მატია კალდარა - გამორჩეული ტალანტი, რომელიც თამაშის წინ რუსულ ლიტერატურას კითხულობს

AutoSharing Option
იტალიაში ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდა, რომლებზეც დიდ იმედებს ამყარებენ. ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა მატია კალდარაა, რომელიც 22 წლისაა და თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში, როგორც დაცვის ცენტრში, ისე მარჯვენა ფლანგზე.

კალდარა "ატალანტაში" ირჯება და ბერგამოული გუნდის წარმატებებში დიდი წვლილი შეაქვს. გასულ უქმეებზე, "ატალანტამ" "ნაპოლის" ორი უპასუხო გოლით მოუგო და ორივე კალდარამ მიითვალა აქტივში. გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონიდან მატია კალდარა "იუვენტუსის" ღირსებას დაიცავს, რადგან მის სანაცვლოდ ტურინელებმა უკვე გადაიხადეს 20 მილიონი ევრო. კალდარა ყურადღების ცენტრშია მოქცეული, ქვემოთ კი მის მოკლე,
მაგრამ საინტერესო ინტერვიუს გაეცნობით.

- "ნაპოლის" კარში ორი გოლი შეაგდეთ, რასაც ალბათ არც თქვენ ელოდით...
- ჩემი მოვალეობა კარის დაცვაა, თუმცა როცა მაქვს საშუალება, სიამოვნებით მივდივარ წინ, მეტოქის საჯარიმოში. ისე მოხდა, რომ ერთბაშად ორი გოლი შევაგდე, თუმცა ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი გუნდის დამსახურება გახლდათ. მნიშვნელოვანი არა ჩემი გოლები, არამედ გუნდის გამარჯვებაა.

- რას უნდა მივაწეროთ "ატალანტას" ასეთი წარმატებული ასპარეზობა?
- გუნდში ბევრმა კარგმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი, გვყავს შესანიშნავი მწვრთნელი, გუნდი კი ერთ მუშტადაა შეკრული. კარგ სეზონს ველოდებით, თუმცა ასე მაღლა თუ ავიდოდით სატურნირო ცხრილში, მაინც არ გვეგონა. წინ გადამწყვეტი ბრძოლებია და იმედია, სეზონს მაჟორულ ნოტზე დავასრულებთ.

- სად უფრო გირჩევნიათ თამაში, დაცვის მარჯვენა ფრთაზე, თუ ცენტრში?
- ცენტრში თამაში უფრო მიყვარს, თუმცა მარჯვინაც კომფორტულად ვგრძნობ თავს. იქ ვითამაშებ, სადაც გუნდს დავჭირდები და სადაც მწვრთნელი დამაყენებს. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელს რამდენიმე პოზიციაზე უნდა შეეძლოს თამაში.

- მაინც რისი მიღწევა შეუძლია მიმდინარე სეზონში "ატალანტას"?
- ჩვენ ევროსაგზურისთვის ვიბრძვით და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. არ ვიცი, რამდენად რეალურია საუკეთესო სამეულში შესვლა, მაგრამ მინიმუმ, ევროპალიგის საგზური უნდა მოვიპოვოთ. ამას ჩვენი გულშემატკივრები იმსახურებენ, რომლებმაც ნეაპოლში გამარჯვების შემდეგ, შესანიშნავი დახვედრა მოგვიწყვეს.

- რაიმე რიტუალი თუ გაქვთ მოედანზე გასვლის წინ?
- ფეხბურთელების უმეტესობა მუსიკას უსმენს და, სხვათა შორის, ასეა ჩვენი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინიც. ოღიონდ, ფეხბურთელებისგან განსხვავებით, გასპერინი ძველ იტალიურ სიმღერებს უსმენს. პირადად მე, გამონაკლისი ვარ და თამაშის წინ, ყოველთვის წიგნს ვკითხულობ, განსაკუთრებით კი კლასიკური რუსული ლიტერატურა მიყვარს.

- რთულად წარმოსადგენია, რომ 22 წლის ფეხბურთელი თამაშის წინ კლასიკურ რუსულ ლიტერატურას კითხულობს...
- ჩემი თანაგუნდელები უკვე შეეჩვივნენ და აღარ უკვირთ, როდესაც ავტობუსში, ან გასახდელში წიგნით ხელში მხედავენ. წიგნის კითხვა ბავშვობიდან მიყვარს და ეს ჩემთვის საუკეთესო თერაპიაა.

- მომდევნო სეზონიდან "იუვენტუსში" ითამაშებთ. თუ "ატალანტამ" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, არ გაგიჭირდებათ ბერგამოს დატოვება?
- დღეს, "ატალანტას" ფეხბურთელი ვარ და მხოლოდ მიმდინარე სეზონის დარჩენილ მატჩებზე ვარ კონცენტრირებული. ჩემთვის მთავარია, რომ სეზონი რაც შეიძლება მაღალ ადგილზე დავასრულოთ და ევროსაგზური მოვიპოვოთ. სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა იქნება ზაფხულში, ან მომდევნო სეზონში.

- არის იმის ალბათობა, რომ მომდევნო სეზონშიც "ატალანტაში" ითამაშოთ?
- კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მომდევნო სეზონზე ჯერ არ ვფიქრობ.

- ბევრი მიიჩნევს, რომ 2018 წლის მუნდიალის შემდეგ, იტალიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დანიელე რუგანისთან და ალესიო რომანიოლისთან ერთად ითამაშებთ...
- იტალიაში კიდევ ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი მცველია, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრების კარგი შანსი აქვთ. პირადად მე, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

დოსიე
მატია კალდარა
დაიბადა: 1994 წ. ბერგამო (იტალია)
პოზიცია: ცენტრალური მცველი, მარჯვენა მცველი
სიმაღლე: 187 სმ.
კარიერა: 2013-2017 ატალანტა; 2014-15 ტრაპანი (იჯარა); 2015-16 ჩეზენა (იჯარა); 2017 - იუვენტუსი (ითამაშებს ახალი სეზონიდან).
იტალიის ახალგაზრდული ნაკრები: 9 თამაში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული