პაოლო მალდინი: თუ დავბრუნდები, მხოლოდ "მილანში"

AutoSharing Option
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 3 მარტს "მილანს" ახალი მფლობელი ეყოლება. დიახ, სწორედ ამ დღეს, სილვიო ბერლუსკონის კომპანია "ფინინვესტი" ჩინურ კონსორციუმს, "სინო ეუროპას" კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტს გადაუფორმებს.

ლომბარდიული გრანდის მომავალ მესვეურებს კლუბის სპორტული დირექტორის პოსტზე პაოლო მალდინის ხილვა სურდათ, თუმცა მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა და გუნდის ლეგენდარულმა კაპიტანმა პოსტის დაკავებაზე უარი განაცხადა.

შედეგად, ეს პოსტი მარკო ფასონეს შესთავაზეს, რომელიც საქმეს უახლოეს დღეებში უკვე ოფიციალურად შეუდგება. მალდინიმ ამ თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"ისტორიულ მოვლენამდე ერთი კვირა რჩება, რადგან
"მილანში" სილვიო ბერლუსკონის ეპოქა სრულდება. დონ სილვიოს სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა "მილანის" და მთლიანად, იტალიური ფეხბურთის ისტორიაში. მინდა ჩინურ კომპანიას წარმატება ვუსურვო, რადგან მათი კარგი მუშაობა ჩემი მშობლიური გუნდის წარმატებას ნიშნავს.

ხომ არ ვნანობ, რომ კლუბის სპორტული დირექტორის პოსტზე უარი ვთქვი? - არ ვნანობ და პირიქით, ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ. ამ ეტაპზე, ძალიან მომწონს ჩემი ცხოვრების რიტმი და სტილი, რისი შეცვლაც არ მსურს. დავბრუნდები თუ არა ოდესმე ფეხბურთში? - შესაძლოა, დავბრუნდე და ასეთ შემთხვევაში, ჩემს გამოცდილებას აუცილებლად "მილანს" მოვახმარ, რადგან სხვაგან ჩემი თავი უბრალოდ ვერ წარმომიდგენია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული