მაურიციო სარი: ხშირად სხვაგან ვეძებთ იმას, რაც აქვეა

AutoSharing Option
იტალიაში 61 მწვრთნელი გამოიკითხა, რომლებმაც გასული სეზონის საუკეთესო სპეციალისტი გამოავლინეს. ყველაზე მეტი ხმა "ნაპოლის" მესაჭემ, მაურიციო სარიმ მიიღო, რომელიც საუკეთესოდ 25-მა კოლეგამ დაასახელა.

მეორე ადგილზე, 22 ხმით მასიმილიანო ალეგრი გავიდა, ხოლო მესამეზე 7 ხმით "სასუოლოს" მთავარი მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო. აღიარების შემდეგ, სარიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა...

- ელოდით ასეთ აღიარებას?
- სერია A-ს გასულ გათამაშებაში მეორე ადგილზე გავედით და ჩემპიონს 9 ქულით ჩამოვრჩით. როგორც ჩანს, მწვრთნელების დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს მაქსიმუმი იყო და შესაბამისად, მხარი
დამიჭირა. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დიდი პატივია და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, თუმცა ამ მადლიერების გამო, ნამდვილად ვერ გავხდები უფრო პოლიტკორექტული...

- რას გულისხმობთ?
- როდესაც რაღაც არ მომწონს, ყოველთვის პირდაპირ ვამბობ და არავის და არაფერს ვერიდები. პრიზები და ჯილდოები კარგია, მაგრამ მთავარია, რომ იტალიურ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე თამამად ვისაუბროთ და შემდეგ, ვიმოქმედოთ.

- კონკრეტულად რა არ მოგწონთ?
- შეიძლება ბევრს არ მოეწონოს ჩემი ნათქვამი, მაგრამ ვფიქრობ, რომ სერია A-ში 20 გუნდი მეტისმეტია. ეს პირდაპირ ურტყამს იტალიური გუნდების ასპარეზობას ევროარენაზე და კარგი იქნება თუ გუნდების რაოდენობა შემცირდება. დიდი ხანია ამაზე საუბრობენ, მაგრამ სიტყვას საქმე არ მოჰყოლია. ბიუროკრატია იტალიური ფეხბურთის მთავარი პრობლემაა, რაღაცას ვამბობთ და შემდეგ, ვერ ვაკეთებთ...

- ძალიან განაწყენებული ჩანხართ და ეს ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის ბრალი ხომ არაა?
- ჩემპიონთა ლიგიდან თვით მადრიდის "რეალმა" გამოგვაგდო, რომელიც ტურნირის მოქმედი გამარჯვებული და მთავარი ფავორიტია. "რეალი" უფრო ძლიერია, რაც ფაქტია და გასაბრაზებელიც არაფერია.

- თუმცა, "რეალთან" მარცხის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტმა გაგაკრიტიკათ და ამბობენ, რომ თქვენ შორის ურთიერთობა დაიძაბა...
- ჩემი არ იყოს, აურელიო დე ლაურენტისი პირდაპირი კაცია და სათქმელსაც არ მალავს, თუმცა სჯობდა კრიტიკა არა პრესის ფურცლებიდან, არამედ პირადად მომესმინა. იყო მცირე გაუგებრობა, რომელიც უკვე წარსულს ჩაბარდა და ჩვენ ვაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას.

- ანუ, არის შანსი, რომ მომდევნო სეზონშიც "ნაპოლის" მწვრთნელი იყოთ...
- "ნაპოლისთან" 3-წლიანი ხელშეკრულება მაკავშირებს, რომლის ნაადრევად გაწყვეტას ნამდვილად არ ვაპირებ, ჩვენ სწორად ვვითარდებით, წინ მივდივართ და მჯერა, რომ დიდ წარმატებებს მივაღწევთ.

- თქვენ რომელ კოლეგას გამოარჩევთ სერია A-ში?
- ძალიან მომწონს სიმონე ინძაგი, რომელიც მიმდინარე სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა. "ლაციო" შესანიშნავად ასპარეზობს და ამ გუნდს ნამდვილად ეტყობა მწვრთნელის ხელი. რომაული კლუბის მესვეურებს ძალიან გაუმართლათ, რომ ცნობილ უცხოელ სპეციალისტებთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ბოლოს, ინძაგის იმედად დარჩნენ. ეს ნათელი მაგალითია იმის, რომ იტალიელ მწვრთნელებს, ისევე როგორც ფეხბურთელებს, მეტი ნდობა სჭირდებათ.

- როგორ ფიქრობთ, იტალიური სამწვრთნელო სკოლა საუკეთესოა ევროპაში?
- ვფიქრობ, რომ საუკეთესო მწვრთნელები გვყავს, მაგრამ ამას არ ვაფასებთ. არაფერს ვერჩი ფრანკ დე ბურს, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ სტეფანო პიოლის ხელში "ინტერი" გაცილებით უკეთ ათამაშდა. "ლაციო" და სიმონე ინძაგიც ამის კარგი მაგალითია. ხშირად სხვაგან ვეძებთ იმას, რაც აქვეა, ჩვენთან.

- "ნაპოლის" ძირითად შემადგენლობაში ხშირად ერთი, ან ორი იტალიელი ფეხბურთელია და ამაზე რას იტყვით?
- რაფაელ ბენიტესის დროს, "ნაპოლის" ძირითად შემადგენლობაში ხშირად არც ერთი იტალიელი ფეხბურთელი არ იყო. ამ მხრივ, არც დღესაა საუკეთესო მდგომარეობა. პირადად მე, ყოველთვის მინდოდა იტალიური "ნაპოლის" ხილვა და ამ მიმართულებით აუცილებლად გადავდგამ ნაბიჯებს. თუმცა, თანამედროვე ფეხბურთში, მაღალი კლასის ლეგიონერების გარეშე, რთულია ფონს გასვლა.

- ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსი" "ბარსელონას" დაუპირისპირდა და რომელს მიიჩნევთ ფავორიტად?
- შანსები თანაბარია, რადგან ერთმანეთს ორი ძალიან ძლიერი გუნდი დაუპირისპირდება. სიმართლე გითხრათ, ჩემპიონთა ლიგოს მატჩებისთვის აღარ ვაპირებ თვალის მიდევნებას, რადგან ჩვენ უკვე გამოვეთიშეთ ამ ტურნირს.

- და მაინც, ვის მიიჩნევთ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად?
- 8-ვე გუნდს აქვს ჩემპიონობის შანსი და უმჯობესია, რომ არ ვიმარჩიელოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული