"ტორინო": რა ბედი ელის სინიშა მიხაილოვიჩს?

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონის წინ "ტორინოზე" დიდი ავანსები გაიცა და გუნდმა ჩემპიონატი კარგადაც დაიწყო, თუმცა შემდეგ ტურინელები არასტაბილურად ათამაშდნენ, ქულებიც უხვად დაკარგეს და სატურნირო ცხრილის შუაგულში გაიჭედნენ.

ბოლო პერიოდში, სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ სინიშა მიხაილოვიჩის ბედი გადაწყვეტილია, ის პირველ და უკანასკნელ სეზონს ატარებს "ტოროს" მთავარი მწვრთნელის რანგში, კლუბის მესვეურები კი გუნდისთვის ახალ მწვრთნელს ეძებენ. ამ თემაზე "ტორინოს" პრეზიდენტმა ურბანო კაირომ ისაუბრა, მისმა კომენტარმა კი ჭორები კიდევ უფრო გაამძაფრა:

"ჩვენი მიზანი ევროსაგზურის მოპოვება იყო და შესაბამისად, დღევანდელი ვითარებით უკმაყოფილო ვარ. ვფიქრობ, რომ
გუნდს აქვს გაცილებით მეტი რესურსი, რაც ჯერჯერობით, გამოუყენებელია. სინიშა მიხაილოვიჩი კარგი მწვრთნელია, ბევრს მუშაობს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. ბუნებრივია, რომ მწვრთნელი შედეგებით ფასდება".

მწვრთნელი შედეგებით ფასდება, "ტორინოს" შედეგებით კი კლუბის პრეზიდენტი უკმაყოფილოა - შესაბამისად, დიდია შანსი, რომ მომდევნო სეზონიდან ტურინულ გუნდს ახალი დამრიგებელი ჰყავდეს. თავად მიხაილოვიჩი ოპტიმისტურადაა განწყობილი და თვლის, რომ მისი გუნდი პროგრესირებს:

"მართალია, ლიდერებს ჩამოვრჩით, მაგრამ გუნდის თამაშის წარუმატებლად შეფასება არასწორი მგონია. გამოიკვეთა ახალგაზრდა ფეხბურთელთა ის ბირთვი, რომელზეც დიდი გუნდის აშენება შეიძლება. ვფიქრობ, "ტორინო" პროგრესირებს და ეს გუნდი აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას. პირადად მე, მჯერა ამ პროექტის და ამიტომაც ვთქვი რამდენიმე მაცდურ წინადადებაზე უარი.

იმედია, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან და გულშემატკივარს გავახარებთ. იქნება თუ არა ბელოტი მომდევნო სეზონშიც "ტორინოს" ფეხბურთელი? - ამ თემაზე ლაპარაკი ჩემს კომპეტენციას სცილდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული