მასიმილიანო ალეგრი: ინგლისურს ვსწავლობ, მაგრამ ტურინში ვრჩები

AutoSharing Option
ამბობენ, მასიმილიანო ალეგრი ბოლო სეზონს ატარებს "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის რანგში და მომდევნო სეზონიდან ის ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს მუშაობასო.

სახელდება კონკრეტული ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ალეგრი ლონდონის "არსენალს" ჩაიბარებს. ამასობაში, "იუვე" განაგრძობს ტრიუმფალურ სვლას იტალიის ჩემპიონატში - "ვეკია სენიორამ" ზედიზედ 26 საშინაო მატჩი მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

ტურინელთა თავკაცმა იტალიურ მედიასთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

ბრძოლა გრძელდება
ჩვენი მიზანი სკუდეტოს მოპოვებაა და ამ გზაზე, თითოეულ შეხვედრაში სამი ქულისთვის ბრძოლა გვმართებს. "იუვენტუსი" გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე გუნდია და ჩვენ არასდროს მოგვბეზრდება ტიტულების, მათ შორის, სკუდეტოს მოგება.
"რომა" შესანიშნავად ათამაშდა და ბოლო დროს "ნაპოლიმაც" მკვეთრად მოუმატა. შესაბამისად, ფხიზლად გვმართებს ყოფნა.

თუ ჩავთვლით, რომ სერია A-ში დიდი ფორა გვაქვს და საქმე მოთავებულია, აუცილებლად დავისჯებით. 18 ტურში 3 მარცხი ვიწვნიეთ, რაც არაა ცოტა და ეს იმაზე მიუთითებს, რომ სამუშაო ბევრი გვაქვს.

იტალიის სუპერთასი და კონფლიქტი მაროტასთან
მიმდინარე სეზონში, "მილანთან" ორი მატჩი გავმართეთ და ორივეში ძალიან გაგვიჭირდა. ვინჩენცო მონტელა შესანიშნავად მუშაობს და ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავს. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ წელი ტიტულით დაგვესრულებინა, მაგრამ ხელი მოგვეცარა. ისღა დამრჩენია, რომ მეტოქეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მივულოცო.

რაც შეეხება ჯუზეპე მაროტასთან შელაპარაკებას, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ერთ-ერთ საკითხზე, რომლის დაკონკრეტებასაც არ ვაპირებ, განსხვავებული მოსაზრებები გვქონდა და ჩვენი პოზიციები ემოციურად გამოვხატეთ - ეს იყო და ეს. მაროტას ყოველდღე ვხვდები ბაზაზე და ხშირად ვლაპარაკობთ, ხანდახან კი ვკამათობთ. თუმცა, სახალხოდ, ჟურნალისტთა თანდასწრებით მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გვმართებდა.

როტაცია
თითქმის ყველა პოზიციაზე ორი თანაბრად ძლიერი ფეხბურთელი გვყავს, ასეთ დროს კი როტაცია სრულიად ბუნებრივია და აუცილებელიც. ბოლო მატჩებში დიდი დრო მიეცა დანიელე რუგანის და დავინახეთ, რომ მას ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავეყრდნოთ.

შეტევაში საკადრო პრობლემები გვქონდა, თუმცა დაშავებულები გამოჯანმრთელდნენ და შესაბამისად, იქაც მიწევს მუდმივად არჩევანის გაკეთება. როტაცია ეხება ტაქტიკასაც - ბოლო დროს, უფრო ხშირად ვიყენებ 4-3-1-2 სქემას და ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. მირალემ პიანიჩი გამთამაშებლად? - დიახ, პიანიჩს ყველა ის თვისება აქვს, რაც დირიჟორს სჭირდება და შესაბამისად, სწორედ მას ვათამაშებ ფორვარდთა უკან.

"იუვენტუსი" თუ ინგლისი?
ვსწავლობ თუ არა ინგლისურ ენას? - დიახ, ვსწავლობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ალბიონზე ვაპირებ გადაბარგებას. ინგლისურს უკვე წლებია, ვსწავლობ, თუმცა რატომღაც, ადრე ამით არავინ ინტერესდებოდა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემს გვარს ინგლისური ფეხბურთის გრანდებს უკავშირებენ, მაგრამ, მერწმუნეთ, ტურინში ბედნიერი ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ.

"იუვენტუსში" ყველაფერი მომწონს და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიფიქრებ სხვა გუნდზე, თუ გამაგდებენ. "არსენალი"? - ბრწყინვალე გუნდია, შესანიშნავი გულშემატკივრებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ტურინში თავს ბედნიერად ვგრძნობ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული