გრაციანო პელე: მჯერა, რომ იტალიის ნაკრებში დავბრუნდები

AutoSharing Option
გრაციანო პელეს ბოლო ევროპული გუნდი "საუთჰემპტონი" იყო, სადაც იტალიელი ფორვარდი შესანიშნავად ასპარეზობდა. ინგლისურ გუნდში პელემ 68 მატჩი გამართა და 23 გოლი შეაგდო.

იქამდე, გრაციანო "ფეიენოორდის" მთავარი მეგოლე გახლდათ, სადაც 57 თამაშში 50 შედეგიანი დარტყმა შეასრულა, რაც ფენომენალური შედეგია. პელე იტალიის ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა, ევრო 2016-ზე გაემგზავრა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა - გრაციანომ ორი შესანიშნავი გოლი შეაგდო, პირველი ბელგიასთან და მეორე ესპანეთთან.

შედეგად, 30 წლის თავდამსხმელს არაერთი მსურველი გამოუჩნდა და მათ შორის, იტალიური გრანდები, მაგრამ თავად ფეხბურთელმა ჩინეთში
არჩია გადაბარგება, სადაც კოლოსალურ ხელფასს იღებს - გრაციანოს წლიური გასამრჯელო 16 მილიონი ევროა. დროა, თავად პელეს მოვუსმინოთ, რომელმაც საინტერესო თემებზე ისაუბრა:

რა თქმა უნდა, ფული...
მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩინეთში ვასპარეზობ? - რა თქმა უნდა, ფული. რომ არა დიდი შემოსავალი, ევროპაში დავრჩებოდი და რომელიმე ამბიციურ გუნდში გავაგრძელებდი კარიერას. ჩინეთი მშვენიერი ქვეყანაა და აქ კარგი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილების ერთადერთი მიზეზი ფული იყო. ამის დამალვა და იმაზე ლაპარაკი, რომ ჩინეთში აქაური კულტურის სიყვარულმა და ახალმა გამოწვევამ ჩამომიყვანა, ტყუილი იქნება, მე კი ისეთ ოჯახში გავიზარდე, რომ ტყუილის თქმას ყოველთვის მიშლიდნენ.

ევროპული კლუბები მაქსიმუმ 2,5-მილიონიან ხელფასს მთავაზობდნენ და ჩინურმა ვარიანტმა გადაწონა. მე რომ 20 წლის ვყოფილიყავი, ევროპაში დავრჩებოდი, მაგრამ ამ ასაკში ფინანსსებს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

იტალიის ნაკრები
იტალიის ნაკრებში აღარ მიწვევენ, თუმცა მე ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ვითარება შეიცვლება. წავიკითხე ჯან პიერო ვენტურას კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ სასჯელი უკვე მოვიხადე და აუცილებლად გამომიძახებს იმ შემთხვევაში, თუ ამას თამაშით დავიმსახურებ.

იმედია, ვენტურა სიმართლეს ამბობს, დანარჩენი კი ჩემზეა დამოკიდებული. ჩინეთის ჩემპიონატში 17 მატჩი ჩავატარე და 5 გოლი გავიტანე, რაც საუკეთესო მაჩვენებელი არაა - უნდა მოვუმატო და მჯერა, ეროვნულ ნაკრებში დავბრუნდები. ჩემი ოცნებაა, რომ "სკუადრა აძურასთან" ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშო.

გერმანიასთან გაცუდებული პენალტი
გერმანიასთან ვერგატანილი პენალტი ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. მანუელ ნოიერის დაცინვა ნამდვილად არ მინდოდა, უბრალოდ, ვეცადე მომეტყუებინა, რაშიც ცუდი არაფერია. ნოიერი ყოველთვის ბევრს მოძრაობს კარის ხაზზე და მინდოდა ეფიქრა, რომ ცენტრში დავურტყამდი. ერთი პერიოდი მეკარისაგან მარცხენა მხარეს ვაპირებდი დარტყმას, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე და შევცდი. არის თუ არა პენალტი ლატარეა? - პენალტების სერია დიდი ნერვების თამაშია, რომელმაც შეიძლება უფრო მეტად დაგღალოს, ვიდრე განვლილმა 120-მა წუთმა.

ევროპაში დაბრუნება
უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში ჩინეთში მსურს ასპარეზობა, შემდეგ კი შესაძლოა, იტალიაში დავბრუნდე და კარიერის დასკვნითი ეტაპი სამშობლოში გავატარო. ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი და გუნდი, სადაც კარიერა დავიწყე - ჩემი გული "ლეჩეს" ეკუთვნის და თუ კარიერას ამ გუნდში დავასრულებ, ბედნიერი ვიქნები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული