას თვალებში, "რეალის" ყველაზე უნიჭო ფეხბურთელსაც კი უფრო მეტი ტიტული აქვს, ვიდრე მე, რაც ამ გუნდის სიდიადეზე მეტყველებს.

სეზონი
უკან ურთულესი სეზონი მოვილიეთ, რომელიც ემოციებით იყო აღსავსე. მოვიგეთ იტალიის ჩემპიონატი და თასი, რამაც დიდი სიხარული მოგვანიჭა. მთლიანობაში, სეზონი წარმატებულად უნდა შეფასდეს და ვფიქრობ, ამ მხრივ კითხვის ნიშნები არც არის. ჩემპიონთა ლიგის ფინალმა ხასიათი გაგვიფუჭა, თუმცა ამან არ უნდა დაგვაბრმავოს - დიახ, ჩვენ წარმატებული სეზონი გვქონდა...

ჩემპიონთა ლიგა
დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონი ბოლო იქნება ჩემს კარიერაში. მარადიული არაფერია და ახლოვდება ის დრო, როდესაც კარიერა უნდა დავასრულო. თუმცა, ჯერ კიდევ მაქვს ერთი სეზონი და შესაბამისად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მინდა, რომ ბოლო სეზონი წარმატებული გამოვიდეს და ფეხბურთიდან გამარჯვებული წავიდე - ვფიქრობ, რომ ჩვენ ისევ ვიბრძოლებთ ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის და მჯერა, რომ მოვიგებთ კიდეც.

"იუვენტუსი" ძალიან ძლიერი გუნდია და ზაფხულში კიდევ უფრო გაძლიერდება - ერთმა ტაიმმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. ჩვენ ისევ შეგვიძლია ფინალში გასვლა და რაც მთავარია, მოგება - ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული - კიდევ მაქვს ერთი შანსი...

მსოფლიოს ჩემპიონატი
წინ კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა - ჯერ უნდა გავიდეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე და შემდეგ რუსეთში წარმატებას მივაღწიოთ. ნებისმიერი ფეხბურთელი იოცნებებდა მუნდიალზე წარმატებული ასპარეზობით კარიერის დასრულებაზე და გამონაკლისი არც მე ვარ. იტალიის ნაკრებში ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი და ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ დიდ წარმატებას.

სამომავლო გეგმები
რას გავაკეთებ კარიერის დასრულების შემდეგ? - პირველ რიგში, კარგად დავისვენებ, რადგან ძალიან გრძელი და დამღლელი გზა გამოვიარე. შემდეგ ვიფიქრებ და გადავწყვეტ, თუ რა უნდა ვაკეთო მომავალში. ადრე ვერაფრით წარმომედგინა თავი მწვრთნელის ამპლუაში, თუმცა დღეს უკვე არაფერს გამოვრიცხავ. ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ ფეხბურთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
„უნიჭო“ ძაან ცუდად ჟღერს. ჯიჯი ჯენტლმენია და არ იკადრებდა ამ „ეპითეტს“ .. გადაამოწმოს სტატიის ავტორმა თარგმანი და გაგვცეს პასუხი.
ალია
11:27 19-06-2017
0
ან თარგმანშია შეცდომა ან სიმპატიური ბუფონი აჭრილია. .რეალში უნიჭო ფეხბურთელს რა უნდა.რა თქმა უნდა რონალდოა უნიჭო,ნიჭიერ ბუფონს 2 მაგარი ბურთი გაუტანა და ამას დაუმატეთ 8 ბურთი პლეიოფებში.
კიდევ ხმას იღებთ?
20:34 13-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული