ტორინო-მილანი. გამოხმაურება: მონტელას ცუდად ენიშნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-20 ტურის ბოლო მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც "ტორინომ" "მილანს" უმასპინძლა. ოლიმპიურ სტადიონზე უაღრესად საინტერესო და დაძაბული მატჩი გაიმართა, რომლშიც გუნდებმა ორ-ორი გოლი გაცვალეს და ქულები გაიყვეს.

პირველი ტაიმი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა - 2:0. ტურინელებს მესამეს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ჯანლუიჯი დონარუმამ ადემ ლიაიჩს თერთმეტმეტრიანი აუღო. მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში, "მილანმა" ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში გაათანაბრა.

ჯერ ანდრეა ბერტოლაჩი გამოირჩა, შემდეგ კი პენალტი კარლოს ბაკამ გამოიყენა. დარჩენილ ნახევარ საათში გატანა ორივე გუნდს
შეეძლო, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს...

ვინჩენცო მონტელა (მილანი): "საინტერესო მატჩი იყო, რომელიც ლოგიკური შედეგით დასრულდა. შეგვეძლო როგორც მოგვეგო, ისე წაგვეგო. 90 წუთის განმავლობაში ორი და სამი განსხვავებული "მილანი" ვიხილეთ, რაც არ არის კარგი ნიშანი. შეხვედრის სტარტზე მეტოქე აშკარად გვჯობდა და გოლებიც დამსახურებულად გაიტანა.

მეორე ნახევარში მკვეთრად მოვუმატეთ და მინიმუმ ქულას ვიმსახურებდით. იყო ეპიზოდები, როდესაც საშინლად ვმოქმედებდით და ამის ახსნა უბრალოდ მიჭირს. თუ უმაღლესი მიზნების მიღწევა გვსურს, მთელი 90 წუთის განმავლობაში თანაბრად კარგად უნდა ვითამაშოთ. ჩვენ ეს შეგვიძლია, განვლილი მატჩი კი კიდევ ერთი კარგი გაკვეთილია".

სინიშა მიხაილოვიჩი (ტორინო): "ბურთს უფრო ხშირად მეტოქე ფლობდა, მაგრამ უფრო მწვავედ ჩვენ ვუტევდით. მთლიანობაში, შედეგი ლოგიკური და კანონზომიერია. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იყო და შესაბამისად, ეს ფრე უნდა განვიხილოთ, როგორც ორი ქულის დაკარგვა. ლიდერებს ჩამოვრჩით და დღეს ევროზონაში მოხვედრის შანსებზე ლაპარაკი არაა მართებული. მთავარია, თამაშიდან თამაშამდე მოვუმატოთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

"მილანი" "ნაპოლის" დანაკლისით შეხვდება
სერია A-ს მომდევნო ტურში "მილანი" "ნაპოლის" უმასპინძლებს. გუნდები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და შესაბამისად, "სან სიროზე" უმნიშვნელოვანესი მატჩი შედგება. ვინჩენცო მონტელას გუნდი "ნაპოლის" დიდი დანაკლისით დაუხვდება, რადგან გუნდის ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია.

"ტორინოსთან" შეხვედრის ბოლო წუთზე ალესიო რომანიოლიმ წითელი ბარათი მიიღო და შესაბამისად, მომდევნო ტურის პაექრობას გამოტოვებს. რაც შეეხება 19 წლის მანუელ ლოკატელის, მან ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა და ასევე მოუწევს ერთი მატჩის გამოტოვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული