ლეგენდა ჯანლუიჯი ბუფონი - დიდი კაცის მიღწევები და რეკორდები

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, იტალიის ნაკრებმა ალბანეთს უმასპინძლა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

"სკუადრა აძურამ" მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანლუიჯი ბუფონის ბენეფისი შედგა და ის ვერაფერმა გააფუჭა - იტალიამ მოიგო და ლეგენდარულმა მეკარემ კიდევ ერთ შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად და თანაც, რა შეხვედრაში - ეს იყო ჯიჯის მე-1000 მატჩი კარიერაში.

დიახ, 39 წლის მეკარეს დიდი იუბილე ჰქონდა, რის შესახებაც წინა ნომრებშიც გამცნეთ, თუმცა ეს თემა უფრო გავრცობასაც იმსახურებს. მოდი, გადავხედოთ ჯიჯის კარიერას და
გავეცნოთ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს...

პირველობის შანსი
ჯანლუიჯი ბუფონი გახდა მე-17 ფეხბურთელი, რომელსაც კარიერაში 1000 მატჩი აქვს ჩატარებული (რა თქმა უნდა, აქ მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებს ვგულისხმობთ). ამ მხრივ, საუკეთესო მაჩვენებელი ინგლისელ მეკარეს, პიტერ შილტონს აქვს, რომლის აქტივშიც 1377 ოფიციალური შეხვედრაა, რაც მართლაც ფენომენალური შედეგია. სიაში არიან ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც რობერტო კარლოსი, ხავიერ ძანეტი, რაულ გონსალეს ბლანკო, პაულო მალდინი, რაიან გიგზი, ფრენკ ლამპარდი და ჩავი არიან.

აქვს კი ბუფონს იმის შანსი, რომ შილტონის მაჩვენებელი გააუმჯობესოს? - ჯიჯი კარიერის დასრულებას 2018 წლის მუნდიალის შემდეგ აპირებს, იქამდე კი მიმდინარე სეზონის დარჩენილი ნაწილი და კიდევ ერთი სრული სეზონია - თუ ბუფონმა მართლაც დაასრულა კარიერა 2018 წლის ზაფხულში, იქამდე კიდევ 377 თამაშის ჩატარებას ნამდვილად ვეღარ მოასწრებს, თუმცა როგორც თვითონ აცხადებს, შილტონის გადასწრება სულაც არაა მისი მიზანი.

168 მატჩი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, რაც ევროპული რეკორდია. ჯიჯიმ იკერ კასილიასს გაასწრო და "ბებერ კონტინენტზე" გაპირველდა. რაც შეეხება მთლიანად მსოფლიოს, აქ ბუფონი მეექვსე ადგილზეა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კიდევ უფრო დაწინაურდება.

ყველაზე მეტი სანაკრებო მატჩი ეგვიპტელ აჰმედ ჰასანს აქვს ჩატარებული, რომლის აქტივშიც 184 პაექრობაა. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ჯიჯი ჰასანის გადასწრებას - მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, ბუფონს კიდევ 5 მატჩის ჩატარება მოუწევს, რასაც 4-5 ამხანაგური მატჩიც შეგვიძლია დავამატოთ - თუ იტალია მუნდიალის ფინალში გავა, ესეც პლუს 7 პაექრობა გამოვა და მთლიანობაში, ვიღებთ 16-17 შეხვედრას - დავამატოთ უკვე ჩატარებულ 168 მატჩს ეს რიცხვი და გამოდის, რომ ბუფონს აქვს რეალური შანსი, რომ ეგვიპტელს დაეწიოს ან გადაასწროს და აბსოლუტური რეკორდსმენი გახდეს.

თერთმეტგზის საუკეთესო
ჯიჯი ბუფონს სერია A-ში 614 მატჩი აქვს გამართული, რაც საუკეთესო მაჩვენებელია მეკარეებს შორის. ჯიჯიმ თვით დინო ძოფს გადაასწრო, რომელმაც 42 წლის ასაკში დაასრულა კარიერა და მუდმივად სერია A-ში ასპარეზობდა. საგულისხმოა, რომ ამ მაჩვენებლით, ბუფონი მესამე ადგილზეა ზოგადად ფეხბურთელებს შორის. წინ მხოლოდ პაოლო მალდინია 647 მატჩით და ხავიერ ძანეტი 615 შეხვედრით.

ბუფონს ერთი მატჩი სჭირდება, რომ არგენტინელს დაეწიოს და ბუნებრივია, რომ მას მალევე გადაასწრებს. რაც შეეხება მალდინის, მას 32 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ჯიჯი ამ შედეგსაც გააუმჯობესებს. სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე კიდევ 9 ტურია დარჩენილი და როგორც უკვე აღვნიშნეთ, "იუვეს" გოლკიპერს წინ კიდევ ერთი, სრულფასოვანი სეზონი აქვს, რომელიც 38 ტურს მოიცავს.

გასულ სეზონში, ჯანლუიჯი ბუფონმა კარი მშრალად 973 წუთის განმავლობაში შეინახა, რაც სერია A-ს ყველა დროის რეკორდია. ამ პერიოდში, ჯიჯიმ მიჯრით 10 მატჩში შეინახა კარი მშრალად, რაც მართლაც ფენომენალური შედეგია.

ჯანლუიჯი ბუფონი 11-ჯერ აღიარეს სერია A-ს საუკეთესო მეკარედ, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ჯიჯის პერიოდულად უწევდნენ კონკურენციას ფრანჩესკო ტოლდო, ჟულიო სეზარი, ნელსონ დიდა და სამირ ჰანდანოვიჩი, მაგრამ მთლიანობაში, ეს მეკარეები მაინც ბუფონის ჩრდილში აღმოჩნდნენ.

აუხდენელი ოცნება?
ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგაზე 103 მატჩი ჩაატარა და ბუნებრივია, რომ ეს მაჩვენებელიც გაიზრდება როგორც მიმდინარე, ისე მომდევნო სეზონში. ჯიჯის კარიერის ყველაზე დიდი ხინჯი ალბათ ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგა არ აქვს მოგებული, მაგრამ ამის შანსი ჯერ კიდევ აქვს და თანაც, საკმაოდ რეალური - "იუვენტუსი" ევროპული ფეხბურთის გრანდია, ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კი მეოთხედფინალურ ეტაპზეა გასული.

ბუნებრივია, რომ "იუვე" ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე მომდევნო სეზონშიც იასპარეზებს. აქვე აღვნიშნოთ, რომ ბუფონს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ორჯერ აქვს წაგებული: პირველად 2003 წელს "მილანთან", ხოლო მეორედ 2015 წელს "ბარსელონასთან".

მეექვსე მუნდიალი
ჯანლუიჯი ბუფონი მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატზე გაემგზავრა იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად (1998, 2002, 2006, 2010, 2014). პირველ მუნდიალზე ჯიჯი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, "სკუადრა აძურას" კარს კი ჯანლუკა პალიუკა იცავდა. აი, შემდეგ 4 მუნდიალზე კი ბუფონი უკვე ძირითადი შემადგენლობის მეკარე იყო. ჯიჯის კარიერის გვირგვინი 2006 წლის მუნდიალი გახლავთ, რომელიც იტალიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ბუფონი 2018 წლის მუნდიალზეც აპირებს გამგზავრებას, ეს კი აბსოლუტური რეკორდი იქნება - აქამდე, არც ერთი ფეხბურთელი არ ყოფილა 6 მსოფლიოს ჩემპიონატზე.

2006 წლის მუნდიალზე ჯანლუიჯი ბუფონმა 5 მატჩში შეინახა კარი მშრალად, რაც ასევე რეკორდია - ასეთი მაჩვენებელი სხვა არც ერთ მეკარეს არ აქვს. გერმანიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე "სკუადრა აძურამ" მხოლოდ 2 გოლი გაუშვა, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია. საგულისხმოა, რომ იტალიის ნაკრებმა ამ ორი გოლიდან ერთი თერთმეტმეტრიანით გაუშვა და მეორე ავტოგოლით - ანუ "აძურასთვის" თამაშიდან მეტოქეს გოლი არ გაუტანია.

ყველაზე ძვირი მეკარე
ჯანლუიჯი ბუფონს ევროპის ჩემპიონატებზე 17 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც იტალიური რეკორდია. "სკუადრა აძურას" სხვა არც ერთ ფეხბურთელს კონტინენტის პირველობაზე ამდენი მატჩი არ ჩაუტარებია. საგულისხმოა, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა 2000 წლის ევროფორუმის წინ მიღებული ტრავმა, რის გამოც ბუფონმა სანაკრებო შეკრება დატოვა და მის ნაცვლად კარში ფრანჩესკო ტოლდო ჩადგა, რომელმაც ბელგია-ჰოლანდიის მინდვრებზე სასწაულები აკეთა.

ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერაში 23 პენალტი მოიგერია, მათ შორის 5 იტალიის ნაკრების შემადგენლობაში.

2001 წელს, "იუვენტუსმა" ჯანლუიჯი ბუფონის სანაცვლოდ "პარმას" 52,88 მილიონი ევრო გადაუხადა, რაც დღემდე სარეკორდო მაჩვენებელია მეკარეებს შორის. სხვა არც ერთ გოლკიპერში 30 მილიონ ევროზე მეტი არასდროს გადაუხდიათ.

გაშვებული გოლები უფრო ახსოვს...
ჯანლუიჯი ბუფონის კომენტარი მე-1000 მატჩის შემდეგ: "მახსოვს თუ არა ყველა მატჩი, რომელიც კარიერაში გავმართე? - ალბათ, ხუმრობთ... გაშვებულ გოლებს უფრო კარგად ვიმახსოვრებ, რადგან თითოეული ასეთი ეპიზოდი ჩემთვის დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული.

არაერთხელ მითქვამს, რომ დღეს რეკორდები და სხვადასხვა სტატისტიკური მიღწევა ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ კარიერაში 1000 მატჩის ჩატარება მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა. ბედნიერი ვარ, რომ კარგი საღამო გამოვიდა და ეს ერთგვარი იუბილე იტალიის ნაკრების გამარჯვებით აღინიშნა - მცველები უბრალოდ შეუდარებელნი იყვნენ და მეტოქეს ხეირიანად კარში დარტყმის საშუალებაც არ მისცეს. ეს იყო განსაკუთრებული საღამო და მნიშვნელოვანი გამარჯვება".

ბუფონის კარიერა ციფრებში
პარმა (1995-2001)
220 მატჩი - 208 გაშვებული გოლი
საშუალოდ 1 მატჩში 0,95 გაშვებული გოლი
ტიტულები: იტალიის თასი (1), უეფას თასი (1), იტალიის სუპერთასი (1)

იუვენტუსი (2001 წლიდან დღემდე)
612 მატჩი - 479 გაშვებული გოლი
საშუალოდ 1 მატჩში 0,78 გაშვებული გოლი
ტიტულები: სკუდეტო (7), იტალიის თასი (2), იტალიის სუპერთასი (5)

იტალიის ნაკრები (1997 წლიდან დღემდე)
168 მატჩი - 117 გაშვებული გოლი
საშუალოდ 1 მატჩში 0,7 გაშვებული გოლი
ტიტული: მსოფლიოს ჩემპიონი (1)

სულ (1995 წლიდან დღემდე)
1000 მატჩი - 804 გაშვებული გოლი
საშუალოდ 1 მატჩში 0,8 გაშვებული გოლი
426 მშრალად შენახული კარი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული