"მილანი": 130 მილიონი ტრანსფერებისთვის

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ 3 მარტს "მილანი" ოფიციალურად გადავა ჩინური კონსორციუმის, "სინო ეუროპას" ხელში. შესაბამისად, შეიცვლება კლუბის მენეჯმენტიც და გუნდის ისტორიაში სრულიად ახალი ერა დაიწყება.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "მილანის" მომავალმა მესვეურებმა უკვე გაწერეს კონკრეტული გეგმები და მათ შორის, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბიუჯეტი. თუ ავტორიტეტულ გამოცემას ვენდობით, ჩინელები ზაფხულის ტრანსფერებისთვის საერთო ჯამში 130 მილიონ ევროს დახარჯავენ. პლუს, რამდენიმე ფეხბურთელი ტრანსფერზე დადგება და მათ სანაცვლოდ აღებული თანხაც ასევე სატრანსფერო ბაზარზე დაიხარჯება. ითქვა ისიც, რომ სავარაუდოდ, "მილანი"
ტრანსფერზე დააყენებს კოლუმბიელ ფორვარდ კარლოს ბაკას და მის სანაცვლოდ, 20 მილიონ ევროს მოითხოვს. წავლენ სხვებიც...

აქვე ვთქვათ, რომ 3 მარტამდე ჩინურმა კონსორციუმმა სილვიო ბერლუსკონის კომპანიას, "ფინინვესტს" კიდევ 320 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს, რის შემდეგაც კლუბის საკონტროლო პაკეტის გადაბარების პროცედურა საბოლოოდ დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ეს პროცედურა უსაშველოდ გაიწელა დროში, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა ყველაფერი მართლა დასრულდება. დიდი "წვლილი" სილვიო ბერლუსკონისაც მიუძღვის, რომ საქმე აქამდე გაჯანჯლდა. ბერლუსკონის აშკარად არ ეთმობა კლუბი, მაგრამ ვერც უმაღლეს დონეზე მისი მოვლის თავი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უკვე მერამდენეს ვკითხულობს ასეთ სტატიას რომ მილანი ამან იყიდა თუ იმანო და მალე იმ კომპანიის ხელში გადავაო მარა დღემდე არავის ხელსი არ გადასულა. ამიტომ ასეტი რარაცაების უკვე აღარ მჯერა, ესეც მორიგი რაღაც მოგონილი ზღაპარი იქნება ან არშემდგარი გეგმა!
ირაკლი
09:06 24-02-2017
0

სიახლეები პოპულარული