ფრანკ კესი - კედელი ორაგაიოდან

AutoSharing Option
ფრანკ კესი გრანდების სამიზნეა. არ დარჩა მსოფლიოში ცნობილი კლუბი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად არ დაეკავშირებინოთ ამ ფეხბურთელთან. ამ დროისათვის ის "ატალანტას" ღირსებას იცავს, მაგრამ დიდი ალბათობით, მალე გუნდს შეიცვლის.

კესი დაიბადა კოტ დ'ივუარის ქალაქ ორაგაიოში. მისი პირველი კლუბი იყო "სტელა". პირველად ის "ატალანტას" სელექციონერებმა შენიშნეს და 2015 წლის 29 იანვარს კესიმ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა ბერგამოს წარმომადგენელ კლუბთან.

თავდაპირველად კესი ახალგაზრდულ შემადგენლობაში თამაშობდა. მოასწრო იტალიის უძლიერეს ლიგაში "რომასთან" დებიუტი, რის შემდეგაც ერთი სეზონით რანგით დაბალ ლიგაში, "ჩეზენაში" გაანათხოვრეს.

ამ გუნდში გატარებული
პერიოდი ფეხბურთელისათვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ის შეეჩვია იტალიურ ფეხბურთს და "ატალანტას" გაცილებით ძლიერი დაუბრუნდა. ამას თავად კესი ადასტურებს.

"მე მჭირდებოდა გუნდი, რომელიც დამეხმარებოდა იტალიურ ფეხბურთში ადაპტაციაში და ეს გუნდი აღმოჩნდა "ჩეზენა". მენტალურად ძალიან ძლიერი დავბრუნდი ამ გუნდიდან. იმდენად ძლიერი, რომ საკუთარი თავის ცნობაც კი გამიჭირდა." - ამბობს კესი.

"ატალანტას" წარმოდგენა დღეს ამ 20 წლის ფეხბურთელის გარეშე წარმოუდგენელია. გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჯან პიერო გასპერინი ფეხბურთელის ტალანტის დიდი თაყვანისმცემელია.

"ჩემი აზრით, დღევანდელ მსოფლიოში ბევრი არაა ფეხბურთელი, რომელიც ნიჭით და გაქანებით კესის დაეტოლება. ის კედელივითაა ჩაშლისას და ძალიან კარგია შეტევაში. მისი დრიბლინგი კი სულ სხვა თემაა. მას აქვს ბუნებრივი პლასტიკა და დიდი გამბედაობა. 20 წლის ასაკში ის საერთოდ არ ერიდება საკუთარ თავზე თამაშის აღებას და ვფიქრობ, რომ ესეც განსაკუთრებული მოვლენაა." - ამბობს ბერგამოული კლუბის დამრიგებელი, ვისაც კესისთან ერთად მთავარ "დამნაშავედ" მიიჩნევენ იმაში, რომ ამ სეზონში "ატალანტა" ძალიან კარგად თამაშობს.

კესის იწვევდნენ კოტ დ'ივუარის ასაკობრივ ნაკრებებში. დღეს იგი ეროვნული გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. "მისი თვისებები მაძლევს იმედს, რომ ჩვენ სულ მალე ახალი დიდი ვარსკვლავი გვეყოლება." - ამბობს მაქს გრადელი, კესის თანაგუნდელი კოტ დ'ივუარის ნაკრებში.

"მინდა, ჩემი სახელი ჩემი ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში ჩაიწეროს." - იმედოვნებს ფრანკ კესი. დიდი შანსია, ესეც მოხდეს. ის ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, დასაწყისი კი ძალიან შთამბეჭდავია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული