75 წლის დინო ძოფი - ინტერვიუ ლეგენდარულ მეკარესთან

AutoSharing Option
28 თებერვალს ლეგენდარული მეკარე დინო ძოფი 75 წლის გახდა. ბუნებრივია, რომ იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. ძოფი ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული, მოგვიანებით კი მისი საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა.

- როგორ გრძნობთ თავს?
- შესანიშნავად. ვისვენებ, ვუყურებ ფეხბურთს და ვტკბები ცხოვრებით. თუმცა, ხანდახან ახალგაზრდობა მენატრება და კარში ჩადგომის სურვილი მიჩნდება.

- როდესაც ჯანლუიჯი ბუფონს უყურებთ, საკუთარი თავი გახსენდებათ?
- ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენ ორივეს უზომოდ გვიყვარს ფეხბურთი. ბუფონის ოცნებაა, რომ ჩემსავით, 40 წლის ასაკში გახდეს მსოფლიოს
ჩემპიონი, რასაც მთელი გულით ვუსურვებ.

- აზრთა სხვადასხვაობაა იმის შესახებ, თუ ვინ არის იტალიის ყველა დროის საუკეთესო მეკარე: ბუფონი თუ ძოფი...
- ასეთი საუბრები მხოლოდ ღიმილს მგვრის. არიან უმაღლესი კლასის მეკარეები, რომელთა ერთმანეთთან შედარება შეუძლებელია. ბუფონი მოვლენაა და მისი სახელი დარჩება ფეხბურთის ისტორიას, თუმცა მე არანაკლებ მომწონს, მაგალითად, იკერ კასილიასი და მანუელ ნოიერი, რომელმაც ბევრი სიახლე შეიტანა მეკარის თამაშში. თუმცა, არის ერთი მეკარე, რომელსაც შეუძლია მართლა აჯობოს ყველას და ეს ჯიჯი დონარუმაა...

- დონარუმას თქვენც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებთ?
- ის ჩემზე ძლიერია და ვფიქრობ, მას უდიდესი მომავალი აქვს. ვერ წარმომედგინა, თუ 17 წლის ასაკში მეკარეს ასე დამაჯერებლად შეეძლო თამაში. დონარუმას სახით, იტალიას ძალიან საიმედო მეკარე ეყოლება ბევრი წლის განმავლობაში.

- რომელმა მეკარემ ვერ გაამართლა თქვენი მოლოდინი?
- ჩემთვის "ლაციო" განსაკუთრებული გუნდია, რომლის კარსაც უკვე წლებია ფედერიკო მარკეტი იცავს. შესანიშნავი მეკარეა, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო, თუმცა ვფიქრობ, რომ მას გაცილებით მეტი შეეძლო. როდესაც ახალგაზრდა იყო, მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, რაც მხოლოდ ნაწილობრივ გაამართლა. თუმცა, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და აქვს დრო, რომ მოუმატოს.

- მარკეტი უკვე 34 წლისაა...
- მართლა? რა სწრაფად გარბის დრო. ნებისმიერ შემთხვევაში, ფედერიკოს წარმატებებს ვუსურვებ.

- როგორ შეიცვალა ფეხბურთი მას შემდეგ, რაც კარიერა დაასრულეთ?
- იმდენ ხანს ვითამაშე, რომ ფეხბურთი ჩემი თამაშის დროსაც იცვლებოდა. რეალურად, ნამდვილი რევოლუცია სწორედ მაშინ მოხდა. იტალიის ნაკრებთან ერთად 1968 წლის ევროპის ჩემპიონი და 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ვარ. ამ ორ ტურნირზე ორ სხვადასხვა სპორტის სახეობაში ვითამაშე, რადგან ფეხბურთი კარდინალურად შეიცვალა. მაშინ ტოტალური ფეხბურთი გაბატონდა და ეს მართლაც ნამდვილი რევოლუცია იყო. დღეს უფრო სწრაფი ტემპია, ფეხბურთელები კი კიდევ უფრო ათლეტურები და ფიზიკურად ძლიერები არიან.

- ზემოთ თქვით, რომ ბუფონს 40 წლის ასაკში მუნდიალის მოგებას უსურვებთ. რამდენად აქვს იტალიას მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების შანსი?
- იტალია მსოფლიო ფეხბურთის გრანდია და შანსები, რა თქმა უნდა, გვაქვს. შესაძლოა, მთავარი ფავორიტები არ ვიყოთ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. 1982 წლის მუნდიალზე იტალიას ფავორიტად არავინ მიიჩნევდა, მაგრამ რაც მოხდა, ყველამ ვიცით.

- რომელი გუნდი უფრო ძლიერი იყო: 1970 წლის თუ 1982 წლის იტალიის ნაკრები?
- 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით, თუმცა 1970 წელსაც ფანტასტიკური გუნდი გვყავდა. ფინალში არ წაგვივიდა თამაში, რისგანაც დაზღვეული არავინაა. ხომ ნახეთ, რა დაემართა ბოლო მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრებს გერმანიასთან? არის მატჩები, როდესაც ერთ გუნდს ყველაფერი გამოსდის და მეორეს - არაფერი.

- კარიერის დიდი ნაწილი "იუვენტუსში" გაატარეთ. როგორ ახერხებს ეს გუნდი, რომ მუდმივად პირველი იყოს?
- ეს "იუვენტუსის" სისხლშია და ვისაც ტურინულ გრანდთან შეხება ჰქონია, კარგად გამიგებს, რას ვამბობ. როდესაც "იუვეს" მაისური გაცვია, თითქოს, უფლება არ გაქვს, რომ დამარცხდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული