ანტონიო კასანო საფეხბურთო ანალიტიკოსობაზე დაფიქრდა

AutoSharing Option
ანტონიო კასანო უგუნდოდაა და საინტერესო წინადადების მოლოდინშია. 34 წლისაა და არ სურს კარიერის დასრულება, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. კასანომ საინტერესო თემებზე ილაპარაკა და ქვემოთ, მის ნააზრევს გაეცნობით...

მოლოდინი
იმედი მაქვს, რომ მომდევნო სეზონიდან გავაგრძელებ საფეხბურთო კარიერას. ინდივიდუალური პრაგრამით ვემზადები, თავს კარგად ვგრძნობ და მზად ვარ ახალი გამოწვევისთვის. მთავარია, სპორტული თვალსაზრისით საინტერესო წინადადება მივიღო, რადგან ჩემთვის მხოლოდ ფულისთვის თამაში მიუღებელია.

ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ საკუთარ მომავალს ჩინეთში ან არაბეთში ვერ ვხედავ. მსურს ევროპაში, ამბიციურ გუნდში ვიასაპარეზო.
თუ ასეთ წინადადებას ვერ მივიღებ, შემდეგ დავფიქრდები კარიერის დასრულებაზე.

კარიერის დასრულების შემდეგ
ზედმეტად ემოციური და, როგორც ამბობენ, კონფლიქტური ვარ იმისთვის, რომ სამწვრთნელო საქმიანობას მოვკიდო ხელი. სიმართლე გითხრათ, სულაც არ ვთვლი თავს კონფლიქტურად და ვფიქრობ, რომ საერთო ენის გამონახვა ნებისმიერ ადამიანთან შემიძლია. ჯერჯერობით, მწვრთნელობაზე არ ვფიქრობ, მაგრამ რა იქნება მომავალში, რთული სათქმელია.

შესაძლოა, საფეხბურთო ჟურნალისტიკას მივყო ხელი, რადგან ფეხბურთზე საუბარი და ანალიტიკა ჩემი სტიქიაა. სიამოვნებით მოვსინჯავდი თავს კომენტატორის ამპლუაში, რადგან ლაპარაკი მეხერხება. თუმცა, ეს ყველაფერი მომავალში, რადგან ჯერ თამაშზე ვფიქრობ.

ფავორიტი ფეხბურთელები
მოქმედი ფეხბურთელებიდან ვის მივიჩნევ საუკეთესოდ? - ორი ფეხბურთელი უნდა გამოვარჩიო: ლიონელ მესი, რომელიც უბრალოდ სხვა პლანეტიდანაა და ანდრეს ინიესტა, რომლის თამაშსაც ჯადოსნური შემიძლია ვუწოდო. ამ ორი ფეხბურთელის ყურება არასდროს მბეზრდება და შესაბამისად, ვცდილობ "ბარსელონას" თამაშები არ გამოვტოვო. კიდევ ბევრი მაღალი კლასის მოთამაშეა, მაგრამ ეს ორი ყველაზე მაღლა დგას.

გადაფასებული ფეხბურთელები
ხამეს როდრიგესი და პოლ პოგბა. ღირს თუ არა პოგბა 120 მილიონ ევროდ? - ცალსახად არა. ზოგადად, ფეხბურთელებში არაადეკვატურად დიდ თანხებს იხდიან, პოგბას შემთხვევაში კი ანომალიასთან გვაქვს საქმე. მაშინ რა ფასი უნდა ჰქონოდა ანდრეს ინიესტას, როდესაც პოგბას ასაკში იყო? - 5 მილიარდი? - იგივე შემიძლია ვთქვა ხამესზე, რომელშიც 80 მილიონი ევროა გადახდილი. ნიჭიერი მოთამაშეა, ციტა ტექნიკაც აქვს და ხანდახან გოლებიც გააქვს, მაგრამ 80 მილიონი? - ეს სრული აბსურდია. მარიო ბალოტელი? - ის ჩემი მეგობარია და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.

მიხარია, რომ საფრანგეთში უკეთ ათამაშდა და ყველაზე ცუდი უკან მოიტოვა. თავის დროზე, მარიოს ფასიც ხელოვნურად აწიეს, რაც მისი აგენტის, მინო რაიოლას დამსახურება გახლდათ. სწორედ რაიოლაა პოგბას აგენტიც და ამ კაცს ყველაზე კარგად შეუძლია ფეხბურთელის ფასის გაბერვა.

ახალგაზრდები
ანდრეა ბელოტი ფენომენალური ნიჭის ფორვარდია. ჯერ ახალგაზრდაა და შეუძლია რომ კიდევ უფრო მოუმატოს. ანდრეას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი გახდეს - შესანიშნავად თამაშობს ორივე ფეხით და თავით. იდეალურად იყენებს ტანს და ბურთს ბრძოლაშიც იმორჩილებს.

გოლზეა დაგეშილი და შეუძლია დაარტყას ნებისმიერი დისტანციიდან. ბელოტის დიდი მომავალი აქვს და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მთავარია, ისეთ გუნდში იყოს, სადაც მას ბოლომდე ენდობიან და მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ანდრეას არ ვურჩევდი თანავარსკვლავედში მოხვედრას, სადაც მუდმივ როტაციაში მოუწევს ყოფნა და იმის დამტკიცება, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშის ღირსია.

ვფიქრობ, მას სჭირდება დიდი გუნდი, რომელსაც დღეს საკადრო პრობლემები აქვს და სადაც ის ახალ გმირად მივა. "მილანი"? - რატომაც არა, თუმცა როგორც ვიცი, ანდრეას სანაცვლოდ 100 მილიონი ევროა გადასახდელი.

ფავორიტი მწვრთნელი
მწვრთნელებთან ხშირად მქონდა პრობლემები, მაგრამ არა მგონია, რომ ყოველთვის მე ვიყავი დამნაშავე. დღეს ანტონიო კონტეს მივიჩნევ საუკეთესოდ, მაგრამ მეეჭვება, რომ ის ჩემთან მუშაობით აღფრთოვანებული ყოფილიყო. მე ბურთთან ურთიერთობა მიყვარს, ქუჩური ფეხბურთის ელემენტებით, კონტეს კი ათლეტები სჭირდება, რომლებიც 90 წუთის განმავლობაში 14-14 კილომეტრს გაირბენენ.

ყველაზე კარგად თავს ჩეზარე პრანდელისთან ვგრძნობდი, რადგან ის რომანტიკული ფეხბურთის მიმდივარია და მოთამაშეებთანაც არ ეშლებოდა ურთიერთობა. ჩემი ფავორიტი სწორედ პრანდელია და ბედნიერი ვიქნები თუ ოდესმე კიდევ მომიწევს მის გუნდში თამაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული