ჯანლუიჯი ბუფონი ინიესტას მომენტზე: ეს ჩემი ნორმაა [VIDEO]

AutoSharing Option
"იუვენტუსმა" "ბარსელონა" სამი უპასუხო გოლის წყალობით დაამარცხა და დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისკენ.

თუმცა, იყო ერთი ეპიზოდი, როდესაც შეიძლებოდა, რომ თამაშის სცენარი შეცვლილიყო და სასწორი "ბარსელონას" მხარეს გადახრილიყო: "იუვენტუსი" 1:0-ს იგებდა, როდესაც ლიონელ მესიმ ჯადოსნური პასით ტურინელთა 6 ფეხბურთელი მოჭრა და ანდრეს ინიესტა ჯანლუიჯი ბუფონს პირისპირ შეატოვა - "ბარსას" ნახევარმცველმა ისე დაარტყა, როგორც საჭირო იყო, მაგრამ ბუფონმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და ურთულესი ბურთი მოიგერია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იმ ეპიზოდში რომ ანგარიში გათანაბრებულიყო, "ბარსელონა" ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოიპოვებდა და დიდი იყო იმის
შანსი, რომ თამაშის სცენარი მთლიანად შეცვლილიყო და ვთქვათ, "ბაიერნი"-"რეალის" მატჩს დამსგავსებოდა, სადაც ასევე იგებდნენ მასპინძლები, მაგრამ შემდეგ სტუმრებმა იძალეს. მოკლედ, ტურინული მატჩის გმირი არა მარტო პაულო დიბალა, არამედ ჯანლუიჯი ბუფონიც იყო, რომელმაც გადაარჩინა გუნდი გაშვებულ გოლს.

ტურინულმა მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მეკარეს - საჭირო დროს, ჯიჯიმ გადაარჩინა "იუვე", რაც მაგალითად, მისმა ვიზავიმ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ვერ შეძლო - გერმანელ მეკარეს შეეძლო პაულო დიბალასთვის მინიმუმ ერთი დარტყმის აღება, მაგრამ ვერ ივარგა და "ბარსაც" მდევრის როლში აღმოჩნდა.

დავუბრუნდეთ ბუფონს, რომელმაც განვლილ მატჩზე და ინიესტას ეპიზოდზე საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ურთულესი მატჩი იყო, რადგან ჩვენ წინააღმდეგ ევროპის უძლიერესი გუნდი და ყველაზე სახიფათო შეტევა იდგა. მთელი 90 წუთის განმავლობაში სრული კონცენტრაცია დაგვჭირდა იმისთვის, რომ კარი მშრალად შეგვენახა.

მიუხედავად ამისა, იყო ეპიზოდები, როდესაც მეტოქემ ჩვენს კართან ხიფათი შექმნა და გოლის გატანაც შეეძლო. პირველ რიგში, ანდრეს ინიესტას ეპიზოდს ვგულისხმობ, რომელმაც მესისგან იდეალური პასი მიიღო და ჩემთან პირისპირ გამოვიდა. ასეთ დროს, ინსტინქტურად მოქმედებ, რადგან ფიქრის დრო არ გაქვს - თუ დააგვიანებ რეაგირებას, ბურთს აუცილებლად ბადეში დაინახავ და თუ ადრე ასწევ ხელს, შემტევი რეაგირებას მოასწრებს, პაუზას დაიჭერს და დაუცველ ადგილას დაგირტყამს. ამიტომ რეაგირება ზუსტ დროს უნდა მოახდინო - საბედნიეროდ, მარცხენა ხელი წავარტყი ბურთს და ანგარიში უცვლელი დარჩა.

ინიესტას რომ გაეტანა და ანგარიში გათანაბრებულიყო, თამაში სხვა სცენარით წარიმართებოდა. რაც შეეხება ჩემ რეაგირებას, ეს ნორმაა და ამაში გასაკვირი არაფერია - კარში იმიტომ ვდგავარ, რომ მსგავსი ბურთები ავიღო და გუნდი გაშვებულ გოლს გადავარჩინო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
გუნდი გაშვებულ გოლს გადავარჩინო.დავიჯერო ასე თქვა ბუფონმა?ჩვენმა ახალმა კომენტატორებმა შემოიღეს ეს გამოთქმა,ეროსი ან კოტე იტყოდნენ:გუნდი გოლს გადავარჩინო.გოლი უკვე თავისთავად ნიშნავს,რომ ბურთი კარში შევიდა და მას აღარ სჭირდება სიტყვა, გაშვებული.ადრე აცხადებდნენ:ბურთი გაიტანა,ან,გოლის ავტორი,გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ბარსა იუვეს მატჩს,ვფიქრობ ბარსას შანსი აღარ აქვს,პსჟ სთანაც ბარსა თავს გადაახტა,მაგრამ ის თამაში ფრანგებმა თვითონ წააგეს,იუვეს კი შეკვეთით 4 ბურთს მსოფლიოს ნაკრებიც ვერ მოუგებს,არათუ დაჩაჩანაკებულ დაუკომპლექტებელი ბარსა.ბარსელონას 11კვალიფიციური ფეხბურთელი,ისეთი როგორიც შეეფერება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალს,უკვე აღარ ჰყავსორივე ფლანგის მცველი საკმაოდ სუსტია არა მარტო შეტევაში,არამედ დაცვაშიცდ დამხოლოდ სამი თავდამსხმელი პლიუს ინიესტა და რაკიტიჩი შედეგს მხოლოდ სხვადასხვა გარემოებების თანხვედრისას თუ დადებენ,მაგრამ სასწაული ერთხელ ხდება და ბარსას შემთხვევაში ის უკვე მოხდა.მეც ბარსას გულშემატკივარი ვარ,მაგრამ ამჟამად გუნდი მზად არ არის არც ნახევარ ფინალისთვის და არც ესპანეთის ჩემპიონობისთვის,ამას სულ ცოტა 17-18სრულფასოვანი ფეხბურთელი სჭირდება,მას კი 11 ც არ ჰყავს.
სოსო
01:27 16-04-2017
0
ჩემი აზრით,მსოფლიო ფეხბურთს დღემდე ჰყავდა და ჰყავს ორი უდიადესი გოლკიპერი-ლევ იაშინი და ჯანლუიჯი ბუფონი!
თამაზ ხუბუა
11:01 15-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული