"იუვენტუსის" რებრენდინგი თუ... - ახალმა ლოგომ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

AutoSharing Option
"იუვენტუსის" პრეზიდენტმა ანდრია ანიელიმ ტურინული გრანდის ოფისში ჟურნალისტებს უმასპინძლა და კლუბის ახალი ლოგო წარადგინა. დიახ, "ვეკია სენიორა" მთავარ სიმბოლოს იცვლის, ეს კი უმნიშვნელო მოვლენა ნამდვილად არაა. პრეზენტაციის შემდეგ ანიელიმ საგანგებო კომენტარი გააკეთა:

"ერთი წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ გაგვეგო, თუ რა სჭირდება ბაზარს. კლუბში რებრენდინგის პროცესი მიმდინარეობს, რაც აუცილებელი იყო. დრო მიდის, თანამედროვე ტენდენციებს კი ფეხის აწყობა სჭირდება. "იუვენტუსის" ახალ ლოგოს დახვეწილი დიზაინი აქვს და ის ესთეტური თვალსაზრისით, სრულად შეესაბამება "იუვენტუსის" სტილს და ამ გუნდის დნმ-ს. ეს ლოგო ასახავს იმ ახალ
"იუვენტუსს", რომელიც სწორად ვითარდება და რომელსაც აუცილებლად ექნება წარმატებები".

"იუვენტუსის" ახალი ლოგოს პრეზენტაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა - გულშემატკივართა დიდ და უფრო კონსერვატულად განწყობილ ნაწილს არ მოეწონა ლოგოს ცვლილება, თუმცა ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც ახალი დიზაინი მოიწონა. ამ თემაზე კომენტარი "იუვეს" კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმაც გააკეთა:

"ლოგოები, რომლებიც "იუვენტუსს" აქამდე ჰქონდა, გუნდის ისტორიის ნაწილია, ახალი ლოგო კი პირადად მე ძალიან მომეწონა. ფერები: შავი და თეთრი ჩვენი ცხოვრების ნაწილია, დიზაინი კი - დახვეწილი და გემოვნებიანი. იმედი მაქვს, ამ ლოგოსთან ერთად, "იუვენტუსი" დიდ წარმატებებს მიაღწევს".

- შარჟები ტურინის "იუვენტუსის" ახალ ლოგოტიპზე [PHOTO]

იგუაინის რჩევა მესის
ამასობაში, "იუვენტუსის" თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა ლიონელ მესის მიმართა და მას ტურინულ გრანდში გადაბარგება ურჩია:

"სად უფრო რთულია გოლების გატანა, ესპანეთში თუ იტალიაში? - ვფიქრობ, რომ იტალიაში გაცილებით უფრო რთულია. "რეალში" ხშირად თადარიგში მიწევდა ჯდომა, თუმცა გოლები მაინც ბლომად გამქონდა, "ნაპოლიში" კი გუნდის მთავარი ფორვარდი ვიყავი და უფრო მეტად ვირწმუნე საკუთარი თავის. საერთოდ, იტალიაში, როგორც ფეხბურთელი, ძალიან გავიზარდე. გაიტანდნენ თუ არა ამდენივე გოლს ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო იტალიაში? - სიმართლე გითხრათ, ძალიან მეეჭვება.

იტალიაში გოლის გატანის მეტი შანსი გაქვს, თუ ცენტრფორვარდი ხარ და შეტევებს აგვირგვინებ. თუ სიღრმიდან თამაშობ და დრიბლინგით ცდილობ მიზნის მიღწევას, იტალიაში ეს გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ესპანეთში. საინტერესო იქნებოდა, თუ როგორ ითამაშებდნენ სერია A-ში რონალდო და მესი. სიამოვნებით მივმართავ ლიონელს და ვურჩევ, რომ კარიერა "იუვენტუსში" გააგრძელოს, სადაც მას ხელგაშლილები დავხვდებით.

რითი ჰგვანან ერთმანეთს "რეალი" და "იუვენტუსი"? - ორივე გუნდი თავისი ქვეყნის ფლაგმანია და ყოველთვის უმაღლეს მიზნებს ისახავს. როდესაც "იუვენტუსის" მაისური გაცვია, ვალდებული ხარ, რომ გაიმარჯვო. ზუსტად ასეა "რეალში" და ესაა ამ ორ გუნდს შორის მსგავსება".

დიბალა: მხოლოდ "იუვე"!
ბოლო პერიოდში უამრავი ცნობა ვრცელდება პაულო დიბალას "იუვენტუსიდან" შესაძლო აბარგების შესახებ. "გაძეტა დელო სპორტი" ამტკიცებს, რომ ზაფხულში მადრიდის "რეალი" 22 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ, "იუვენტუსს" 200 მილიონ ევროს შესთავაზებს. დიბალას მიმართ ინტერესს იჩენენ ინგლისური გრანდებიც, კერძოდ: "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი". თავად ფეხბურთელს არსად წასვლა არ სურს და დიდი იმედი აქვს, რომ კიდევ არაერთი წელი ითამაშებს "იუვენტუსის" მაისურით:

"პრესაში ხშირად ვრცელდება ცნობები ჩემი შესაძლო წასვლის შესახებ, მაგრამ ეს ყველაფერი ჭორია და მეტი არაფერი. ტურინულ კლუბთან ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულება მაკავშირებს, რომლის დარღვევასაც არ ვაპირებ. "იუვენტუსში" ბედნიერი ვარ, აქ ყველაფერი მომწონს და შესაბამისად, არაფრის შეცვლა არ მსურს. ჩემი მომავალი მხოლოდ "იუვენტუსში" წარმომიდგენია და იმედია, ეს ასეც იქნება.

ჩემი დიდი სურვილია, რომ "ვეკია სენიორასთან" ერთად ბევრი ტიტული მოვიგო, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული