ანდრეა პირლო: ჩემპიონთა ლიგა და "იუვენტუსი" მენატრება

AutoSharing Option
ანდრეა პირლო "ნიუ იორკ სიტიში"თამაშობს. მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი კარიერის მიწურულს ოკეანეს გაღმა ატარებს. გუნდში პირლო ვარსკვლავთაგან მარტო არ არის. იქ თამაშობს დავიდ ვილია. ახლო წარსულში დიდებული ესპანელი ფორვარდი.

პირლომ ისაუბრა ამერიკულ ლიგაზე და მის პირად გრძნობებზე. ამასთან, აქვე დავწერთ იმის თაობაზე, თუ რატომ ითხოვენ "მილანის" ქომაგები კლუბის დიდების დარბაზიდან ამ ფეხბურთელის გაძევებას.

არასოდეს არაფერს ვნანობ
ამერიკულ ლიგაში ვარსკვლავები სათამაშოთ სიამოვნებით მიდიან. იქ ისინი ეზიარებიან ახალ კულტურას, წნეხის გარეშე თამაშობენ ფეხბურთს და, რაც მთავარია, სიამოვნებას იღებენ ცხოვრებისაგან. რა თქმა უნდა,
პირლოსათვის კარიერის საუკეთესო წლები უკანაა, მაგრამ ჯერ იგი კვლავ მაღალ დონეზე თამაშობს ფეხბურთს.

"ზოგიერთს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მე მხოლოდ ვამთავრებ კარიერას და მეტი არაფერი, მაგრამ ასე არ არის. მე ძველებურად სერიოზულად ვუდგები საქმეს და ძალიან მინდა, რომ სანამ ფეხბურთს ვითამაშებ, მანამდე ხალხმა მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო კუთხით შეაფასოს მინდორზე ჩემი გარჯა." - ამბობს პირლო.

იტალიელი ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ MLS-ი ბოლო წლებში პროგრესირებს, მაგრამ იმასაც ამჩნევს, რომ გარკვეული ცვლილებებია საჭირო, რათა ამერიკულმა ლიგამ ბოლომდე გაუწიოს კონკურენცია მსოფლიოში ბოლო დროს მომძლავრებულ ლიგებს, მათ შორის, ჩინეთის ჩემპიონატს.

"თუ ამერიკულ ლიგას უნდა, რომ კონკურენცია გაუწიოს სხვა ლიგებს, მაშინ გარკვეული შეზღუდვები უნდა მოიხსნას თუნდაც სატრანსფერო კუთხით. ბოლო ხანს ნათლად ვამჩნევ, რომ პროგრესი არის ამერიკულ ლიგაში, მაგრამ სხვებიც პროგრესირებენ და ჩვენ ფეხი უნდა ავუწყოთ დროის მოთხოვნებს. რაც შეეხება კონკურენციას, მე შემთხვევით არაფერი მითქვამს.

დღევანდელ საფეხბურთო ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენციაა. ჩინეთი შემთხვევით როდი ვახსენე. ვფიქრობ, ამერიკულ ლიგას ბოლომდე შეუძლია, კონკურენცია გაუწიოს სხვა ლიგებს. ამაში აუცილებლად დამეთანხმება ყველა, ვინც ჩემპიონატს თვალს ადევნებს.

ლიმიტების მოხსნა და მეტი თავისუფლება მწვანე შუქს აუნთებს ახალ ფეხბურთელებს, რათა მათ ამერიკის ჩემპიონატს მიაშურონ სათამაშოდ. დამეთანხმებით, ახალი სისხლი ყველა ჩემპიონატს სჭირდება და მათ შორის, ჩვენსასაც.

რაც მთავარია, ამერიკის ჩემპიონატის მატჩებზე მაყურებლის რაოდენობა თანდათან იმატებს და ეს არ შეიძლება, რომ არ შეამჩნიო. ჩვენ უნდა დავინახოთ პროგრესი და, ამასთან ერთად, მოვიქცეთ ისე, რომ ეს პროგრესი გაგრძელდეს." - მიიჩნევს პირლო.

იტალიელმა ვარსკვლავმა ისით თქვა, რომ მატჩების უმრავლესობა დაძაბულ და საინტერესო ორთაბრძოლებში მიმდინარეობს და ეს ხალხს ძალიან მოსწონს. იტალიელის თქმით, თვით ამხანაგური შეხვედრებიც კი უკომპრომისო ბრძოლაში ჩათამაშდება - ხოლმე.

ანდრეამ ისიც თქვა, რომ "იუვენტუსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ენატრება. ისევ იტალიელს მოვუსმინოთ:

"რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგა უდიდესი ტურნირია და მე "იუვენტუსთან" ერთად იქ თამაში მენატრება, მაგრამ 2015 წელს მე გავაკეთე არჩევანი და ამ არჩევანს არანაირად არ ვნანობ. საერთოდ, არ მჩვევია ვინანო ის, რასაც ვაკეთებ. ჯერ არ ვიცი, მომავალ სეზონს ამერიკაში გავატარებ თუ არა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ როცა ფეხბურთის თამაშს მოვრჩები, მაშინ იტალიაში დავბრუნდები."

დიდების დარბაზის ამბავი
ამასობაში, "მილანის" გულშემატკივრები კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვენ, რომ ჩვენი წერილის გმირი კლუბის "დიდების დარბაზიდან" გამოიყვანოს. საქმე ეხება "იუვენტუსი"-"მილანის" შეხვედრაში, ბოლო დამატებულ წუთზე "როსონერის" კარში დანიშნულ თერთმეტმეტრიანს.

"მილანისა" და "იუვენტუსის" ყოფილმა ფეხბურთელმა თქვა, რომ იმ ეპიზოდში არბიტრი აბსოლუტურად სწორად მოიქცა.

ეს იყო გაგრძელება. მანამდე კი იყო იტალიის სუპერთასი, რომელიც 2016 დეკემბერში შედგა. თამაშის წინ პირლომ საჯაროდ თქვა, რომ ძალიან ბედნიერი იქნება, თუ ტიტული "ბებერ ქალბატონს" დარჩება. პირველად "მილანის" გულშემატკივრები სწორედ მაშინ გაცხარდნენ.

ისევ ჩემპიონატის მატჩს დავუბრუნდეთ. ეს შეხვედრა ფრედ სრულდებოდა. "მილანი" მეკარე დონარუმას დიდებული თამაშის წყალობით ძალიან ახლოს იყო სანუკვარ ფრესთან, მაგრამ ბოლო წამზე არბიტრმა საეჭვო თერთმეტმეტრიანი დანიშნა "მილანის" კარში. "ბებერმა ქალბატონმა" გაიტანა და მსაჯის სასტვენის ხმაც გაისმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეჰ ერთ დროს პირლოს და კაკას მილანი ევროპას აზანზარებდა ახლა კი გაურკვეველ ხალხზე ყიდის ბერლუსკონი ამხელა ისტორიის კლუბს.
kika
16:17 27-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული