სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ახალი "მილანის" დიდი საზაფხულო გეგმები
AutoSharing Option
17:30 20-04-2017
როგორც "მილანის" აღმასრულებელი დირექტორი მარკო ფასონე აცხადებს, კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიური იქნება.

ფასონემ ნდობა გამოუცხადა მთავარ მწვრთნელ ვინჩენცო მონტელას და დასძინა, რომ სატრანსფერო გეგმებს სწორედ მწვრთნელთან ერთად შეიმუშავებს. ამასობაში, უკვე გავრცელდა იმ ფეხბურთელთა გვარები, რომელთა გადაბირებასაც ლომბარდიელები შეეცდებიან, თუმცა იქამდე ის ვთქვათ, რაც "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, უკვე გადაწყვეტილია...

მუსაჩო "როსონერიში"
მიღწეულია შეთანხმება "მილანის" და "ვილიარეალის" მესვეურებს შორის, რომლის მიხედვითაც ზაფხულში ლომბარდიულ გრანდს მატეო მუსაჩო მიაშურებს. 26 წლის არგენტინელი მცველი 2010 წლიდან ესპანურ გუნდში ასპარეზობს და "ვილიარეალის" მაისურით 26 მატჩი აქვს ჩატარებული.

ესპანური კლუბის ბოსებმა მუსაჩოს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, მაგრამ ფეხბურთელმა ხელშეკრულების გახანგრძლივებისგან თავი შეიკავა. იტალიური მედიის მტკიცებით, თავად ფეხბურთელსაც სურს "როსონერიში" გადაბარგება და ტრანსფერს სიტყვიერად უკვე დათანხმდა.

სატრანსფერო გეგმები
პრესაში უკვე ვრცელდება იმ ფეხბურთელთა გვარები, რომლებსაც "მილანში" გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ. ერთ-ერთი პირველი სესკ ფაბრეგასია, რომლის თამაშიც ვინჩენცო მონტელას აღაფრთოვანებს და იტალიელი მწვრთნელი დიდი ხანია, მის გადაბირებას ლამობს.

ლომბარდიელთა სიაში კიდევ არაერთი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, მათ შორის, ალვარო მორატა, რომელიც დღეს "რეალის" ღირსებას იცავს,
You must have Flash Player installed in order to see this player.
თუმცა იქამდე "იუვენტუსში" ირჯებოდა და მისთვის იტალიაში თამაში არაა უცხო. "გაძეტას" მტკიცებით, მილანელები "რეალის" კიდევ ორ ფეხბურთელს უმიზნებენ: ქარიმ ბენზემასა და მატეო კოვაჩიჩს. სიაში არიან პიერ-ემერიკ ობამეიანგი, რომელიც სწორედ "მილანის" აღზრდილია, თუმცა დღეს დირტმუნდის "ბორუსიას" ღირსებას იცავს და - "ლიონის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრ ლაკაზეტი.

უკვე ითქვა, რომ "მილანის" ახალმა მფლობელებმა უახლოეს 3 წელიწადში ტრანსფერებისთვის 350 მილიონი ევრო გამოჰყვეს, თუმცა იქვე დასძინეს, რომ ეს მინიმუმია და საჭიროების შემთხვევაში, თანხა გაიზრდება.

მონტელა: გაძლიერება აუცილებელია
ვინჩენცო მონტელამ პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც "მილანი" ჩინურმა კონსორციუმმა შეიძინა:

"კლუბის ახალმა ხელმძღვანელებმა უკვე განაცხადეს, რომ ჩემ მიმართ ნდობა აქვთ და ეს ძალიან მახარებს. "მილანი" სწორ გზას ადგას და მჯერა, რომ ჩვენ ერთად მივაღწევთ დიდ წარმატებებს. ბუნებრივია, რომ გუნდს გაძლიერება სჭირდება და ზაფხულს დიდი იმედებით ველოდებით.

თუმცა, ჯერ მიმდინარე სეზონია დასამთავრებელი და დარჩენილი მატჩები სრული კონცენტრაციით უნდა ჩავატაროთ. წინ ფინალის ტოლფასი მატჩები გველოდება და შეცდომის უფლება არ გვაქვს. მომდევნო სეზონში, ევროპალიგაზე უნდა ვიასპარეზოთ, შემდეგ კი ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.